ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო თამბაქოს კვამლისგან თავისუფლდება


თამბაქოს ინდუსტრია ყოველწლიურად საქართველოში 11000 ადამიანს კლავს

2030 წლისთვის საქართველოში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა, დღეს არსებული 33%-დან 20%-მდე უნდა შემცირდეს - სწორედ ეს არის მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, რომლის საფუძველზეც დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მწეველთა უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდა დაიწყო.

1 მაისიდან საქართველო შეუერთდა იმ ცივილიზირებულ ქვეყანათა რიცხვს, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია: ნებისმიერი დანიშნულების დახურულ შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების ტერიტორიებზე; ასევე აიკრძალა სიგარეტის ცალობით გაყიდვა და თამბაქოს პირდაპირი და ირიბი რეკლამა.

საქართველოში, სადაც დღეისათვის 1,1 მილიონი მწეველია, ოფიციალური ინფორმაციით, თამბაქოს ინდუსტრია ყოველწლიურად 11000 ადამიანს კლავს. თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით კი ქვეყანაში 3000-მდე მოქალაქე კვდება.

თამბაქოს კვამლი, რომელსაც ჩავისუნთქავთ, 7000-ზე მეტ ნივთიერებას, მათ შორის 69 კანცეროგენს შეიცავს. კანცეროგენი ქიმიური ნივთიერებაა, რომლის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებაც ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას ზრდის. სწორედ ამიტომ თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მწეველთა ამხელა არმია ქვეყნისთვის უმძიმესი ეკონომიკური ტვირთიც არის:

თამბაქოთი გამოწვეული ზიანით, საქართველო ყოველწლიურად 900 მილიონ ლარს კარგავს, ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის - 2,4%, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში გადასახადებით შეტანილი თანხა კი ამ დანაკარგზე, დაახლოებით 2,5 ჯერ მცირეა“
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

„თამბაქოთი გამოწვეული ზიანით, საქართველო ყოველწლიურად 900 მილიონ ლარს კარგავს, ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის - 2,4%. ეს არის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დანაკარგების ჯამი. თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში გადასახადებით შეტანილი თანხა კი ამ დანაკარგზე, გაცილებით, დაახლოებით 2,5 ჯერ მცირეა.“

საქართველოს კანონმდებლობა ჯერჯერობით, თამბაქოს მოწევას არ კრძალავს საცხოვრებელ ადგილას, წინასწარი დაკავების იზოლატორში, სიგარაბარში, სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ტაქსში, კატერით სეირნობისას და სტადიონებზე, სადაც აკრძალვა ძალაში 2020 წლიდან შევა.

არამწეველთა უფლებების დარღვევისთვის საკმაოდ მკაცრი ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული: ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50-დან 100 ლარამდე მერყეობს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500-დან 1000 ლარამდე.

გამარტივებულია დაჯარიმების წესიც. კანონდამრღვევ მწეველს ჯარიმას საზოგადოებრივ შენობებში - პოლიცია გამოუწერს, ტრანსპორტში - სატრანსპორტო ადმინისტრაციის, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში - ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლის მაისში, საქართველოს პარლამენტში აქტიურად ლობირებდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გამკაცრებას, დღეს, კანონის სრულად ამოქმედებას მიესალმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა კრისტინა მაუერ-სტენდერმა კერძოდ თქვა:

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის შემდეგ დადებით შედეგებს უკვე დავინახავთ. ეს ნათლად გამოჩნდება სამედიცინო მიმართვების შემცირების კუთხით"
კრისტინა მაუერ-სტენდერი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი

„მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის შემდეგ დადებით შედეგებს უკვე დავინახავთ. ეს ნათლად გამოჩნდება სამედიცინო მიმართვების შემცირების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს სექტორის წარმომადგენლები ხელს შეუშლიან კანონის ეფექტურ აღსრულებას, პროცესში სამართალდამცველები ჩაერევიან, ასეთ დროს კი შეიძლება დაჯარიმდეს როგორც ბიზნესის მფლობელი, ისე მწეველი. ამ კანონის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ყველა ბიზნესს ერთნაირად მიუდგეს.“

გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში მწეველთა 57% მამაკაცია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, დაახლოებით 10%, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

საქართველოში ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები კი თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ამავე კვლევით, თამბაქოს საწინააღმდეგო ოთხი ძირითადი ღონისძიების გატარება: მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში, თამბაქოს რეკლამის აკრძალვა, თამბაქოს შეფუთვა ეფექტური გამაფრთხილებელი დიზაინით და გადასახადების მატება ამ ნაწარმზე, უახლოეს 15 წელიწადში, საქართველოს 3.6 მლრდ ლარს დაუზოგავს და 53.000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG