ლეონიდ ვოლკოვი, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, დღეს მორიგი საპროტესტო აქციის მოწყობის ინიციატივით გამოვიდა. ის წმ. ვალენტინის დღეზე, ოპოზიციურად განწყობილ რუსებს მოუწოდებს, საკუთარ სახლებთან მობილური ტელეფონებით ან ანთებული სანთლებით შეიკრიბონ, სანთლებით გულის ფორმები მოხაზონ და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ.
ეს ფორმატი ვოლკოვის თქმით, ბელარუსში მსგავსი აქციის გამოძახილი იქნება და მონაწილეებს პოლიციისგან მეტად დაიცავს. ვალენტინობის საპროტესტო აქცია კვირას იგეგმება.
ლეონიდ ვოლკოვი ბლოგერი და კრემლის ცნობილი კრიტიკოსია. ის ნავალნის გუნდის წევრია და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუმცა აქტიურადაა ჩართული რუსეთში მიმდინარე მოვლენებში. ვოლკოვი 2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერი და მისი შტაბის ხელმძღვანელი იყო.
რუსეთში ბოლო რამდენიმე უქმეა, საპროტესტო აქციები არ წყდება. ათობით ათასი რუსი აპროტესტებს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას. პოლიციამ 11 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. კრემლი აცხადებს, რომ მიტინგები არასანქცირებული იყო, შესაბამისად - უკანონო და სახიფათო.
Facebook Forum