ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ნარკო-კარტელები თარეშობენ


ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ნარკო-კარტელები თარეშობენ
ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ნარკო-კარტელები თარეშობენ

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მექსიკაში ძალადობის დონემ საგრძნობლად იმატა. ქვეყანაში ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალური კარტელების თარეშის აღკვეთის მიზნით მექსიკის მთავრობა და სამართალდამცველები შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მექსიკელი ოფიციალური პირების ცნობით სამშაბათს ჯარისკაცებმა ქალაქ გუერეროს მახლობლად საფლავი აღმოაჩინეს, სადაც სულ ცოტა 17 ადამიანი იყო დამარხული. ამას გარდა ცოტა ხნის წინ კრიმინალებმა თავდასხმა მოაწყვეს შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურის აგენტებზე, რის შედეგადაც ერთი აგენტი გარდაიცვალა და მდგომარეობა საზღვარზე დაიძაბა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი რობერტ რაფაელე იუწყება, ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მექსიკაში ვითარების ნორმალიზაცია ქვეყნის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის შემდგომ სრულყოფასა და განმტკიცებაზე იქნება დამოკიდებული.

15 თებერვალს ჩრდილოეთ მექსიკაში მომხდარი თავდასხმა შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი შემაშფოთებელი შეხსენება გახლდათ. თავდასხმის შედეგად უცნობი შეიარაღებული პირის ტყვიამ ერთი აგენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული თავდასხმა მოხდა ამ ბოლო ხანებში მექსიკაში ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მზარდი შეიარაღებული პაექრობის ფონზე. ინციდენტმა ამერიკელ და მექსიკელ ოფიციალურ პირებს შორის დაძაბულობა გაზარდა.

ახლახან მექსიკურ გაზეთ „ელ უნივერსალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა იმაში, რომ ამერიკის მთავრობა შეერთებულ შტატებში ნარკოტიკებზე მოთხოვნის შესამცირებლად და მექსიკაში მსუბუქი შეიარაღების ნაკადის შესაწყვეტად სათანადო ზომებს არ იღებს.

ბატონმა კალდერონმა უკმაყოფილება გამოთქვა ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ შეერთებული შტატების საიდუმლო დიპლომატიურ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებშიც ამერიკელი დიპლომატები მექსიკის მთავრობის ძალისხმევას უსაფრთხოების სფეროში ცუდად აფასებენ. კალდერონმა ამერიკელი დიპლომატები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი საკუთარ დაკვირვებებს განგებ აზვიადებდნენ უფროსებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

შეერთებული შტატების ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული პოლიტიკის ოფისის დირექტორი გილ კერლიკოვსკი აღნიშნავს, რომ რაც შეეხება საზღვრისპირა რაიონებში ნარკოტიკებთან ბრძოლას შეერთებული შტატები ორი მიზნის მიღწევას ცდილობს.

„უწინარეს ყოვლისა კრიტიკულად მნიშვნელოვან ამოცანას ძალადობის დონის შემცირება წარმოადგენს. ხოლო ჩვენი მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ მექსიკაში საზღვრის პერიმეტრის პატრულირება სამხედროებმა თანდათან სამოქალაქო სამართალდამცველებს უნდა გადააბარონ. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ ჩვენს მიზანს ისეთი სამოქალაქო პოლიციის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც კომპეტენტური და პროფესიული იქნება და რომელსაც ხალხი ენდობა,“ განაცხადა გილ კერლიკოვსკიმ.

ვუდროუ უილსონის სახელობის ცენტრთან არსებული მექსიკის ინსტიტუტის დირექტორი ენდრიუ სელი აღნიშნავს, რომ საკმაოდ პრობლემატურია ის გარემოება, რომ მექსიკაში მოსახლეობა პოლიციას არ ენდობა.

„რაც შეეხება გასამართლებას, პროკურორები სისხლის სამართლის საქმეების უმრავლესობას სასამართლოებში არ იხილავენ. მტკიცებულებების შეგროვების შესაძლებლობები შეზღუდულია რაც საქმეების მიუკერძოებელ გასამართლებას გამორიცხავს. ამას გარდა პროკურორებს შორის ფართოდ გავრცელებულია კორუფცია და შედეგად ბევრი ბრალდებული გასამართლებას ადვილად თავს არიდებს. ხალხი სასამართლო სისტემას არ ენდობა. სასამართლოებში პროკურორებს უფრო მეტი წონა აქვთ, ხოლო მსაჯულები ბრალდებულებს იშვიათად თუ ნახულობენ და ბევრ შემთხვევაში სასამართლოს თანამშრომლების მოქრთამვა ძალიან ადვილია,“ დასძინა ენდრიუ სალიმ.

კანონის უზენაესობა მექსიკაში ძალიან აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მას შემდეგ რაც 2006 წელს ფელიპე კალდერონი პრეზიდენტი გახდა, მან ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალურ კარტელებს ომი გამოუცხადა, რამაც დღემდე მექსიკაში 34,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG