ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები ახალ წელს პრობლემებით ხვდებიან


დევნილები ახალ წელს პრობლემებით ხვდებიან

„მიმდინარე წლის ბოლო პერიოდში რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, როგორც პრობლემური და ერთი შეხედვით, ლოგიკური: ხელისუფლების ადეკვატური რეაგირების გარეშე დარჩენილი დევნილთა იძულებითი გამოსახლების პრობლემები ივნისიდან დღემდე კი არ დაკონსერვდა, ან გაუქმდა, არამედ, მეტად გამწვავდა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე. ამან დევნილების საკუთარ მოთხოვნათა პოზიციებში უკიდურესი ჩაკეტვა და აგრესია გამოიწვია. შედეგად, დევნილების მოთხოვნები თითქოს უფრო მეტად შეუსრულებელი, ხოლო საპროტესტო მუხტი და ქმედებები შესაბამისად უფრო და უფრო მეტად რადიკალური გახდა,“– ეს გახლავთ ამონარიდი ადამიანის უფლებათა პრიორიტეტისა და კავკასიის ქალთა ქსელის მიერ გამოქვეყნებული წლის შემაჯამებელი ანგარიშიდან, რომელშიც საუბარია დევნილთა პრობლემების გადაუჭრელობისა და დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ.

იმის გამო, რომ დევნილთა საპროტესტო გამოსვლები სტიქიურად დაიწყო და თანდათან ორგანიზებული სახე მიიღო, რასაც თან ახლდა ხელისუფლების მხრიდან მათი პრობლემების სისტემატური იგნორირება და ღირსების შემლახავი დამოკიდებულება, ლია მუხაშავრიას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელს აფიქრებინებს, რომ ეს მდგომარეობა დესტაბილიზაციის საფრთხეს დაუდებს საფუძველს. „ხელისუფფლება დევნილების პრობლემებს მუდმივად იგნორირებას უკეთებს, არ იმჩნევს და თვალს ხუჭავს ისეთ შემთხვევებზეც კი, როდესაც ერთ–ერთმა დევნილმა ქალბატონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სწორედ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე,“– ამბობს ლია მუხაშავრია. მისი აზრით, საჭიროა შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი, რომელიც დევნილების პრობლემების მოგვარების სამოქმედო გეგმას შეადგენს.

დევნილებმა საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედონ, ასე ფიქრობს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ დევნილები მათ მიერ შექმნილ მოძრაობას კარგად ჩამოყალიბებული და ორგანიზებული პოლიტიკური პარტიის სახეს მისცემენ. „თუ სტიქიურად გამოვლენ კვლავ და ქუჩის საპროტესტო აქციების ფორმას მიმართავენ, ხელისუფლება მათი უფლებების იგნორირებას ისევე მოახდენს, როგორც აქამდე, სხვა საქმეა, თუ ისინი პოლიტიკურ პლატფორმას შექმნიან და დაიწყებენ ბრძოლას პარლამენტში მოსახვედრად,“– ამბობს ექსპერტი.

დევნილების პრობლემების პარალელურად, ხვალ ახალი წელი მოდის და ქუჩები ძვირადღირებული განათებებით ფერადდება.

XS
SM
MD
LG