ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის ახალი გუბერნატორი: შტატში 12 000-ით მეტი გარდაცვლილია, ვიდრე ამბობდნენ


ქეთი ჰოქული, ნიუ-იორკის შტატის ახალდანიშნული გუბერნატორი ამბობს, რომ შტატში კოვიდ-19-ით 12 ათასით უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ამის შესახებ აქამდე მისი წინამორბედი აცხადებდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორის ოფისის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით 55 395 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ენდრიუ კუომოს გუბერნატორობის ბოლო დღემდე საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია 43 415-ს არ აღემატებოდა.


ორივე მონაცემი ახლა საჯაროდაა გამოქვეყნებული. განცხადებაში ახსნილია, რომ უფრო დიდი რაოდენობა იმ ადამიანებსაც მოიცავს, ვინც ნებისმიერ სხვა ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის საავადმყოფოებში, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში, მოხუცებულთა სახლებში და სხვაგან.

"ჩვენ ახლა ვაქვეყნებთ მეტ ინფორმაციას, ვიდრე აქამდე იყო გამოქვეყნებული საჯაროდ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ზრუნვის დაწესებულებებში და საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდნეობა შეესაბამება იმ მონაცემებს, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს", - განმარტა ჰოქულმა ამერიკულ არხთან "ემ-ეს-ენ-ბი-სი" (MSNBC) სატელევიზიო ინტერვიუში.

ახალმა გუბერნატორმა შტატის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა. ჰოქულმა ფიცი სამშაბათს დადო, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, ენდრიუ კუომო თანამშრომელი ქალების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო გადადგა. კუომო თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG