ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელიდან ჰელსინკიში: ტრამპის დიპლომატიური კვირა


ფინეთის დედაქალაქმა ამერიკის და რუსეთის ლიდერებს წარსულში რამდენჯერმე უმასპინძლა, მათ შორის 1990 და 1997 წლებში. ტრამპის და პუტინის ბოლო შეხვედრა 2017 წელს შედგა. მას შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო. მან უკრაინას და საქართველოს ლეტალური იარაღის მიყიდვის გადაწვეტილება მიიღო, ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მკლელობის შემდეგ ამერიკიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა და დამატებითი სანქციები დაუწესა რუს კომპანიებსა და ოფიციალურ პირებს.

ტრამპი ჰელსინკიში ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გაემართება. ნატოს სამიტზე, ევროპელ მოკავშირეებთან მკაცრი რიტორიკის შემდეგ, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ ტრამპი პუტინთან დათმობებზე არ წავა.

ამერიკის პრეზიდენტის სტილს და ტონს ევროპელი მოკავშირეებისადმი განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. მან მკაცრად გააკრიტიკა გერმანია რუსეთისგან გაზის შესყიდვის და ნატოს საერთო თავდაცვაში კონტრიბუციის სიმწირის გამო. ბენჟამინ ჰადადი, ჰადსონის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი სწორად აფასებს სიტუაციას, მისი ტონი ბევრი ევროპელისთვის მიუღებელია.

"ტრამპი რეალურ კითხვებს სვამს, როდესაც ის საუბრობს, თავდაცვის ხარჯებზე და პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე. ამაზე ამერიკის სხვა პრეზიდენტებიც საუბრობდნენ. მართალია, რომ ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით გერმანია, მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე. მან ისაუბრა გერმანიის ენერგო დამოკიდებულებაზე რუსეთთან და განსაკუთრებით, ნორდსტრიმ 2-ის კუთხით. ეს არის საკითხები რომლებზეც სხვა ამერიკელი პრეზიდენტები და ევროპელი მოკავშირეები ხშირად საუბრობდნენ", - ამბობს ჰადადი.

თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამან შესაძლოა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბზარი გააჩინოს.

"უკმაყოფილებას ტრამპის ტონი და ხისტი მიდგომა იწვევს. საკითხავია, თუ ეს გახდება მისი მოკავშირეების გარიყვის მიზეზი, უბიძგებს თუ არა ეს ევროპელებს გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა საკითხებზე უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ და იფიქრონ, რომ ისინი ამერიკაზე ვერ იქნებიან დამოკიდებულნი", - თქვა მან.

ბრიუსელის სამიტი და საქართველო

ბუქარესტის სამიტიდან და საქართველო-რუსეთის ომიდან 10 წლის თავზე, ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ალიანსის კარი ღიაა.

ბრიუსელის სამიტი, საქართველოსთვის, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან, უმაღლეს დონეზე, პირველი შეხვედრა იყო.

ევროპული კვლევების ცენტრის პრეზიდენტი პიტერ დორანი ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს მისი წინამორბედების პოლიტიკას საქართველოსადმი.

"ვფიქრობ, თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეესაბამება ამერიკის ათწლეულების პოლიტიკას. ღია კარი რეალობაა და ღიაა საქართველოსთვისაც. ბევრი განხილვა მიდის ალიანსში, თუ საით მიდის ამერიკის პოლიტიკა, და საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას და სწორი მიზეზით - არა იმიტომ, რომ ეს საჩუქარია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ალიანსის უსაფრთხოებაში", - ამბობს ის.

სამიტიდან სამიტამდე

ალიანსის ლიდერების ნაწილი, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სკრეპტიკურად უდგება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ​მაშინ, როდესაც საქართველოს ჰელსინკის სამიტზე სავარაუდოდ ნაკლები ყურადღება დაეთმობა, უკრაინის კონფლიქტი, მიმომხილველთა აზრით, ტრამპის და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. ამასთან დისკუსია, სავარაუდოდ ასევე სირიის კონფლიქტს, კიბერ უსაფრთხოებას და ბირთვული იარაღის კონტროლს შეეხება.

"რთული სათქმელია, თუ რას მიიღებს ტრამპი ამ შეხვედრისგან. ვფიქრობ სწორია, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. ეს მათი პირველი ორმხრივი შეხვედრაა რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტია, ჯორჯ ბუში და პრეზიდენტი ობამა ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში შეხვდნენ პუტინს. მათ ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი, მინსკის შეთანხმება, ყირიმის, უკრაინის და სირიის საკითხი", - ამბობს პიტერ როუ, ჰადსონის ინსტიტუდან.

მისი თქმით, მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, სირიის კონფლიქტი იქნება.

"რეალური დისკუსია, სავარაუდოდ, სირიის საკითხის გარშემო გაიმართება. ეს ასეც უნდა იყოს. რუსეთი სირიაში დესტაბილიზაციის წყაროა და ირანთან ერთად ამერიკის მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა შეთანხმებას, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა გაავლოს წითელი ხაზები რუსეთთან, და მოახდინოს იმის კომუნიკაცია, თუ რა არის მისი მოლოდინები ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში დღეს ცენტრალური საკითხია", - თქვა მან.

ჰელსინკის შეხვედრა სავარაუდოდ, ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობებს განსაზღვრავს. ტრამპის ადმინისტრაციას, სამიტის სამზადისისთვის, ცოტა დრო ჰქონდა. ვაშინგტონში მიმომხილველების ნაწილი იმედოვნებს, რომ ტრამპი შეინარჩუნებს მკაცრ ტონს მის რუს კოლეგასთან.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG