ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სამხედროები ავღანეთს ვადაზე ადრე დატოვებენ


ამერიკელი სამხედროები ავღანეთს ვადაზე ადრე დატოვებენ
ამერიკელი სამხედროები ავღანეთს ვადაზე ადრე დატოვებენ

ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სარდლის, საზღვაო ქვეითი ძალების გენერლის ჯონ ალენის განცხადებით ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროების დიდი ნაწილი ქვეყანას ადრე დასახელებულ ვადამდე ერთი წლით ადრე დატოვებს.

ამერიკის ხმამ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ჩამოართვა ინტერვიუ გენერალ ალენს, რომელმაც შარშან ივლისში დაიკავა ამერიკის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობა ავღანეთში.

ის აქტიურად მონაწილეობს ავღანეთის სამთავრობო ძალების გაწვრთნაში, რომლებსაც 2014 წლიდან თალიბებთან შეიარაღებული დაპირისპირება მოუწევთ.

ეს ძნელი საქმეა, რადგან თალიბები აგრძელებენ ბრძოლას ავღანეთის სამთავრობო ჯარებს კი პროფესიონალიზმი აკლიათ.

გასულ კვირას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ის 2013 წლის მიწურულისთვის ვარაუდობს სამხედრო ოპერაციებში ამერიკელი ჯარისკაცების აქტიური მონაწილეობის დასრულებას ავღანეთში.

ამ განცხადებამ უცხოელი ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია, მაგრამ გენერალ ალენის თქმით ეს გეგმა თავიდანვე განიხილებოდა. მისი თქმით:“ ეს დიდი ხნის გეგმაა. ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად მუშაობას.“

ბატონი ალენის განცხადებით 2013 წლიდან ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის ეროვნული საჯარისო ფორმირებები, რაც არ გამორიცხავს უცხოეთის ჯარების მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში.

ამერიკელი გენერლის განცხადებით:“ არა მგონია ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ რომ საომარი მოქმედებები საერთოდ შეწყდეს. თალიბები აქტიურად აგრძელებენ პარტიზანულ მოქმედებებს. ჩვენ სამხედრო მრჩევლების როლს შევასრულებთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაშიც მივიღებთ მონაწილეობას.“

გენერალი ალენი დარწმუნებულია, რომ თალიბები იოლად არ დათმობენ პოზიციებს, მაგრამ მას არ სჯერა ბრიტანულ მედიაში გაჟონილი ამერიკული საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის, რომლის თანახმად დატყვევებული თალიბები ამბობენ, რომ ახლა ისინი გასულ წლებთან შედარებით გაცილებით ძლიერები არიან.

გენერალ ალენის განცხადებით:“ ის თალიბები, რომლებიც ჩვენს ტყვეობაში იმყოფებიან ისე წარმოაჩენენ საქმეს თითქოს 2014 წლის შემდეგ მათ ვეღარაფერი შეაკავებთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ წლის შემდეგაც საერთაშორისო ძალები ამა თუ იმ ფორმით მაინც დარჩებიან ავღანეთში.“

2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო დახმარება ავღანეთის უშიშროების ძალების გაწვრთნაში. გენერალი ალენი და უსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ძალების ყოფნა ქვეყანაში აუცილებელია.

XS
SM
MD
LG