ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატო"-ს ჯარების სარდლის ინტერვიუ


ჯეიმს სტავრიდისი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო

ნატოს ჯარების სარდლის, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისის განცხადებით, თალიბებზე სერიოზული სამხედრო ზეწოლა ხორციელდება, რათა ისინი პოლიტიკურ კომპრომისებზე დაითანხმონ.

ამერიკელი სამხედრო მეთაურის თქმით, მძიმე პრობლემების მიუხედავად, რაც პირველ რიგში შიდა თავდასხმების გახშირებით არის გამოწვეული, ახლა ის უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

მისი თქმით: „მე არ ვკარგავ ოპტიმიზმს და ამის საფუძველს მსხვერპლის რაოდენობის შემცირება მაძლევს. რა თქმა უნდა, ყოველი ჯარისკაცის დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისია, მაგრამ საერთო დანაკარგები შარშანდელთან შედარებით 30%-ით შემცირდა. ჩემი აზრით, ეს ავღანეთის უშიშროების ძალების გააქტიურებამ გამოიწვია.“

თუმცა, ადმირალ სტავრიდისის აღიარებით, ამ პოლიტიკის წყალობით ავღანეთის სამხედროებში მსხვერპლის რაოდენობამ ზუსტად 30%-ით მოიმატა.

ამერიკელი ადმირალის თქმით, ავღანელი სამხედროების მიერ დასავლეთის კოალიციურ ძალებზე თავდასხმების გახშირების გამო აიკრძალა მათი ერთობლივი პატრულირება.

2014 წლის მიწურულს, როდესაც ავღანეთიდან ამერიკელების ძირითადი ძალები გავლენ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ავღანეთის არმიას დააწვება, რომლის შემადგენლობაში ამჟამად 350 000 ჯარისკაცია.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ცდილობს. ავღანეთის სამთავრობო ძალების დახმარებით, თალიბანთან ომში გარდატეხა შეიტანოს, რათა ისინი ავღანეთის დღევანდელ მთავრობასთან მოლაპარაკებაზე წავიდნენ.

როგორც ლონდონის გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის დირექტორი, მაიკლ კლარკი ამბობს, მთავარია ამერიკელების გასვლის შემდეგ ქაბულის მთავრობის სამხედრო ძალებმა ქვეყანაში სიტუაციის გაკონტროლება მოახერხონ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ნატო ისეთი სისტემის აგებას შეეცდება, რომელიც ეფექტურად იმუშავებს, თუმცა თუ თალიბებმა ამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერეს შეიძლება ყველაფერი დაინგრეს,“ - განმარტავს მაიკლ კლარკი.

ახლა ავღანეთში დასავლეთის საერთაშორისო კოალიციის 100 000 ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც თალიბთა პარტიზანული მოძრაობის გატეხვას ცდილობს, რათა გაჭიანურებული ომის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარება მოახერხოს. თუმცა, სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების შესახებ ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
XS
SM
MD
LG