გუშინ ბრიუსელში ნატოს წევრ-სახელმწიფოთა საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი ლისაბონში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. მან ავღანეთში რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება უნდა ეყრდნობოდეს „თანამედროვე საფრთხეების ერთობლივ ანალიზსა და ტერორიზმისა და მეკობრებობის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ ბრძოლას.“
თავის გამოსვლაში რუსეთთან ურთიერთობების განვითარების თემას შეეხო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც. მას მიაჩნია, რომ ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ფორმალურად ლისაბონში 19-20 ნოემბერს დაგეგმილ ნატოს სამიტზე იქნება წარდგენილი, „მიღწეულია კარგი ბალანსი განიარაღების პრინციპებსა, ბირთვულ შეკავებასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის.“
სახელმწიფო მდივანმა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას „შესანიშნავი პროექტი“ უწოდა.
ყოველივე ამას ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან ინტერვიუში ნატოში რუსეთის ელჩი დმიტრი როგოზინი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ქალბატონმა კლინტონმა უფრო კარგად იცის ამ დოკუმენტის შინაარსი რადგან მას ის წაკითხული აქვს, ჩვენ კი არა.“
როგოზინმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონში ნატოს სამიტამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირა დარჩა რუსეთის მხარემ დღემდე არ იცის იმ „სიურპრიზების“ შესახებ, რომელიც იქ მას შეიძლება ელოდოს. „რუსეთის მხარეს სტრატეგიული კონცეფცია არ დაანახეს. თუმცა ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ეს ‘კარდგად დაბალანსებული დოკუმენტია,’ მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ თვითონ გაგვეცნო ამ დოკუმენტის ტექსტი,“ აღნიშნა როგოზინმა.
როგოზინს მიაჩნია, რომ რუსეთს ხსენებული კონცეფცია სულ სხვანაირად ესმის. მისი თქმით, გადაწყვეტილება ლისაბონში პრეზიდენტ მედვედევის მონაწილეობით ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შესახებ დღემდე არ არის მიღებული. „ამგვარ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად არ იღებენ. აუცილებელია იმ დოკუმენტების წინასწარი შესწავლა, რომლებიც განხილვაზე იქნება გამოტანილი რადგან ეს ჩვენ გაგვაგებინებს იმას თუ რამდენად გათვალისწინებულია რუსეთის მხარის პოზიციები. ამ ღონისძიებისთვის ყველა მაქსიმალურად უნდა მოემზადოს, ლოგისტიკური მომზადების ჩათვლით, რათა რუსეთის დელეგაციას მუშაობის უფლება მიეცეს,“ განაცხადა როგოზინმა. მას სურს, რომ ნატომ რუსეთთან მიმართებაში „პარტნიორული ურთიერთობების“ განვითარებას უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს. ამას გარდა აუცილებელია, რომ ალიანსის მხრიდან უფრო მეტი „განმარტება და ინფორმირება“ მოხდეს.
ნატოში რუსეთის ელჩის თქმით: „კარგი იქნებოდა იმის გაგება თუ რა სახის წინადადებები ელის ჩვენ პრეზიდენტს ლისაბონში. იმედია, რომ მოსკოვს რუსეთ-ნატოს სამიტზე ინფორმაციას მალე გააგებინებენ რათა რუსეთის მხარემ მომზადება მოასწროს.“
„ალბათ ნატოს შიგნით გარკვეული სირთულეები შეინიშნება რადგან ლისაბონში ერთდროულად ორი სამიტი გაიმართება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ბუქარესტში მომხდარი მდგომარეობის გამეორება, როცა რუსეთის მხარეს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი გაჟღერდებოდა. მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგი იყო სწორედ ის, რომ ჩვენ მაშინ დასკვნითი დოკუმენტი არ მივიღეთ,“ აღნიშნა როგოზინმა.
როგოზინმა გამოთქვა იმედი, რომ ნატო მალე განსაზღვრავს ლისაბონში დაგეგმილი სამიტის განრიგს და დროულად გააცნობს მას რუსულ მხარეს.
ნატოს თავდაცვითი კოლეჯის კვლევითი განყოფილების მრჩეველს ენდრიუ მონაგანს ეეჭვება, რომ ლისაბონის სამიტზე რუსეთს რაიმე სიურპირიზი ელის.
„ვფიქრობ რაიმე ‘სიურპიზები’ ნაკლებად მოსალოდნელია რადგან ნატო და რუსეთი ერთნამეთს ‘მტრებად’ აღარ აღიქვამენ. თუმცა ეჭვგარეშეა ისიც, რომ ნატოს შემდგომი გაფართოების შემთხვევაში ალიანსი რუსეთისთვის ‘პოტენციურ საფრთხედ’ გადაიქცევა, მაგრამ შემდგომ 5-10 წელიწადში ეს ალბათ არ მოხდება,“ აღნიშნავს ექსპერტი.
ენდრიუ მონაგანის თქმით: „დღევანდელ კონტექსტში მსოფლიოს მზარდი მრავალწახნაგიანობის ფონზე შესაძლებელია ლაპარაკი ‘მხარეების პოლიტიკურ პაექრობაზე.’ ეს პაექრობა მხოლოდ რუსეთის ‘ახლო საზღვარგარეთისთვის’ ანუ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისთვის პაექრობით არ შემოიფარგლება.“
რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას მონაგანმა დასძინა, რომ ალიანსის კარი მისთვის ღია რჩება, მაგრამ ქვეყანას მნიშვნელოვანი გზა აქვს გასავლელი. საქართველომ დემოკრატიის შესაბამის დონეს უნდა მიაღწიოს და ალიანსში წევრობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. ხოლო ამას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.