11-12 ივლისს ბრიუსელი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. 2016 წელს ვარშავაში გამართულ სამიტზე ალიანსმა 29-ე წევრად მონტენეგრო მიიღო, რითაც ნატოს ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ აჩვენა.
რას უნდა ველოდეთ სამიტისგან წელს, ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის თავზე, სადაც საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმა - მაპი - ვერ მიიღეს, მაგრამ მიიღეს პირობა, რომ ისინი აუცილებლად გაწევრიანდებიან ალიანსში?
ვარშავის სამიტისგან განსხვავებით, ეს არ იქნება გაფართოების სამიტი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრიუსელში ალიანსის წევრებმა შეკავების ეფექტური სტრატეგია უნდა შეიმუშავონ.
ნატოს წევრები, პარტნიორები და მტრები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ შეიცვლება ის, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ძლიერი სამხედრო ძალით იქნება დაცულიმაიკ ტერნერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი
რესპუბლიკელი კონგრესმენი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მაიკ ტერნერი ამბობს, რომ ალიანსის წლევანდელი პრიორიტეტები ვარშავის სამიტის მსგავსად, შეკავება და თავდაცვა იქნება.
„ალიანსის წევრებმა პრიორიტეტად უნდა აქციონ მოდერნიზაცია და ჩვენი შესაძლებლობების ზრდა. მნიშნელოვანია, ყველა წევრმა შეასრულოს პირობა და ბიუჯეტის ორი პროცენტი თავდაცვაზე დახარჯოს. ნატოს წევრები, პარტნიორები და მტრები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ შეიცვლება ის, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ძლიერი სამხედრო ძალით იქნება დაცული“, განაცხადა კონგრესმენმა ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამიტს და მის მოლოდინებს მიეძღვნა.
„ნატო, თავისი არსით, სამხედრო ალიანსია. ამ სამიტზეც და მომავალშიც, ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის და მოკავშირეების უსაფრთხოება“, თქვა ტერნერმა.
ამავე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, რომლის თქმითაც, „ტრანსატლანტიკური სოლიდარობის შენარჩუნებისთვის“ ბრიუსელის სამიტის წარმატება აუცილებელია.
„ალიანსის წარმატებული ლიდერობა შეერთებულ შტატებს ტერორიზმტან ბრძოლაში და დემოკრატიების დაცვაში ლიდერად აქცევს“, განაცხადა კარობლისმა.
ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეფასებით, ნატოს ბრიუსელის სამიტი საქართველომ და ურკაინამ მათი სურვილების კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოსახატად უნდა გამოიყენონ, რადგან ზოგჯერ თბილისიდან და კიევიდან დამაბნეველი მესიჯები ისმის.
ტრანსატლანტიკური სოლიდარობის შენარჩუნებისთვის ბრიუსელის სამიტის წარმატება აუცილებელიარაიმუნდას კარობლისი, ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი
„იმედი მაქვს, შიდა პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, ქართველები ნათლად ჩამოაყალიბებენ სათქმელს და საერთაშორისო არენაზე მკაფიოდ იტყვიან რა სურთ. ალიანსმა კი დროა, იმის დემონსტრაცია მოახდინოს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია. ახლა დიდი დებატები მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიხატოს საქართველოსადმი მხარდაჭერა კონკრეტულად ამ სამიტზე“, ამბობს უილსონი.
მისი თქმით, სამიტმა ცალსახად უნდა გაიმეოროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის კომუნიკე, რომ საქართველო ერთ დღეს იქნება ალიანსის წევრი. "ალიანსის და აშშ-ის პოზიცია ასეთია, საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი მიაღწიოს წევრობას. ვფიქრობ, საჭიროა ღია კარს და წევრობას უფრო სტრატეგიულად შევხედოთ.“
ამავე აზრზეა თომას გოფუსი, თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ნატოს საკითხებში. მისი შეფასებით, „ალიანსის ერთიანობა მის მიერ დადებული პირობების შესრულებით შეფასდება“.
„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა გამოიხატოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული პირობა გოფუსმა განაცხადა: „ალიანსი ამჟამად მუშაობს იმ ფორმებზე და ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს და უკრაინას შეეხებათ“.
უილსონის შეფასებით, ალიანსმა უნდა გადახედოს 1995 წლის კლვევას, რომლის მიხედვითაც ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ტერიტორიული დავები. მისი თქმით, ეს ფორმულა მუშაობდა მეგობრულ გარემოში, მაგრამ ვერ იმუშავებს იმ პირობებში, როცა რუსეთი ტერიტორიების ოკუპაციით, მეზობელი ქვეყნების ატლანტიკურ მისწრაფებებს აჩერებს.
Facebook Forum