ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NDI: საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირება, დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო ექსპერტების გუნდმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ონლაინ შეხვედრები გამართა.

შეხვედრები მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.

განცხადებაში, რომელიც NDI-იმ გაავრცელა ნათქვამია, რომ "პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც ქართული პოლიტიკა სრულად მოიცვა, 30 წლის განმავლობაში მიღწეულ დემოკრატიულ პროგრესს საფრთხეს უქმნის".

“დემოკრატია მუდმივ პროგრესს მოითხოვს, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია კი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა და დაამატა, რომ “სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური მეტოქეობა ქვეყანას, ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს ზიანს აყენებს. დემოკრატიის გასაძლიერებლად აუცილებელია დიალოგი, ჩართულობა და კომპრომისი. ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული.”

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გახანგრძლივებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ მიმართულმა შეტევებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია და დემოკრატიული, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულების მიმართ კითხვები გააჩინა.

„საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. NDI-ის 2021 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობს.

19 აპრილის შეთანხმების დარღვევამ, რასაც მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა უზრუნველეყო, კიდევ უფრო გაამყარა ეს განწყობა. წლევანდელი არჩევნები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დემოკრატიული პრინციპების დაცვითა და მოქალაქეების საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებით საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი თავიანთი ერთგულება დაამტკიცონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG