ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრთხილი მოლოდინი ტრამპის და პუტინის სამიტის წინ


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდებიან. ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის კავშირების გამოძიების ფონზე ფონზე, სამიტი უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცევს თეთრი სახლის ურთიერთობას რუსეთთან.

"ატლანტიკური საბჭოს" მკლევარი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ თავად შეხვედრა არასწორი ნაბიჯი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია რა პოზიცია ექნება პრეზიდენტ ტრამპს.

„შეხვედრის იდეა, ჩემი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა შემაშფოთებელია ტრამპის აუხსნელი სიმპათია თუ მიზიდულობა ავტოკრატების მიმართ კრემლში. მან რამდენჯერმე გააკეთა ამ კეთილგანწყობის განცხადება, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს აჩენს კითხვებს მის უნარზე გააკეთოს საღი შეფასებები. ბოლო პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ სამწუხარო განცხადებები ყირიმთან დაკავშირებით. ხალხს ეს აშფოთებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რაიმე არასასურველი განცხადება გააკეთოს ჰელსინკიში”, თქვა ჰერბსტმა.

ის ფიქრობს, რომ ადმინისტრაცია, მიუხედავად პრეზიდენტის განცხადებებისა, პოლიტიკას არ შეცვლის, მათ შორის, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებითაც.

„პრეზიდენტი ხანდახან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს „ტვიტერზე“. ეს განცხადებები ადმინისტრაციის პოლიტიკას არ გამოხატავს. თუ ტრამპი ეტყვის პუტინს, რომ მე მსურს ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, სანამ დონბასს და სირიას არ დატოვებ და რომ რუსეთმა მსგავსი აგრესიული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს თუ ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, მაშინ სამიტს აზრი ექნება. მე ამის იმედი მაქვს, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი“, ამბობს ის.

ტრამპმა გასულ კვირას, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, მან განაცხადა, რომ „ამას ვნახავთ“. პრეზიდენტის ამ განცხადებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განმარტა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და არ გეგმავს სანქციების გაუქმებას იქამდე, სანამ რუსეთი ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს.

ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე ეველინ ფარკასი ამბობს, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა, მაშინ როდესაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაძაბულია, არ უნდა იმართებოდეს.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა ევროპელ მოკავშირეებთან სუსტია, სამიტი არ უნდა იმართებოდეს. ის [ტრამპი] ყურადღებას ნატოს სამიტზე უნდა ამახვილებდეს. ამ სამიტს შინაარსობრივად არაფერი მოჰყვება. ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ მისი ინტერესები შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ის არ წამოვა შეთანხმებაზე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი პრეზიდენტის ინტერესებშია“, ამბობს ფარკასი.

ფარკასის თქმით, სამიტამდე საჭიროა შედარებით დაბალ დონეზე მოლაპარაკებები იმის გასარკვევად, თუ რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება.

ვაშინგტონმა და მოსკოვმა გამოთქვეს სურვილი ისაუბრონ იარაღის კონტროლზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე. თუმცა უფრო კრიტიკული და რთული საკითხი ორი ქვეყნის განსხვავებული პოზიციაა უკრაინის და სირიის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ასევე, უთანხმოებას იწვევს დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ბრიტანეტში ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდლობა.

ვაშინგტონში მომავალ სამიტს ფრთხილი მოლოდინით აკვირდებიან. პრეზიდენტი ტრამპი ჰელსინკიში ნატოს ბრიუსელის სამიტის შემდეგ ჩავა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG