ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაზარეთში სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება


ნაზარეთში სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება
ნაზარეთში სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება

ახლო აღმოსავლეთში კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსანი წარმომადგენლის ცნობით, ნაზარეთში ანუ იმ ქალაქში, სადაც სახარების თანახმად იესომ ახალგაზრდობა გაატარა, სულ მალე არცერთი ქრისტიანი აღარ დარჩება. ნაზარეთის ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენლების მასიური ემიგრაცია ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ადგილობრივ ისლამისტებთან ურთიერთობების გაუარესება გახლდათ, რაც თავის მხრივ იმით იყო განპირობებული, რომ ისლამისტებმა ქალაქის მთავარ ეკლესიასთან ახლოს მეჩეთის აშენება სცადეს. ისრაელის მთავრობამ მეჩეთის მშენებლობა 2003 წელს აკრძალა და მას შემდეგ მდგომარეობა ნაზარეთში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგრამ კათოლიკე ეპისკოპოსი ჯიასინტო-ბულოს მარკუზო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ საზოგადოებას კვლავინდებურად საფრთხეები ემუქრება, იუწყება ვაშინგტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ლიპინი.

ეპისკოპოსმა ჯიასინტო-ბულოს მარკუზომ აღნიშნა, რომ ისრაელის არაბებით დასახლებული და ქრისტიანებისთვის ბიბლიური მნიშვნელობით გამსჭვალული ქალაქ ნაზარეთიდან ქრისტიანების ემიგრაცია იქ მცხოვრები ქრისტიანული საზოგადოების გადარჩენას საფრთხეს უქმნის.

ეპისკოპოსი ქრისტიანების ემიგრაციის მთავარ მიზეზად ისლამისტების მიერ გაჩაღებულ კამპანიას ასახელებს. კათოლიკე სასულიერო პირის ცნობით, ისლამისტებს ნაზარეთში პოლიტიკური გავლენის გაზრდა სურთ ქრისტიანთა და ზომიერ მუსლიმთა ხარჯზე.

„ჩვენი პრობლემა რელიგიური როდია რადგან ყველაფერი პოლიტიკურ არასტაბილურობას, მშვიდობის ნაკლებობას, უსამართლობასა და აქ მცხოვრებ ხალხებს შორის არსებულ უთანასწორობას უკავშირდება,“ განაცხადა ეპისკოპოსმა ჯიასინტო-ბულოს მარკუზომ.

თავდაპირველად მდგომარეობა 1997 წელს დაიძაბა, როცა ისლამისტებმა ნაზარეთის ხარების ბაზილიკასთან ახლოს სამლოცველო კარვის აგება სცადეს. როგორც ცნობილია, ნაზარეთის ხარების ბაზილიკა მდებარეობს სწორედ იმ ადგილას, სადაც სახარების თანახმად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და იესოს შობა ახარა.

ისლამისტების ამოცანას წარმოადგენდა დიდი მეჩეთის აშენება იმ ადგილას, სადაც 12 საუკუნის განთქმული მუსლიმი მეომრის სალადინის ძმისწულის შინაბ ე-დინის სალოცავი მდებარეობს. ისლმისტების ინიციატივამ ნაზარეთსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქრისტიანების რისხვა გამოიწვია. ისინი შიშობდნენ, რომ მეჩეთის აშენება ბაზილიკასთან მისადგომ გზას დაბლოკავდა, რაც ტაძარში ღმრთისმსახურებას შეუშლიდა ხელს.

ქრისტიანი ლიდერები ითხოვდნენ იმას, რომ ქალაქის მთავარი მოედანი ტურისტულ ზონად გამოცადებულიყო. ამ იდეამ ზოგიერთი ისლამისტი განარისხა და 1999 წლის აღდგომა დღეს მათ ნაზარეთში აჯანყება მოაწყვეს. არეულობის დროს ისლამისტებმა ქრისტიანების ავტომანქანები და მაღაზიები დააზიანეს.

ისლამისტებმა, ისრაელის მთავრობის თანხმობით, ბაზილიკის მახლობლად მეჩეთს საფუძველი ჩაუყარეს, თუმცა შემდგომში მზარდი ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ისრაელის მთავრობამ 2003 წელს მეჩეთის მშენებლობა აკრძალა.

რვა წლის შემდეგ ისლამისტური ორგანიზაცია სახელწოდებით „ჯამაათ ანსარ ალაჰი“ ბაზილიკის მახლობლად ღია ცის ქვეშ ყოველკვირეულ ლოცვებს მართავს. ამას გარდა, ისლამისტებმა აღმართეს დიდი ტრანსპარანტი, რომელზეც გამოსახულია შემდეგი ციტატა ყურანიდან ინგლისურ ენაზე: „ის, ვინც ისლამის გარდა, სხვა რელიგიას ეძებს, მას უფალი არასდროს მიიღებს და საიქიოში წაგებულად დარჩება.“ ეპისკოპოსი მარკუზო აღნიშნავს, რომ ხსენებული ტრანსპარანტი ნაზარეთში სალოცავად ჩასულ ქრისტიანებს შეურაცხყოფს და კათოლიკური ეკლესია მოედნიდან მის მოხსნას ითხოვს.

ეპისკოპოსის თქმით, ბოლო წლების მანძილზე ქრისტიანული უმცირესობის ურთიერთობა მუსლიმანურ უმრავლესობასთან გაუმჯობესდა, რასაც ხელი შეუწყო დიალოგმა და 2009 წელს ნაზარეთში რომის პაპის ბენედიქტეს ვიზიტმა. თუმცა მარკუზო დასძენს, რომ ქრისტიანთა და მუსლიმთა ურთიერთობას აღარ ახასიათებს ის ძმობა, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში შეინიშნებოდა.

XS
SM
MD
LG