ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორდერიზაციის ახალი ტალღა ქარელის მიმართულებით


ღოღეთი, რუსი მესაზღვრეების მიერ "მონიშნული" ტერიტორია
ღოღეთი, რუსი მესაზღვრეების მიერ "მონიშნული" ტერიტორია

ბორდერიზაცია ახლა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს. ტახტისძირი, ღოღეთი, ვერ ვიტყვით, რომ რუსი მესაზღვრეებისთვის ახალი მიმართულებებია, თუმცა ამ სოფლებთან ხნულები და მონიშვნები 20 აპრილს გაკეთდა და უფრო მეტი ტერიტორია მოიცვა, ვიდრე ეს ამ დრომდე იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი 25 აპრილს ღოღეთის მიმდებარედ იმ ადგილს მიუახლოვდა, რომლის მიმდებარედ ახალი ნიშნულები გააკეთეს რუსმა მესაზღვრეებმა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალს ვერაფერს ხედავს და არც ძელები არ დაუმონტაჟებიათ ოკუპანტებს.

ახლადგაყვანილი ხნულები და ყვითელი საღებავით მონიშნული ძელები, ასევე ეგრეთ წოდებული სექტორალური აღნიშვნები ადგილზე ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს და კამერებით ასახეს. ხნულები და ნიშნულები უფრო ღრმადაა შემოჭრილი იმ ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ქართული მხარის მიერ იყო კონტროლირებული. დრონიდან გადაღებული ვიდეო-კადრები კარგად ასახავს მანძილს, ეგრეთ წოდებული, მწვანე ბანერებიდან ხნულებამდე და ახალ ნიშნულებამდე.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების სამსახურმა ტახტისძირთან ბორდერიზაციის სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ცხელი ხაზი გააქტიურეს.

ადგილობრივი მოქალაქეები ტახტისძირსა და ღოღეთში ჟურნალისტებთან აქტიურობას ერიდებიან. ღოღეთის მეზობელი სოფლის, ფცას მკვირდრი ემზარ ოსაძე კი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ ტერიტორია იღობება და მიწის უფრო და უფრო მეტი ნაწილი იკარგება, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ხალხს იმედი არ აქვს. ხმა რომ ამოიღოს, ამით რა გამოვა? ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ. რამე რომ თქვან, რუსებმა რომ გაუგონ, ამათ ხელში ვართ, მოვლენ ჩუმად და სახლს დაგვიწვავენ, შურს იძიებენ. მერე სად წავიდეთ?“ - გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები და ვინაობას არ გვიმხელს.

რუსი მესაზღვრეების სამალავი ღოღეთში
რუსი მესაზღვრეების სამალავი ღოღეთში

ქარელის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ბორდერიზაციის პროცესი პერმანენტულად გრძელდება. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა.

„სექტემბრის ბოლოდან, ღობეების აღმართვის პროცესის ინტენსიურობის შესუსტების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოცემული პროცესი კვლავ განახლდა. ეს ღონისძიებები ტრაფარეტების დამონტაჟების ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც მოსახლეობას აფრთხილებენ არ გადაკვეთონ ტერიტორია“,- ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზში, რომელიც 2013 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები და ლითონის ცხაურები ადგილობრივების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე უშუალოდ გადიოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებაში შემოჭრის განსაკუთრებულად ცხადი მტკიცებულება ღოღეთის მკვირდის, კაკო შათირიშვილის შემთხვევა გახლდათ. მან შემოდგომას საკუთარ ბაღში ნიორი დარგო. გაზაფხულზე კი აღმოჩნდა, რომ მისი მიწის ნაკვეთის შუაში რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული მწვანე ღობე გადიოდა, ახლადამოსული ნიორი კი ამ ღობის ორივე მხარეს ბიბინებდა. ამის თაობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საკუთარ ანგარიშშიც ჩაწერა.

ბორდერიზაცია ტახტისძირში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

„მისიის სადამკვირვებლო ჯგუფი გაიგზავნა დირბი-ღოღეთის მიდამოებში, სადაც პატრულირების შედეგად დაფიქსირდა წითელი ბოძების აღმართვის ფაქტი დაახლოებით 160 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე. აქედან 35 მეტრის მონაკვეთზე მავთულხლართებია გაბმული. ღობეების აღმართვის პროცესის განახლებასთან ერთად, მისია აღნიშნავს, რომ მოცემულ მიდამოში, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს ტრაფარეტების დამონტაჟების პროცესი, სადაც ზოგი ტრაფარეტი დამუშავებული მიწის ნაკვეთის შუაშია მოქცეული,“- აცხადებდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ამერიკის ხმის" რესპონდენტი ამბობს, რომ მხოლოდ ღოღეთში, რომელიც პატარა სოფელია, დაახლოებით 120 მცხოვრებით, ათი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი მცოცავ ოკუპაციას შეეწირა. ამის თაობაზე ადგილობრივებს სტრასბურგში არ უჩივლიათ. „თქვენ მოდიხართ, სხვები მოდიან, ეკითხებიან ხალხს, აბა რა პრობლემა გაქვთ და პასუხობენ, არაფერიო. ეს ხომ ხელისუფლებასაც ესმის. ჟურნალისტები რომ მიხვალთ ხელისუფლებასთან, ისინი ხელს ჩვენსკენ გამოიშვერენ და იტყვიან, თვითონ არაფერს ამბობენო. ხალხი შეშინებულია, რა ქნას?“ - გვეუბნება კნოლევის მკვიდრი ქარელის მუნიციპალიტეტიდან.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო. რუსული ბანერი ღოღეთის მკვიდრის კერძო საკუთრებაში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტო. რუსული ბანერი ღოღეთის მკვიდრის კერძო საკუთრებაში

ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები ამერიკის ხმასთან ამბობენ, რომ მათ სურთ და მზად არიან ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებულ ხნულებს ემოჯნება, დაამუშაონ. „ჩვენ მზად ვართ მოვიდეთ, ეს ადგილები, სადაც ახლა ვდგავართ, მოვხნათ და დავთესოთ, მოსავლის მოყვანაშიც დავეხმაროთ ადგილობრივებს. ვფიქრობთ, რომ როდესაც აქ ადამიანების სიმრავლეს დაინახავენ და იგრძნობენ, რომ ამ ტერიტორიის დათმობას არავინ აპირებს, ასე თავხედურად გადაადგილებას მოერიდებიან ოკუპანტები, თუმცა ამ სურვილის განხორციელება გვიჭირს. ეს ნაკვეთი ხომ ეკუთვნის ვიღაცას? ის მესაკუთრე უნდა იყოს თანახმა, რომ ჩვენ დავეხმაროთ მიწის დამუშავებაში,“- გვეუბნება დავით ქაცარავა ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი.

ახალი ნიშნულები ქარელის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით, ორი კილომეტრის მანძილზე მიუყვება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს გუგუტიანთკარისა და ატოცის მაგალითზე, რუსი მესაზღვრეები ჯერ სოლებისა და ბოძების დამონტაჟებით იწყებენ ახალ შეღობვით სამუშაოებს, შემდგომ კი მათ შორის მავთულხლართს ან ღობეს ავლებენ.

რუსი მესაზღვრეები ქარელის მუნიციპალიტეტში გამოჩნდნენ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:16 0:00

XS
SM
MD
LG