ქალაქ ირვინში გამართული ქალაქის საზოგადოებრიობის კრება საკმაოდ ემოციური იყო. მასზე გამოსულმა მუსლიმი უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოლქის პროკურორი მათ უსამართლოდ ექცევა.
ჰუსამ ალუში ამერიკელ მუსლიმთა საადვოკატო ჯგუფს წარმოადგენს. მისი განმარტებით, კალიფორნიის უნივერსიტეტის 11 მუსლიმი სტუდენტი აშკარა დისკრიმინაციის მსხვერპლია.
გასულ წელს მათ ისრაელის სახელმწიფოს ელჩის, მიქაელ ორენის, წინააღმდეგ, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ბატონი ორენი უნივერსიტეტის მოწვევით სტუდენტთა წინაშე სიტყვით გამოდიოდა. მუსლიმი სტუდენტები დარბაზში რიგრიგობით დგებოდნენ და საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ. დაცვამ ისინი შეხვედრიდან გამოიყვანა და მალე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მუსლიმ სტუდენტთა კავშირის საქმიანობაც გარკვეულწილად შეზღუდა.
საქმე სასამართლომდე მივიდა. ერთი წლის შემდეგ ლოს ანჟელესთან მდებარე ორენჯის ოლქის პროკურორმა მათ შემდეგი ბრალეულობა წაუყენა: უნივერსიტეტის მიერ გამართული ღონისძიების ჩაშლის მცდელობა და ელჩის სიტყვით გამოსვლაში ხელის შეშლა.
„ამერიკის ხმა“ ერთ-ერთი სტუდენტის მამას, მაუთაზ ჰერზალას, ესაუბრა. მისი თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტები პოლიტიკური აქტიურობისთვის კი არ უნდა დასაჯოს, არამედ უნდა წაახალისოს კიდეც. „ ეს ამბავი რომ გავიგე, გავიფიქრე, ჩემი შვილი გმირია-მეთქი. ჩემს ცოლს ისიც კი ვუთხარი, არა უშავს, თუ ციხეში გაუშვებენ. მე მისით მაინც ვიამაყებ“. განაცხადა ბატონმა ჰერზალამ.
სასამართლო საქმე საკმაოდ გახმაურდა და მას მედიაში ხშირად „ირვინის 11-ს“ უწოდებენ. რიმ სალეჰი, სტუდენტების ადვოკატი, დაბეჯითებით სთხოვს მათ ოჯახებს, რომ ჟურნალისტებთან ყოველგვარი ურთიერთობისგან თავი შეიკავონ. ქალბატონი სალეჰი, გმობს რა ოლქის პროკურორის გადაწყვეტილებას, აცხადებს:
“წმიდა სახის მუსლიმთა დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე. განსასჯელები მხოლოდ მათი რწმენის და იდეოლოგიის მიხედვით არიან შერჩეულები“.
ქალაქის საზოგადოებრიობის აღნიშნულ კრებაზე ებრაული და ქრისტიანული ჯგუფების წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ. ისინი აქ იმისთვის მოვიდნენ, რომ მუსლიმი მეზობლებისთვის მხარი დაეჭირათ. პასტორ ბენიტესის განცხადებით, აღნიშნული სასამართლო საქმე სიტყვის თავისუფლების, ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლების, უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სიუზან შროდერი, ოლქის პროკურატურის წარმომადგენელი, კი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს. იგი აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება და კონსტიტუციის პირველი შესწორება - ეს მხოლოდ სპეკულაციაა და დამცველთა მიერ წამოწყებული პიარ-კამპანიიის ნაწილს შეადგენს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის 100-ზე მეტმა პროფესორმა წერილობითი თხოვნით მიმართა ორენჯის ოლქის პროკურატურას გააუქმოს ბრალდება. თუკი პროკურატურა ამ თხოვნას არ გაითვალისწინებს, მაშინ სასამართლო პროცესზე გაირკვევა, თუ რამდენად სწორია ბრალეულობის კვალიფიკაცია და დაარღვია თუ არა მართლაც კანონი თერთმეტმა მუსლიმმა სტუდენტმა.