ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: შვედეთმა თურქეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ზომები მიიღო


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, შვედეთმა "მნიშვნელოვანი ნაბიჯები" გადადგა, რათა ნატოში გაწევრიანების გზაზე თურქეთის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება 13 ივნისს შვედეთში ვიზიტის დროს გააკეთა.

შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გაწევრიანების ოფიციალური პეტიცია გასულ თვეში წარუდგინეს. ამის მიზეზი რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია, კერძოდ - უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა - გახდა. თურქეთი ნატოში მათი მიღების წინააღმდეგია, აცხადებს რა, რომ ეს ორი სახელმწიფო ხელს უწყობს ტერორიზმს. ანკარა ქურთი დევნილების მხარდაჭერას გულისხმობს, რომელთა ორგანიზაციას, ქურთისტანის მუშათა პარტიას, ის ტერორისტების კვალიფიკაციას ანიჭებს.

"მივესალმები შვედეთის მიერ დაწყებულ ცვლილებას კონტრტერორიზმის კანონში და შვედეთის მცდელობას, დარწმუნდეს იმაში, რომ შეიარაღების ექსპორტი სამომავლოდ ნატოს წევრი ქვეყნის სტატუსს შეესაბამებოდეს. ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლებზეც აისახა პასუხი თურქეთის მიერ წამოჭრილ შეშფოთებაზე" - განაცხადა სტოლტენბერგმა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტთა კითხვებს შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან ერთად უპასუხა.

ანდერსონმა თქვა, რომ შვედეთმა ტერორიზმთან დაკავშირებული კანონი შეცვალა და ამჟამად მისი კიდევ უფრო გამკაცრების პროცესშია. "პირველი ივლისიდან ასევე გვაქვს კიდევ უფრო ძლიერი კანონი, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. ასე რომ, არ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ძლიერად აღიქვამს შვედეთი ტერორიზმს და სურვილს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ტერორიზმთან ბრძოლაში" - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა, რომელიც ერთი დღით ადრე ფინეთს სტუმრობდა, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დასავლური ალიანსის მიზანია, შვედეთი და ფინეთი "რაც შეიძლება სწრაფად" გახდნენ ნატოს წევრები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG