ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გვამები" მუხროვანის ამბოხიდან


დაახლოებით 4 წუთიან ვიდეოში, რომელის ავტორიც ამ დრომდე უცნობია შსს-ს წარმომადგენლებისთვის, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ „ორი გვამი სჭირდება“, რისთვისაც პრემია იქნება მაღალი.

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერმა და შსს მინისტრმა დღეს ეს სიტყვები შემდეგნაირად განმარტა: "ეს ჩანაწერი მახსოვს და ის კადრებში ჩანს, რომ კეთდება ღიად. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე, პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა და მე მინდა ერთ მცირე დეტალზე მივაქციო თქვენი ყურადღება. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში, გარდა მანამდე ჩვენთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის დავალებით, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი. ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა, კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომმუხროვანის ამბოხისას გადაღებული კადრები საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერაა გავრცელებული, რადგან ეს არაა ფარული ჩანაწერი, არამედ ოფიციალურად დაცული ვიდეო მასალა. "ვინც იცნობს ვანო მერაბიშვილს და იცის მისი არც თუ ისე გრამატიკულად დახვეწილ საუბარს, ადვილად გაარჩევს, მიუხედავად იმისა, რომ კადრები უდავოა, რომ გავრცელებულია პროკურატურის მიერ, შსს-სა და მთავრობის დავალებით, იქიდანაც კარგად ჩანს, რაშია საქმე. მერაბიშვილი ჯერ საუბრობს დაჭერაზე და დაკითხვაზე ორი პიროვნების, შემდეგ კი თეორიულად გვამებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, აძლევს დავალებას სპეცრაზმელებს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ აქვთ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება"

გავრცელებული ვიდეოს შესახებ განცხადება დღეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატოს წარმომადგენლობას მუხროვანის ამბოხის თაობაზე ინფორმაცია ჰქონდა. მან ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მოვლენების გაშუქებისას: "მუხროვანის აჯანყების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია გაგვაჩნდა, მაგრამ ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ კომენტარისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება გუშინდელ ვიდეოს, ჩვენ ამის თაობაზე საქმის კურში ვართ, მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს, თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან, რადგან ეს ეხება სამხედრო სტრუქტურას, რომელიც მოქმედებს ძალიან მკაცრად გაწერილი კანონზომიერებით. ჩემი თხოვნაა თავი შეიკავოთ და არ განიხილოთ, მოქმედებდა თუ არა არალეგიტიმურად სამხედრო პერსონალი".

ამერიკის ხმასთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი რიგის საქმე ახლა მოკვლევა და გამოძიებაა. "უნდა ჩატარდეს გამოძიება, როგორც მინიმუმ, უნდა ჩატარდეს შიდა სამსახურებრივი მოკვლევაც, ორივე. აქაა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი ის, რაცაა დაფიქსირებული ვიდეოზე: უნდა შესწავლილი იქნას და პროკურატურამ უნდა თქვას, არის ამ ყველაფერში დანაშაულის ნიშნები თუ არა და შეადგინოს თავისი დასკვნა, ანუ გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს ამ ფაქტზე და მეორე: ეს არაა ტელევიზიის მასალა. ესაა შსს-ში დაცული მასალა. რატომ ხვდება შსს-ს არქივში დაცული მასალა youtube-ზე ეს კიდევ მეორე თემაა. ასე რომ, რაც უფრო დროზე ჩაერთვებიან საგამოძიებო სტრუქტურები, უკეთესია. ის ადამიანები, ვინც იქ არიან დაფიქსირებულები, ყველას გამოკითხვა შეიძლება. თანაც ჩვენ ვნახეთ პატარა ეპიზოდი რაღაც მასალის, მთლიანი მასალის ამოღება და მთლიანი სურათის აღდგენა შეიძლება. ახლა აქედან რა გასაჯაროვდება და რა დაექვემდებარება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებას, მეორე საკითხია, მაგრამ პროცედურების წარმართვას და გამოძიების დაწყებას, ეს ხელს არანაირად არ უშლის, "- ამბობს თენგიზ ფხალაძე.

გენერალურმა პროკურატურამ საქმე ვიდეოს გავრცელების შესახებ უკვე აღძრა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პირები დავით ნაირაშვილი, შმაგი თელია, რომლებიც გავრცელებულ კადრებში ჩანან და ვინც დღეს თანამდებობას იკავებდა, დროებით შესაძლოა ჩამოაცილონ თანამდებობას.

კომენტარების ნახვა (4)

XS
SM
MD
LG