ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარის ხუნტამ ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯა


ორშაბათს, მიანმარის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა, რომ სიკვდილით დასაჯა დემოკრატიისთვის მებრძოლი ოთხი აქტივისტი, რომელთაც ბრალი „ტერორისტული აქტების“ მხარდაჭერაში დასდეს. ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში სიკვდილით დასჯის პირველმა შემთხვევამ ფართოდ გავრცელებული დაგმობა გამოიწვია.

იანვარში და აპრილში საიდუმლო სასამართლოებზე სიკვდილმისჯილ ადამიანებს, ბრალად სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობისადმი დახმარება დასდეს. მოძრაობა სამხედრო ხუნტას გასული წლის პუტჩის და ეროვნული მასშტაბით პროტესტების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ ებრძოდა.

სიკვდილით დასჯილთა შორის იყვნენ დემოკრატიის კამპანიის მონაწილე კიავ მინ იუ, რომელსაც ცნობილი იყო სახელით „ჯიმი“ და ყოფილი კანონმდებელი და ჰიპ-ჰოპის არტისტი ფიო ზეია თოუ, დამხობილი ლიდერის, ოუნგ სან სუუ კის მოკავშირე. კიდევ ორი სიკვდილით დასჯილი იყო ჰლა მიო ოუნგი და ოუნგ თურა ზოუ.

სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ „სასჯელი აღსრულდა“, მაგრამ არ უთქვამს თუ ეს როდის ან როგორი მეთოდით მოხდა. ადრე მიანმარში სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ხდებოდა.

ჩრდილოვანმა ეროვნული ერთობის მთავრობამ, რომელიც ხუნტის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას უძღვება, განაცხადა, რომ ახლა საერთაშორისო რეაქციის დროა.

მიანმარი, ყოფილი ბრიტანული კოლონია, ბოლო პუტჩის შემდეგ ქაოსის მდგომარეობაშია. სამხედრო ხუნტა, რომელიც ბოლო ექვსი ათწლეულიდან ხუთი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას მართავდა, ახლად შექმნილ სახალხო ლაშქრის ჯგუფებს მრავალ ფრონტზე ებრძვის.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა სიკვდილით დასჯას სამხედროების მხრიდან „სასტიკი და უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა, რომელსაც შეეძლება „მხოლოდ გააღრმავოს მისი ჩათრევა კრიზისში, რომელიც თვითონვე შექმნა.“

სიკვდილით დასჯილთა ცხედრები მათი ოჯახების წევრებს არ გადასცეს.

ორშაბათს, ახალი ამბების ყოველდღიურ სატელევიზიო ბიულეტენში, ხუნტას სიკვდილით დასჯა არ უხსენებია.

XS
SM
MD
LG