ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერები ლონდონში ორდღიანი შეხვედრისთვის ემზადებიან, რათა ნატოს 70 წლისთავი აღნიშნონ, მაგრამ წევრებს შორის მზარდმა დაძაბულობამ, შესაძლოა ზეიმი დაჩრდილოს.
უმაღლესი დონის შეხვედრას, ფონად სირიაში ომი და უწყვეტი რუსული საფრთხე ახლავს. გასულ თვეში, ნატოს წევრები, შეერთებული შტატები და თურქეთი, სირიაში ერთმანეთთან დაპირისპირებასთან ახლოს აღმოჩნდნენ, რამაც ალიანსი შეაზანზარა.
ლონდონის სამეფო გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ჯონათან ეილმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა: “ნატოში თურქეთის პოზიცია რთულია. მოკავშირეთა უმრავლესობის, მათ შორის შეერთებული შტატების სურვილის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებში ჩართვით და რუსული აღჭურვილობის შეძენის გადაწყვეტილებით, ევროპაში ბევრი ქვეყანა გააღიზიანა.”
ნატოს წევრები ამბობენ, რომ უმჯობესია თურქეთი ალიანსში ჰყავდეთ, ვიდრე მის გარეთ.
ცოტა ხნის წინ, საფანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ალიანსს “ტვინმკვდარი” უწოდა და ევროპას უსაფრთხოების საკუთარი არქიტექტურის შექმნისკენ მოუწოდა.
ამ კომენტარებს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მკვეთრი პასუხი მოჰყვა. სტოლტენბერგმა განაცხადა: “ევროპული ერთობა ტრანსატლანტიკურ ერთობას ვერ ჩაანაცვლებს. განსაკუთრებით “ბრექსიტის” შემდეგ, ევროკავშირს ევროპის დაცვა არ შეუძლია.”
2014 წელს ყირიმის ძალადობრივი ანექსიის შემდეგ და ჯაშუშობის, კიბერ-ომის და დეზინფორმაცის მიმდინარე კამპანიების გამო, ევროპა რუსეთს უდიდეს საფრთხედ განიხილავს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ევროპელი მოკავშირეებისგან “ტვირთის გადანაწილებას” არაერთხელ მოითხოვდა. გერმანიამ პირობა დადო, რომ ნატოს ხარჯვითი ნაწილის მიზანს, საერთო ეროვნული პროდუქტის 2 პროცენტს მიაღწევს, მაგრამ მხოლოდ 2030 წლისთვის.
ჯონათან ეილმა თქვა: “შეერთებული შტატების პრეზიდენტს დამსახურებად უნდა ჩაეთვალოს, რომ მან მაგიდაზე სინამდვილეში საკმაოდ ძლიერად აბრახუნა, რათა ამერიკის ხმა გაეგოთ. ეს ასეა, და მნიშვნელოვანია, რომ ხანდახან გავიმეოროთ კლიშე - თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი.”
Facebook Forum