ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები პოლიციის წინააღმდეგ


51-გვერდიანი ანგარიში ქალაქ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტს მუსლიმთა წინააღმდეგ უკანონო ქმედებებში ამხელს

ამერიკელ მუსლიმთა კოალიციამ ქალაქ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტს ანგარიში გადასცა, რომლის მიხედვითაც მუსლიმები სამართალდამცავთა მხრიდან მეტად მოწმდებიან და მეტ დევნას განიცდიან, ვიდრე სხვა აღმსარებლობის მიმდევრები. ისინი ელემენტარულ სამართლებრივ დაცვას და უკანონო თვალთვალის თაობაზე კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებას მოითხოვენ.

40 ადამიანისგან შემდგარი მუსლიმ ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების დამცავი კოალიცია და სხვა უფლებადამცველები მანჰეტენის ცენტრში საგანგებო პრეზენტაციისთვის შეიკრიბნენ. კოალიციამ ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით 51-გვერდიანი ანგარიში წარადგინა, სახელწოდებით „მუსლიმი სამიზნე: პოლიციის თვალთვალი და მისი გავლენა ამერიკელ მუსლიმებზე“.

იურისტი დიალა შამასი საუნივერსიტეტო პროექტის ხელმძღვანელია, რომელიც ქალაქის პოლიციის ანგარიშვალდებულების და მისი მუშაობის გამჭვირვალობის რეკლამირებას ეწევა. დაილას თქმით, ნიუ იორკის პოლიციის მხრიდან მუსლიმთა თვალთვალი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა.

„ვიცით, რომ ისინი მეჩეთებში ინფორმატორებს გზავნიან, ჩვენს სამლოცველოებშიც კი. ასევე ჰყავთ აგენტები მუსლიმ სტუდენტთა ასოციაციებში, კლუბებში, წრეებზე, ექსკურსიებზე, ისეთ ადგილებში, სადაც წესით პოლიციას არაფერი უნდა ესაქმებოდეს“ - ამბობს დაილა. ადვოკატი თან იმასაც დასძენს, რომ დანამდვილებით არავინ იცის, თუ სად გადის მათ მიერ დაწესებული თვალთვალის ზღვარი და რა მეთოდებს იყენებენ ისინი.

„ის კი ცნობილია, რომ მხოლოდ საიდუმლო პოლიცია არ მუშაობს, მათ ინფორმატორებიც ყავთ ჩანერგილი ჩვენს საზოგადოებრივ წრეებში. ფინანსური ზეწოლით, ან მათი სისუსტეების გამოყენებით ადამიანებს იძულებულს ხდიან რაც იქ ხდება, ყველაფერი პოლიციას შეატყობინონ, ნებისმიერი საუბარიც კი“ - აცხადებს დაილა შამასი.

მარიამ საიდი ჯონ ჯეის კოლეჯის კრიმინალური სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს. ის ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე ყვება, როცა პირველად შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მუსლიმთა წრეში ინფორმატორი იყო, რომელსაც სტუდენტები თანაკურსელად და მეგობრად მიიჩნევდნენ.

„ეს რომ გავიგეთ, ჩვენში ერთგვარი უნდობლობის გარემო შეიქმნა. ის კარგი მეგობარი გვეგონა, ძმასავით ვენდობოდით. ჩვენ ხომ ერთი ოჯახივით ვართ, საკუთარ წევრად მივიღეთ და ყველაფერში გვერდით ვედექით. ის კი თურმე გვაკვირდებოდა და ყველაფერს პოლიციაში ყვებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია“ - მოგვითხრობს მარიამი.

ანალოგიურ ფაქტებზე დაყრდობით ამერიკელ მუსლიმთა კოალიცია ნიუ იორკის პოლიციას და მუსლიმთა საზოგადოებრივ ჯგუფებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. ანგარიში „მუსლიმი სამიზნე - პოლიციის თვალთვალი და მისი გავლენა ამერიკელ მუსლიმებზე“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ზედამხედველობა უკანონოა და ამერიკის მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით თანაბრად მინიჭებული გარანტიების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია შეკრების თავისუფლებაზე და რელიგიურ დისკრიმინაციაზე. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG