ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად ნატოს ევროპული მოკავშირეები თავდაცვაზე მშპ-ს 2 პროცენტს დახარჯავენ


ევროპული სახელმწიფოები მიმდინარე წლის განმავლობაში თავდაცვით ხარჯებს გაზრდიან, ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი ავრცელებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროპელი მოკავშირეების ერთობლივი დანახარჯი თავდაცვის მიმართულებით, კოლექტიური მთლიანი შიდაპროდუქტის 2 პროცენტი იქნება.

„2024 წელს ნატოს მოკავშირეები ევროპაში, თავდაცვაში ჯამურად 380 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ“,- ამბობს იენს სტოლტენბერგი.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ევროპული ქვეყნები დააკმაყოფილებენ ნატოს მინიმალურ მოთხოვნას, დაიხარჯოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი. საუბარია ნატოს წევრ 18 ქვეყანაზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ამ დროისთვის 31 ქვეყანაა გაერთიანებული.

„მნიშვნელოვანი და პოზიციური პროგრესია“,- ამბობს ბრედ ბოუმენი დემოკრატიების დაცვის ფონდის სამხედრო და პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და განმარტავს რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში ეს ევროპული სახელმწიფოების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელი ომის მოწმენი ვართ. რა ჯანდაბას ელოდება დანარჩენი მთავრობები,“- ამბობს ბოუმენი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

ამ დროისთვის ნატოს წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ყოველწლიურად ხარჯავს ამერიკის შეერთებული შტატები და პოლონეთი, მაგრამ ლუქსენბურგის თავდაცვითი ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ყველაზე ნაკლებს.

ნატოსთან მიმართებაში დონალდ ტრამპის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოშვა დისკუსია რამდენად ერთგული იქნება ამერიკის შეერთებული შტატები ნატოსა და მისი მოკავშირეების მიმართ, თუ ტრამპი კვლავ პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ჯო ბაიდენმა, ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის გაკეთებული განცხადება „საშიშად“ შეაფასა.

ტრამპმა, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ფავორიტია და საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას ლიდერობს, თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა არ დაიცვას ალიანსის მოკავშირეები, რომლებიც საკმარისად არ ხარჯავენ რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვაზე.

ჯერ კიდევ მაშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ „ნებისმიერი მოსაზრება, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, შეერთებული შტატებისას და აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს გაზრდილი რისკის ქვეშ“.

ტრამპი მედიას მისი განცხადების არასწორ ფორმულირებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას არ უთქვამს, რომ ის რუსეთს „წაახალისებდა“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG