ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“კატრინას“ ნაკვალევზე


2005 წლის 29 აგვისტოს ლუიზიანის შტატს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ქარიშხალმა, რომლის სისწრაფეც საათში 233 კილომეტრს აღწევდა, 1 700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მეტად ქალაქი ახალი ორლეანი დაზარალდა. 200 ათასი სახლიდან 120 ათასი დაინგრა. ქალაქის 80 პროცენტი წყალდიდობის გამო დაიტბორა.

მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფის შემდეგ 7 წელი გავიდა, მაგრამ ახალი ორლეანის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მხოლოდ ნანგრევებისგან შედგება. ჯონ ბიგუნეტი, „კატრინას“ შესახებ გამოცემული წიგნის ავტორი ამბობს, რომ მსხვერპლის დიდი რაოდენობა და ქალაქისადმი მიყენებული უზარმაზარი ზარალი არც ქარიშხლის ბრალია და არც წყალდიდობის. მთავარი მიზეზი ჯებირების დანგრევაა, რომელსაც მოჭარბებული წყალი წესით უნდა შეეკავებინა.

„წყალდიდობის სიმაღლის დონის ნიშნულს თუ შეხედავთ, ნახავთ, რომ წყალი ჯებირებზე არ გადმოსულა. ქალაქის დამბებზე მათი სიმაღლე სავსებით საკმარისი იყო წყლის შესაჩერებლად. საქმე იმაშია, რომ ჯებირები ქვემოდან, ფსკერთან ახლოს გაირღვა. ინჟინრების აზრით მათში რკინა არასაკმარისად იყო ჩაყოლებული“ - ამბობს წიგნის ავტორი.

წყალდიდობისგან ახალი ორლეანის შემდგომ დაცვაზე და ქალაქის აღდგენაზე უკვე 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ფოტოგრაფი ფრანკ რელე, რომელმაც „კატრინას“ შემდეგ უამრავი ფოტო გადაიღო და დღემდე აგრძელებს ქალაქის აღდგენის პროცესის აღბეჭდვას, ამბობს, რომ შედეგი არც ისე შთამბეჭდავია.

„ერთის მხრივ ახალი, თანამედროვე ბიბლიოთეკა აშენდა, რაც რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია, რომელიც სახლის აშენებას და გარემონტებას ვერ ახერხებს. ახალ ორლეანში უამრავი ნასახლარია, სადაც მხოლოდ საძირკველია დარჩენილი“ - აღნიშნავს ის.

მილო დეიმგანი ურბანული განვითარების სპეციალისტია. მისთვის ახალ ორლეანში ცხოვრება და ქალაქის აღმშენებლობაზე თვალის დევნება ძალზე ამაღელვებელი პროცესია:

„ახალ ორლეანში ყოფნა ახლა ძალიან საინტერესოა. უამრავი სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, გნებავთ საკანონმდებლო, გნებავთ სამშენებლო თვალსაზრისით. ქალაქი თანდათან ჭრილობებს იშუშებს და საცხოვრებლად მტკიცე და სანდო ხდება. სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ყველაზე საინტერესო პერიოდია“ - ასე ფიქრობს ურბანიზაციის ექსპერტი.

მისი თქმით ქალაქში ახლა სტატისტიკურად სიღარიბეც შემცირდა, თუმცა ეს შეიძლება იმ ფაქტსაც მიეწეროს, რომ ახალი ორლეანის უღარიბესი მოსახლეობა სხვაგან დასახლდა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისთვის სახსრები აღარ გააჩნია. სტატისტიკური მონაცემი ასაკის და რასის მიხედვითაც შეიცვალა. ახალ ორლეანში თეთრკანიანების და ახლგაზრდების რაოდენობამ იმატა.

მწერალი ჯონ ბიგუნეტი ამბობს, რომ ამ ცვლილებებში არსად ჩანს ის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომლის განკურნება და ძველი ჯანმრთელობის აღდგენა ბევრად უფრო რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიცაა.

„კატრინამ თვითეული ჩვენთაგანი შეცვალა, პროფესიის, რასის და ასაკის მიუხედავად. ახალი ორლეანიც იმდენად შეიცვალა, რომ სრულიად უცხო ქალაქში გვიწევს ცხოვრება“ - ამბობს ის.

ერთი რამ რჩება უცვლელი, სიცოცხლის სიყვარული და ახალი ქალაქის აშენების სურვილი, რომლის ბინადრებიც კვლავ შეეცდებიან ბედნიერი შთამომავლობა ჰყავდეთ.

XS
SM
MD
LG