ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გენერალური მდივანი ბანკის მმართველობას გეგმავს 


ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი საკუთარ თავს მომავალში საბანკო სფეროში ხედავს. ინფორმაცია მან თავად გაასაჯაროვა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მან ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა. „ეს არის სამსახური რომლის მისაღებადაც ძალიან მოტივირებული ვარ,“- ამბობს სტოლტენბერგი.

საერთაშორისო პრესა წერს, რომ თუ სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, ეს ბანკის დამოუკიდებლობის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს.

ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია და მის დასაკავებლად სტოლტენბერგთან ერთად იდა ვოლდენ ბაჩე იბრძვის, რომელიც „ნორგეს ბანკის“ ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. როგორც ბაჩემ, ასევე სტოლტენბერგმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ნორვეგიის მთავრობას საკუთარი კანდიდატურა უკვე წარუდგინეს.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ საბოლოო პასუხამდე ის ნატოში მუშაობას აგრძელებს. ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციაზე ის 2022 წლის სექტემბრამდეა არჩეული.

იენს სტოლტენბერგი პროფესიით ეკონომისტია და ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოზიციასაც იკავებდა, შემდეგ იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. სანამ ნატოს გენერალური მდივანი გახდებოდა, ის ასევე ნორვეგიის ფინანსთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

სტოლტენბერგის პარტია ამ დროისთვის კოალიციურად მართავს ნორვეგიას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცენტალური ბანკის ხელმძღვანელ თანამდებობაზე სტოლტენბერგის დანიშვნამ, შესაძლოა ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში კითხვები გააჩინოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG