ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს პორტრეტი


ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს პორტრეტი
ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს პორტრეტი

მუსლიმთა საძმო ეგვიპტეში ქვეყნის ყველაზე კარგად ორგანიზებული ოპოზიციური ჯგუფია. ორგანიზაციის წევრებმა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდებაში დიდი როლი ითამაშეს. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ისინი არ დომინირებენ ეგვიპტის ოპოზიციაში. ჯერ კიდევ კანონგარეშედ მყოფი მუსლიმთა საძმო ძირითადად კულისებს მიღმა მოქმედებს. მისი ლიდერები იმედოვნებენ, რომ მათი დღევანდელი წარმატება მომავალში არაბული სამყაროს ამ ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში შარიათის, მუსლიმთა რჯულის კანონის, დამკვიდრების წინაპირობა გახდება.

„აი, სად და როგორ იგებს ეგვიპტელთა გულს მუსლიმთა საძმო“, მოგვითხრობს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლუის რამირესი. ჩვენ ახლა ქაიროს გარეუბანში, ელ ფაროქის საავადმყოფოში ვიმყოფებით. როგორც მრავალი სხვა დაწესებულება, ეს კლინიკა ოფიციალურად არ აღიარებს, რომ მუსლიმთა საძმოსგან იღებს დახმარებას. თუმცა ამერიკის ხმის კორესპონდენტი სწორედ საძმოს წევრებმა მოიყვანეს აქ. საავადმყოფოს დირექტორი მაგდი აჰმედ აბდელ აზიზი ამბობს, რომ მათი კლინიკა ემსახურება განურჩევლად ყველას, განსაკუთრებით კი ღარიბ ფენას.

“ხშირად ვიღებთ მაღალი კლასის საზოგადოებას, ძირითადად - გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. თუმცა ვცდილობთ ფართოდ მოვემსახუროთ უფრო ღარიბ მოსახლეობასაც“.

იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარად და ისინი დახმარებისთვის ხშირად მიმართავენ დონორებს. აზიზის თქმით, მისი კლინიკა მკურნალობს პაციენტებს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.

სწორედ ამ მიზეზით მიმართა ხსენებულ საავადმყოფოს ადვოკატმა ისმაილ მუჰამედ ისმაილმა, რომელმაც სულ ახლახან გაიკეთა ოპერაცია.

„ ხედავთ, თქვენს უკან, ტელევიზორში, წმიდა ყურანიდან სტროფებს კითხულობენ. აქ მომსახურე პერსონალს საღვთო მცნება ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი გამჯდარი და გათავისებული აქვს. ძალზე კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს. ყოველივე, რაც ისლამს უკავშირდება შვებას მგვრის“.

მუსლიმთა საძმო არ არის ჯიჰადისტური ორგანიზაცია. იგი უფრო თანდათანობითი გარდაქმნების მომხრეა. თუმცა საძმოს ყოფილი ხელმძღვანელი, მუჰამედ მაჰდი აკეფი აღნიშნავს, რომ მათი საბოლოო მიზანი გარკვევით არის ჩამოყალიბებული: ისლამმა უნდა მართოს ეგვიპტე.

ჰოსნი მუბარაქის წასვლამ და თავისუფალმა, სამართლიანმა არჩევნებმა მუსლიმთა საძმოს ახალი იმედი მისცა. ღარიბთა კლასის ფართო მხარდაჭერით ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

საავადმყოფოს პაციენტმა, ადვოკატმა ისმაილ მუჰამედ ისმაილმა, უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე - მისცემს თუ არა იგი ხმას მუსლიმთა საძმოს. მან განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული შარიათის დამკვიდრების აუცილებლობაში.

„ სამოცდაათიან წლებში, ნასირის და სადათის პრეზიდენტობის ხანაში, ხალხი მოკლე ქვედატანს ატარებდა, მაგრამ რწმენა მათში უფრო ძლიერი იყო. ახლა შედარებით მეტი ატარებს ჰიჯაბს, მაგრამ მათი სული თითქმის დაცარიელებულია. ძალიან მინდა რელიგია დაბრუნდეს ხალხში, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“.

ათწლეულობით პოლიტიკიდან იძულებითი იზოლირების შემდეგ, მუსლიმთა საძმო ელ ფაროქის საავადმყოფოს მსგავს ორგანიზაციებში ხალხის ნდობას მოიპოვებს. შემდეგი ნაბიჯი ეგვიპტის უფრო ფართო მასების მხარდაჭერაა.

XS
SM
MD
LG