ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება. ის ერთად უნდა შევაჩეროთ", - ლატვიის პარლამენტის სპიკერი


„რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგანაა“, - ამბობს ლატვიის პარლამენტის სპიკერი. დაიგა მიერინა ამერიკაში ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს. სპიკერი მირინა ამბობს, რომ კონგრესში, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო შეფერხებული დაახმარების აუცილებლობა ორივე პარტიაში კარგად ესმით.

ქალბატონო სპიკერო, ვაშინგტონს თქვენს ესტონელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ეწვიეთ და ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდით. რა პრობლემები განიხილეთ მათთან და რის მოსმენა გსურდათ პასუხად?

ჩვენ აქ, ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერის განსახილველად ვართ. კიევის დახმარება მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი საკითხია ახლა. მაგრამ, თუ მშვიდობის მიღწევა გვსურს, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველანაირი, განსაკუთრებით კი - სამხედრო დახმარება. უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როცა ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაგვიანებთ, ბრძოლის ველზე ადამიანები იღუპებიან.

უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მშვიდობიანი ცხოვრება, ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლებში და სწავლობდნენ; რომ ჩვენ ვაკეთებდეთ ჩვენს საქმეს. უკრაინა იხდის იმის ფასს, რომ ჩვენ ყველანი ამ შესაძლებლობებით დავტკბეთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაგვეცა ჩვენი პირადი გამოცდილება, გაგვეზიარებინა ჩვენი ისტორიით ნასწავლი გაკვეთილები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ამერიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც ყველა ადამიანამდე მივიდეს: რუსეთის აგრესია თავისით არ შეჩერდება, ის თავისით არ დამთავრდება. თუკი ჩვენ მას ახლა არ შევაჩერებთ, [მომავალში] უფრო დიდი საფასურის გადახდა მოგვიწევს.

ამ დღეებში მოვისმინეთ შეფასება, რომ რუსეთს კიბოს ადარებენ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კიბოზე უარესია. რუსეთის საცეცები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული და ძალიან ბევრ ადგილს სწვდება. რუსეთის მოქალაქეები ყველგან არიან და ავრცელებენ ქაოსს, არეულობას, ცდილობენ დემოკრატიებს დაესხან თავს.

ამ დღეეებში სენატორებთან, კონგრესმენებთან, პალატის სპიკერთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან პრაქტიკული, ქმედითი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგვიძლია. ეს მოიცავს შესაძლო ახალ სანქციებს იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ომის დანაშაულებზე. ასევე, რუსული აქტივების კონფისკაციას და მათი უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას. გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ ევროკავშირი უდიდეს ინვესტიციებს დებს უკრაინის სამხედრო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიმართულებით. ევროკავშირის მთლიანი დახმარება უკვე აღემატება ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებას.

უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება ამერიკაში შიდა პოლიტიკურ დებატებს დაუკავშირდა და საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების გარეშე მის დამტკიცებას რესპუბლიკელთა ნაწილი არ თანხმდება. გავრცელდა ცნობები, რომ თქვენთან შეხვედრისას პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა, დაუშვა ის ვარიანტი, რომ თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული პაკეტი შეიძლება გაიყოს, და უკრაინის დახმარებასა და სასაზღვრო პოლიტიკას ცალ-ცალკე ეყაროს კენჭი. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ცნობებზე, რა გითხრათ სპიკერმა, რა მთავარი გზავნილებით დასრულდა თქვენი შეხვედრა?

განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კონგრესში არსებობს ცალსახა, საერთო აღქმა იმისა, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ.

ეს საკითხი ნამდვილად განვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი შიდა პოლიტიკური საკითხები აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღის წესრიგში წამყვანი ადგილი უკავია. დიახ, მოვისმინეთ, რომ არის [საკითხის] გადაწყვეტის განსხვავებული შესაძლებლობები, მაგრამ არ განგვიხილავს, რა უნდა იყოს კონკრეტული გამოსავალი. ჩემი აზრით, ეს თქვენი, [ამერიკელი] პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, როგორ იპოვონ საუკეთესო გზა თქვენი ქვეყნისთვის.

ვესაუბრეთ სენატორებს, კონგრესმენებს, მოვისმინეთ ბევრი განსხვავებული შეხედულება და წინ წასვლის სხვადასხვა ვარიანტი. მაგრამ ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, არსებობს ცალსახა საერთო აღქმა, გაგება იმისა, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთობლივად უნდა გავაკეთოთ.

ბალტიისპირეთის ქვეყნები აპირებენ თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-მდე გაზრდას. ლატვია ამ ნიშნულის მიღწევას 2027 წლისთვის გეგმავს. ამასთან უკრაინის დახმარებაც არაპროპორციულად დიდია. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მშპ-ის 1 %-ს აჭარბებს.

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე დასავლელ პარტნიორებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ. ახლაც იმეორებთ, რომ ეს აგრესია თავისით არ შეწყდება. მაშინ, როცა ბევრი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ბალტიელი ლიდერები არასდროს ერიდებიან იმის თქმას, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თქვენ იმასაც ამბობდით, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ლატვიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. რატომაა ეს ასე? რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ან მარცხი ამ ომში უშუალოდ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი მეზობელი ბალტიელებისთვის?

პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა.

ჩვენ მართლაც ბევრი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ევროპულ და სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე არსებობდა, ისტორიამ ჩვენ ამის ბევრი ნიშანი მოგვცა. ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, ვნახეთ საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. პუტინის განცდაც, რომ ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლია, ასევე გაიზრდა. ამან დაუსჯელობის გრძნობა გააჩინა მისთვისაც და რუსეთისთვისაც, მთლიანად. რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს. მაგრამ ჩვენ რუსეთი თავის საქმეებზე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ.

ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ოკუპაცია, გენოციდი, დეპორტაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და განვაგრძობთ მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საქმეებისა და მისი საფრთხის შესახებ შეხსენებას. თუკი ჩვენ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის მხოლოდ გააგრძელებს ამ ყველაფრის კეთებას, ისევ და ისევ. და არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ - სხვაგანაც.

ლატვია უკვე 20 წელია ნატოს წევრია. მაინც შიშობთ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეთ? ლატვია ერთ-ერთი წამყვანი მასპინძელი იქნება წელს, ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნებისაც. რა გჭირდებათ უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღე, როცა ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ვაგვიანებთ, ბრძოლის ველზე ადამიანები იღუპებიან.

დიახ, ოცი წელია ალიანსის წევრები ვართ და ამან ნამდვილად გაზარდა ჩვენი უსაფრთხოების განცდა. ამან შექმნა ჩვენს ქვეყნებში უფრო დაცული გარემო, გვაქვს კოლექტიური თავდაცვა და უსაფრთხოების განცდა. მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის, რომ არ ვგრძნობთ თავს მარტო. თუკი თავდასხმა მოხდება, თუკი აგრესიის წინაშე აღმოვჩნდებით, შეგვიძლია ჩვენი მოკავშირეების დახმარების იმედი გვქონდეს. თუმცა ამავე დროს, უქმად არ უნდა ვისხდეთ და ჩვენი „საშინაო დავალებები“ უნდა შევასრულოთ. ჩვენ შევქმენით თავდაცვის სტრატეგიები და ბევრი გავაკეთეთ საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლადაც. ვიმედოვნებთ, რომ მალე შვედეთიც შეუერთდება ნატოს და იმედია უკრაინაც შეძლებს მომავალში გაწევრიანებას.

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მხრივ შიდა პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი, ბევრი შიშობს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი, ამერიკამ შესაძლოა ალიანსი დატოვოს კიდეც. რას ფიქრობთ ამ სცენარის შესახებ და აშფოთებთ თუ არა ეს თქვენს ქვეყანაში?

ვფიქრობ, ჯერ არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამაზე შემდეგ ვიფიქროთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკა ჩვენც მოვისმინეთ. ნატო ძალიან ძლიერი ალიანსია და ამერიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მასში. წელს ალიანსი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში მან უდიდეს ლიდერობა აჩვენა. ნატომ აჩვენა, რომ შეუძლია დახმარების და მხარდაჭერის მიწოდება იქ, სადაც ეს საჭიროა და ალიანსი ამის შესანიშნავი მაგალითია.

ჩემი აზრით, ახლა ნატოს თაობაზე შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ალიანსმა უნდა იფიქროს, როგორ სურს წინ წასვლა, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს უფრო ეფექტურად, როგორ შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი კოლექტიურ თავდაცვაში თანაბრად.

თქვენც საუბრობთ იმაზე, რამდენად დიდია ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნების წვლილი უკრაინის დახმარებაში, უფრო დიდი ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებით, მათი მთლიანი შიდა პროდუქტის წილის კუთხით. მაშინ, როცა ამერიკის დახმარება შეფერხებულია, და ევროპაშიც ხანგრძლივ ომს მოელიან, როგორ ფიქრობთ, რამდენად მეტის გაკეთება შეუძლია ევროპას? რა საფეხურზე გადაჰყავს ამას ცალკეული ევროპული ქვეყნების და ევროპის, როგორც ასეთის, როლი და პასუხისმგებლობა?

რუსეთი თავადაც სწრაფად სწავლობს, ფეხს უწყობს მოვლენათა განვითარებას. სწავლობს საკუთარი შეცდომებიდანაც. უკრაინულ ტაქტიკებსაც კი იყენებს უკრაინისავე წინააღმდეგ.

ევროკავშირი უკრაინას მეტად უნდა დაეხმაროს. თუმცა ვფიქრობ, უკრაინის დასახმარებლად ევროპული ძალისხმევა უკვე გაიზარდა. ბევრი დიდი ეკონომიკის ქვეყანამ შეიცვალა დამოკიდებულება და გაზარდა დახმარება. სულ ახლახან ჩვენ ვნახეთ, რომ თუკი მანამდე არსებობდა უკრაინისთვის ზოგიერთი იარაღის თუ სარაკეტო სისტემის გაგზავნის თაობაზე ეჭვები, რიტორიკა ახლა შეცვლილია. ნათელია, რომ გადამწყვეტი, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება იმისთვის, რომ შედეგები მივიღოთ. ნათლად ვხედავთ, რომ თუკი ქმედებას დავაყოვნებთ, გადავდებთ, ომი უბრალოდ იწელება და გრძელდება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი თავადაც სწრაფად სწავლობს, ის ფეხს უწყობს მოვლენათა განვითარებას. სწავლობს საკუთარი შეცდომებიდანაც. რამდენიმე კვირის წინ თვითონ ვიყავი უკრაინაში და უკრაინელებისგან მოვისმინე, რომ რუსეთი უკრაინულ ტაქტიკებსაც კი იყენებს უკრაინისავე წინააღმდეგ. ისევე იყენებენ დრონებს და ა.შ. ჩვენ სათანადად უნდა შევაფასოთ რუსეთი. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ევროპულმა ქვეყნებმა ნაკლები ილაპარაკონ და მეტი გააკეთონ და რეალურად გაზარდონ უკრაინის დახმარება.

პირადად მე მგონია, რომ ამ ეტაპზე უკვე აღარ უნდა ვლაპარაკობდეთ შესაძლებლობებზე. გვჭირდება საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგალითად სამხედრო ინდუსტრიისა და იარაღის წარმოების გაზრდაზე. ახლა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების სიმცირეა. არადა ისინი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ევროპას არ შეუძლია საკმარისი ჭურვების წარმოება ამ ეტაპზე. ევროპამ მართლა უნდა გააძლიეროს თავისი სამხედრო ინდუსტრია.

მაგალითად რამშტაინის ფორმატში ლატვია ლიდერობს ე.წ. „დრონების კოალიციას“: მისი მიზანია დრონების მასობრივი და ხელმისაწვდომი წარმოების გზების მოძიება. ისეთი დრონების, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩამორთმეული რუსული ქონების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება. ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული ქონებაა ჩამორთმეული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გვჭირდება იმ გზების პოვნა, რომლითაც შევძლებთ ეს ქონება უკრაინის დასახმარებლად გამოვიყენოთ - როგორც ომში, ისე შემდეგ, უკრაინის აღსადგენად. ლატვიამ უკვე გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც მოვახდინეთ დედაქალაქ რიგაში ე.წ. „მოსკოვის სახლის“ კონფისკაცია. წლების განმავლობაში ის რუსული პროპაგანდის გამავრცელებლად გამოიყენებოდა. ახლა კი ვეძებთ გზებს, როგორ შეგვიძლია ამ ჩამორთმეული შენობის უკრაინის აღსადგენად გამოყენება.

დეზინფორმაცია ახსენეთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსული საინფორმაციო ომი უცხო არაა. სხვადასხვა ქვეყანა ხშირად ადანაშაულებს კრემლს პროპაგანდის, ინფილტრაციის, რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის ნაწილისა და სხვა არაერთი მავნე ტაქტიკის გამოყენებაში. რამდენად დიდი პრობლემაა ეს თქვენს ქვეყანაში და როგორ უპირისპირდებით მას?

ჩვენ ყოველდღიურ საინფორმაციო ომში ვართ. ამას სხვა ქვეყნებიც განიცდიან, რადგან რუსები ინფილტრაციის ექსპერტები არიან. მათ იციან, როგორ შეაღწიონ ფარულად ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებაში. იციან, როგორ გაყიდონ ქაოსი, როგორ გამოიყენონ რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მათი გავლენის გასავრცელებლად, როგორ მოახდინონ გავლენა შიდა პოლიტიკაზე. რუსეთის ბოროტებას ყვველანი ერთად უნდა დავუპირისპირდეთ.

რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს, ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები. მაგრამ მას რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე - რუსული დეზინფორმაცია"

ლატვიამ რუსეთის ინფილტრაციის აქტივობების წინააღმდეგ უკვე ბევრი გააკეთა, რუსული უსაფრთხოების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ. ჩვენ ავკრძალეთ რუსული პროპაგანდა ჩვენს ტელეარხებზე; ჩამოვართვით ბინადრობის უფლება ზოგიერთ საეჭვო პირს; ზოგიერთ ადამიანს ქვეყანაში შემოსვლა ავუკრძალეთ, მივიღეთ კანონი იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ნებისმიერი პირი ჩვენი ქვეყნის ერთგული უნდა იყოს.

თქვენ თქვით, რომ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა. თუმცა წელს დაგეგმილი არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის ევროპარლამენტის არჩევნების, თუ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესების პარალელურად, რამდენად ხედავთ უკრაინის დახმარებით გადაღლის პრობლემას, რამდენად დიდი გამოწვევაა ეს და რას ეტყოდით მათ, ვინც შეიძლება დაიღალა კიევის მხარდაჭერით?

ალბათ უკვე ნათქვამს გავიმეორებ, მაგრამ პასუხი ნათელია - უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მშვიდობიანი ცხოვრება, რომ ჩვენი შვილები დადიოდნენ სკოლებში და სწავლობდნენ, რომ ჩვენ მივდიოდეთ სამსახურში, ვაკეთებდეთ ჩვენს საქმეს. უკრაინა იხდის იმის ფასს, რომ ჩვენ ყველანი ამ შესაძლებლობებით დავტკბეთ.

საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები თბილისისგან რეკომენდაციების შესრულებას ელიან, ქვეყანა კი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?

უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. კარგად გვახსოვს მომენტი, როცა ეს სტატუსი ლატვიამ მიიღო. თავდაპირველად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი წევრობის მოსამზადებლად ძალიან, ძალიან მძიმე შრომისა და მუშაობის 10 წელი. ჩვენ უნდა გაგვეტარებინა რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვის რეფორმები, უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება, ის, თუ როგორ ვფიქრობდით ამა თუ იმ საკითხზე.

პირადად მე მაშინ ტრანსპორტის სამინისტროში ვმუშაობდი და მახსოვს, რომ ზოგს ეს სურდა, ზოგს - არა. ზოგს ჰქონდა შეკითხვები ან ეჭვები, რაში გვჭირდებოდა წევრობა. მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ეს მართებული გზა იყო, მართებული გადაწყვეტილება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია. ლატვია ნამდვილად დაგეხმარებათ თავისი გამოცდილებით, რჩევით იმისთვის, რომ საქართველოსთვის ეს გარდაქმნა იმდენად უმტკივნეულო იყოს, რამდენადაც შესაძლებელია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის ის, რომ უკრაინის მეტი დახმარების მოწოდებებით, „დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“. რას ფიქრობთ ამგვარ შეფასებებზე და როგორ ჟღერს ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან?

გეტყვით, რომ ლატვიაშიც გვაქვს მსგავსი სიტუაცია. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს, ის ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები. მაგრამ ჩვენ რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე - რუსული დეზინფორმაცია.

საქართველო ამას უნდა ებრძოლოს. დემოკრატიას ვერცხლის ლანგარზე ვერავინ მოგვართმევს, ეს ჩვენი ბრძოლაა, ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. მას შემდეგაც, რაც ევროკავშირს შეუერთდებით, კვლავ დაგჭირდებათ თქვენი დემოკრატიისთვის ბრძოლა. ამას კი თავისი საფასური აქვს, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

XS
SM
MD
LG