ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თითქმის სრულყოფილი" დაშვება - ნასას "ორიონი" მთვარის ორბიტიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა


წყნარ ოკეანეში დაშვებული "ორიონი". 11 დეკემბერი, 2022 წ.
წყნარ ოკეანეში დაშვებული "ორიონი". 11 დეკემბერი, 2022 წ.

კვირას, 11 დეკემბერს, ნასას "ორიონმა" მთვარის ორბიტაზე მისია დაასრულა და პარაშუტებით დედამიწაზე, წყნარ ოკეანეში დაეშვა. ეს აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ბოლო საცდელი გაფრენა იყო, რომელიც მომდევნო ეტაპზე მთვარეზე ასტრონავტების დაბრუნებას გეგმავს.

"ორიონმა" 2.25 მილიონი კილომეტრი დაფარა. ის მთვარესთან 130 კილომეტრის სიახლოვეზე ორჯერ მივიდა. "ორიონის" კაფსულა დედამიწიდან ყველაზე შორს ყოფნისას, ჩვენს პლანეტას 430 000 კილომეტრით იყო დაცილებული. კოსმოსურმა ხომალდმა არამარტო მთვარის უნიკალური ფოტოები ჩამოიტანა, არამედ დედამიწის მომაჯადოებელი ხედებიც გადაიღო.

დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, ვიდრე ის ოკეანეში, კალიფორნიასთან მდებარე გვადალუპეს კუნძულის მახლობლად დაეშვებოდა, "ორიონის" სიჩქარე ხმის სისწრაფეს 32-ჯერ აღემატებოდა. ამ დროს მას მოუწია ცელსიუსით პლუს 2 760-გრადუსიან ტემპერატურასთან გამკლავება. "ორიონის" დაშვებისას, ნასას მეცნიერებმა ახალი ტიპის, მოწინავე ტექნოლოგიებით დამზადებული სითბური ფარი გამოსცადეს, რომელიც აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. დამცავმა ფარმა ატმოსფეროში შემოსვლის დროს მხურვალებისგან კაფსულის დაცვის ტესტი წარმატებით ჩააბარა.

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დაშვება "თითქმის სრულყოფილი" იყო . "ძალიან აღელვებული ვარ... ეს არაორდინალური დღეა... ისტორიული მომენტია, რადგან ჩვენ ახლა კოსმოსში, ღრმა კოსმოსში ვბრუნდებით" - განაცხადა 11 დეკემბერს ნასას ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა, რომელიც "ორიონის" დაშვებას ჰიუსტონში მდებარე მისიის კონტროლის ცენტრიდან აკვირდებოდა. "არ მგონია, რომელიმა ჩვენგანს შეძლებოდა ამგვარი წარმატებული მისიის წარმოსახვა" - თქვა მედიასთან მისიის მენეჯერმა მაიკ სარაფინმა.

სახელგანთქმული "აპოლოს" ეპოქიდან ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ, ნასა "არტემისის" ახალი მისიის ფარგლებში, "ორიონით" ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე 2024 წელს გაუშვებს. 4 ასტრონავტის ვინაობა მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი. მათ შორის იქნებიან პირველი ქალი მთვარეზე და პირველი ფერადკანიანი, რომელიც დედამიწის თანამგზავრს ეწვევა.

2025 წელს ნასა მთვარეზე კიდევ ერთ მისიას გაუშვებს, რათა დედამიწის თანამგზავრზე მდგრადი ბაზა მომზადდეს. აგვისტოში ნასამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე 13 პოტენციური ზონა დაასახელა, სადაც მკვლევართა ახალი თაობების გაშვებას აპირებს. დაახლოებით 7 წელიწადში, 2030 წლისთვის კი ნასა ექსპედიციის მარსზე გაგზავნას გეგმავს.

"არტემისი" (ქართული შესატყვისი - არტემიდა), ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, "აპოლოს" (ქართულად - აპოლონი) ტყუპისცალი დაა. ნასაში ის სიმბოლურად ძმის მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და მომავალში კიდევ უფრო შორს, მარსზე გაფრინდება. "აპოლოს" პროგრამით მთვარეზე 1969-1972 წლებში 12 ამერიკელი ასტრონავტი გაფრინდა. დღემდე მთვარეზე დედამიწიდან ფეხი სხვა ადამიანს არ დაუდგამს.

მარტო ეს ერთი საცდელი გაფრენა ნასას $4 მილიარდი დაუჯდა, თუმცა ამ ხარჯებში არ შედის კვლევის და განვითარების მრავალწლიანი ეტაპები. ახალი სარაკეტო სისტემის განვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წელი გრძელდებოდა.

დიზაინის, კონსტრუქციის, ტესტირებისა და სხვა ხარჯების ჩათვლით, ამ დროისთვის "არტემისის" მისიის ბიუჯეტი $37 მილიარდს აღწევს. პროექტში ათასობით ადამიანი დასაქმდა, სამთავრობო სააგენტოს კონტრაქტორ კომპანიებს შორის კი ისეთი ცნობილი სახელები არიან, როგორიცაა "ბოინგი" და "ლოკჰედ მარტინი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG