ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელნაკეთი საშობაო საჩუქრები


ხელნაკეთი საშობაო საჩუქრები

რიჩარდ დუარტემ სახლში ძველი კუნძებისგან ულამაზესი საშობაო თაიგულების კეთება დაიწყო. ცალი მხრიდან სწორად თლის. ისე, რომ ბრტყელ ზედაპირზე კუნძი მყარად დადგეს. შემდეგ კი ყვავილის ქოთანივით შიგნით ფუღუროს უკეთებს, მიწას ყრის და მცირე ზომის მცენარეებს რგავს. საშობაოდ პატარა ნაძვებს, გირჩებს და საახალწლო ორნამენტებსაც აწყობს. შინ იქნება თუ გარეთ, ორიგინალური ნატურალური ეკებანა ნებისმიერი სტილის დიზაინს ამშვენებს.

მათზე მუშაობაში 10-12 საათი შემიძლია ჩემს პატარა სახელოსნოში გავატარო“ - ამბობს რიჩარდი.

კორინ ლეიმ თავიდან საკუთარი ნივთებით დაიწყო და შემდეგ სხვის საჩუქრებზე გადავიდა:

ძველი ნაქსოვი ხელსახოცები ავიღე, შევღებე და ჩემს ერთ ძალიან ძველ ფეხსაცმელს შემოვაკარი. ძალიან ლამაზი და ორიგინალური, მელნისფერი ფეხსაცმელი გამოვიდა. ყველას მოსწონს. საკუთარ ქორწილშიც სადედოფლო კაბა ჩემით შევიკერე. ფეხსაცმელი უფრო იოლად გამომივიდა, კაბაზე კი დიდი დრო და ენერგია დავხარჯე“ - ყვება კორინი.

კორინს დღეს საკუთარი ბიზნესი აქვს და მსურველებს ხელნაკეთ ნივთებს და იდეებს ვებ-გვერდიდან „თრედბენგერი“ (Treadbanger.com) სთავაზობს.

დიზაინერი მარკ მონტანო დეკორატიულ ყუთებს დახვეული ძველი გაზეთის ფურცლებით აკეთებს. ასევე ამზადებს ულამაზეს სამაჯურებს მეტალის თასებით და ორიგინალური ღილებით. ზოგიერთი სამაჯური გამდნარი პლასტმასის ბოთლების წვეთებით არის მორთული. საფულეები მაგიდის გადასაფარებლისგან შეკერა, საშობაო ლარნაკები კი მაკარონის ქილებით გააკეთა.

„ეს ყოველივე თითქმის უფასოა, ნარჩენებით კეთდება. სახლში მაკარონის ქილა ხომ ყველას აქვს“, ამბობს მარკი.

შემდეგ ის საშობაო დეკორაციებს გვაჩვენებს, რომლებიც დაჭრილი წყალსადენი მილებით დაამზადა. რას არ ნახავთ მის კოლექციაში, საქსოვი ჩხირებით, ქინძისთავებით, სათითურებით, თუ კონსერვებით დამზადებული ხელნაკეთი ნივთების იდეებს დიზაინერმა თავი ერთ წიგნში მოუყარა.

მარკ მონტანოს მიაჩნია, რომ შემოქმედი ადამიანი შთაგონებას ყოველ კუთხე-კუნჭულში შეიძლება გადააწყდეს. ბევრი რამ მან აფრიკაში მოგზაურობისას ისწავლა.

გასაოცარი ნივთები ვნახე, რომელსაც ხალხი ძველი პურის ყუთებისგან და კონსერვებისგან ამზადებდა. ულამაზესი ნაკეთობები, ქანდაკებები, სამკაულები. მათი შემოქმედება ჩემთვის არაჩვეულებრივი შთაგონების წყარო იყო“ , ყვება დიზაინერი.

მოკლედ, თუ დრო, ფანტაზია და მონდომება ხელს გიწყობთ, საშობაოდ მაღაზიებს და ზედმეტ ხარჯს შეგიძლიათ თავი აარიდოთ. საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქარი ხომ ბევრად უფრო ორიგინალურია, სამახსოვროცაა და მეტადაც ფასობს.

XS
SM
MD
LG