ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი დიზაინერი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე


უტა ბექაიას კოლექცია ნიუ იორკში, 14 სექტემბერი, 2013.
უტა ბექაიას კოლექცია ნიუ იორკში, 14 სექტემბერი, 2013.

უტა ბექაიამ თავისი სატირული ჩვენებით პროტესტი გამოხატა გლობალური მოდის მიმართ

ნიუ იორკის მოდის კვირეული მეგაპოლისის ცხოვრებაში ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ევროპელი და ამერიკელი დიზაინერების მიერ ახალი, 2014 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიუ იორკის მოდის კვირეული ფარგლებში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავანგარდული მოდის დიზაინერმა უტა ბექაიამ ჩვენება ნიუ იორკის კოლორიტულ უბანში უილიამსბურგში მოაწყო. ქართველი დიზაინერის ჩვენება უფრო წარმოდგენა იყო, თავის იდეით , კონცეფციით და პროტესტით თანამედროვე მოდის ინდუსტრიის მიმართ. ნიუ იორკიდან ჩვენი კორესპონდენტი თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ქართველი დიზაინერის უტა ბექაიას სახელს უილიამსბურგის „აიდიალ გლასის“ გალერეაში გამართულ წარმოდგენაზე დიდ ხანს აღტაცებით ყვიროდნენ. დიზაინერი ამერიკის მოდის სამყაროში საკმაოდ ცნობილია. მან კოსტიუმები ნახმარი, ნაგვის ურნაში ჩასაგდებად გამზადებული ნივთებისგან და სამოსისგან შექმნა. ბენდის „აიდეალ ორკესტრას“ წვერები თაგვების, ვირთხების, დათვების გამოსახულებიანი კოსტიუმებით შემოსა. დიზაინერის სატირული ჩანაფიქრი მოდის გლობალური ინდუსტრიის მიმართ მათ პერფომანსით განახორციელეს - სიმღერით „სვეტშაპ ბუგი“ რომელიც ქართულად ნიშნავს სახელოსნოს, სადაც მოდის კანონმდებლები ძვირადღირებულ პროდუქციას დაბალანაზღაურებადი მუშა-ხელის ხარჯზე ქმნიან.

უტა ბექაია: იდეა, კონცეფცია არის, ტანსაცმელი და "სვეტშაპ", ადგილი სადაც ამზადებენ ტანსაცმელს, ანუ სახელოსნო, სამკერვალო. ხომ იცით, დიზაინერები რამდენ ფულს უხდიან ბავშვებს ნიკარაგუაში, ჩინეთში - ეს არის კაპიკები, რომ ჩვენ აქ ჩავიცვათ. სწორედ ეს იყო ამ ჩვენების მთავარი თემა.

უტა ბექაიას პროტესტი უილიამსბურგის კოლორიტული უბნისთვის უცხო არ ყოფილა. ეს მისი რიგით მესამე პერფომანსი იყო. თბილისში სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ის პირველად თავის კოლექციით 90-იან წლებში თბილისში გამართულ ავანგარდული მოდის ასაბლეაზე გამოვიდა. 1998 წელს ამერიკაში ჩამოვიდა და „უტა-ლევან“ კომპანია ჩამოაყალიბა. ორიგინალურ კოსტიუმებს ძირითადად თეატრისთვის და კინოსთვის ქმნის. თანამშრომლობდა „ დონ ჟუანის შოუს“, ჯეიმს ჯოისის „ფინეგანის სამძიმრის“ სპექტაკლის კოსტიუმებზე, ნამუშევარი აქვს რეჟისორ ჯიმ მილტონთან, რომელიც ბროდვეიზე მოღვაწეობს. ამ მოკლედ დროში მას უკვე შექმნილი აქვს 150-ზე მეტი პროექტი. არაერთი გამოფენა მოაწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ბრაზილიაში, ესპანეთში, ინგლისში. მონაწილეობდა თბილისის მოდის კვირეულშიც. უტა ბექაიას მიზანია, რომ მოდა ხელოვნების მთავარი მიმართულება გახდეს.

უტა ბექაია: ჩემი მიზანი არის, დღევანდელი აღქმა მოდის რომ ეს არის სამომხმარებლო ბიზნესი, რომელიც აკეთებს ფულს იმაზე, რომ ვიღაცა დიზაინერის მიერ შექმნილ ტანსაცმელს იცვამს, აღქმული იქნას როგორც ხელოვნება. როგორც ვთქვათ ნახატები იყიდება , ასე იყიდებოდეს მოდა და როგორც იქმნება გალერეაში ისე იქმნებოდეს.

უტა ბექაიას ჩვენებას იმ დიზაინერების მხრიდანაც მაღალი შეფასებები ჰქონდა, რომლებიც ამ ჩვენებაზე გამოვიდნენ. პერფომანს ამერიკაში მცხოვრები მისი ქართველი მეგობრებიც დაესწრნენ.

თენგო ილიაევი: ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო , ძალიან მოგვეწონა და „გუდ ლაქ“ მართლაც , ყველაფერს საუკეთესოს, წინსვლას და წარმატებას ვუსურვებ.

ქართველი ემიგრანტების ნაწილისთვის ნიუ იორკის მოდის ყოველწლიური კვირეული მნიშვნელოვანი მოვლენაა. მძიმე სამუშაო განრიგის მიუხედავად ისინი მაინც ახერხებენ, რომ მეგაპოლისის ცხოვრებას არ ჩამორჩნენ.

თეო შარაშიძე: ძალიან კარგი კვირა იყო, სავსე ახალი ემოციებით, ახალი ლამაზი კოლექციებით, მადლობელი ვარ ყველა იმ დიზაინერის და ადამიანის, ვინც ეს ყველაფერი შექმნა, იმიტომ რომ ნიუ იორკი ამ კვირაში ცოცხლობს და ეს ის კვირაა, როდესაც ნიუ იორკში შეგიძლია ნახო ბევრი ლამაზი ადამიანი, და ისიამოვნო ამით.

ნიუ იორკის შემდეგ მოდის კვირეული უკვე ევროპის დიდ ქალაქებში გაიმართება. დიზაინერი უტა ბექაია თავის პერფომანსით მომავალ კვირას ბერლინის გაოცებას აპირებს.
XS
SM
MD
LG