ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლში ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ს არჩევნებს


კრემლში ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ს არჩევნებს
კრემლში ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ს არჩევნებს

ორი ნოემბრის ამერიკის კონგრესის არჩევნები მოსკოვში სერიოზული დებატების საგანი გახდა. კრემლში ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას. რესპუბლიკელების მოსვლამ შეიძლება სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ დაფაზე. რუსი დეპუტატები ინტონაციის შეცვლით და ირანთან ურთიერთობის დარეგულირებით იმუქრებიან. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ რუსეთ-ამერიკის “გადატვირთვას“ სერიოზული საფრთხე ემუქრება.

“ახალი უნივერსიტეტის“ რექტორი და პოლიტოლიგი ალექსანდრე დუგინი თვლის, რომ ობამასთან მეგობრობას რუსეთს აგრესიულ ამერიკასთან ურთიერთობა ურჩევნია

“ვფიქრობ, რესპუბლიკელებს ობამას წინააღმდეგ სერიოზული პრეტენზიები გააჩნიათ. ბევრი დემოკრატი გაღიზიანებული და გულდაწყვეტილია მისი პოლიტიკით. ნობელის პრემია მას კრედიტად გადასცეს, ეს იყო წამახალისებელი საჩუქარი. ხალხი დაიღალა მშვიდობის მოლოდინში. არც ერაყში და არც ავღანეთში სიტუაცია არ შეცვლილა. “ვიკილიკსის“ სკანდალმაც ობამას იმიჯზე დადებითად არ იმოქმედა.

რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, აქ სიტუაცია გაცილებით რთულია. ვფიქრობ, ჩვენ ქვეყნებს არა აქვთ ურთიერთგადაკვეთის წერტილები და არც ექნებათ. ნებისმიერი საკითხის ერთობლივი გადაწყვეტის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე აუცილებლად უკმაყოფილო იქნება. ჩვენ ვერ მოვნახავთ საერთო ენას. ის რაც ამერიკას შეიძლება აწყობდეს, რუსეთს შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს. ეს გეოპოლიტიკაა. კრემლი მშვენივრად ხვდება, რომ ამერიკის სურვილი მოსკოვთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად მირაჟია. ვაშინგტონი ამ ფორმით ცდილობს რუსეთი მსოფლიო ჰეგემონიისგან შეაკავოს. ასე რომ, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში კარგი არაფერი მოხდება“

დუმის დეპუტატს და “ედინაია როსიას“ წევრ სემიონ ბაღდასაროვს მიაჩნია, რომ თუ ამერიკა რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლას დააპირებს, მოსკოვის პასუხი მკაცრი იქნება

“ ვფიქრობ, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა დემოკრატების გამარჯვება, მაგრამ ობამამ ვერ შეასრულა ამერიკელების წინაშე აღებული ვალდებულებები. მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკელების მოსვლის შემთხვევაში, რუსეთთან “გადატვირთვა“ დიდი კითხვის ნიშნის წინაშე აღმოჩნდება. თეთრ სახლს დიდი ტკივილი აქვს ავღანეთის სახით, ზუსტად ამ შემთხვევაში მას არ შეუძლია მარტომ იმოქმედოს რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე.

მინდა გავაფრთხილო ამერიკელი კოლეგები, თუ შეერთებული შტატები დაიკავებს მკაცრ პოზიციას ჩვენთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში რუსეთი აუცილებლად უპასუხებს თავისი დამოკიდებულებით ავღანეთთან დაკავშირებით. მოსკოვი კომპრომისზე წავიდა და ირანთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ნაბიჯი ჩვენთვის არ იყო ხელსაყრელი. დიმიტრი მედვედევმა ობამასთან თანამშრომლობა არჩია. ასე რომ, ამერიკას ვურჩევთ სერიოზულად დაფიქრდეს, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია ირანთან ურთიერთობის გადახედვით ვუპასუხოთ“

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი თვლის, რომ რესპუბლიკელების გამარჯვება რუსეთს კარგს არაფერს მოუტანს

“ დღეს უკვე შეგვიძლია სენატის წინასწარ შედეგებზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ ობამას მომხრეები დაკარგავენ წარმომადგენლების პალატას. ვაშინგტონის პოლიტიკა უსუსური აღმოჩნდა. ვფიქრობ, რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ ხმათა უმრავლესობით. ყველა ხვდება, რომ ობამას დაპირებები მხოლოდ დაპირებად დარჩა. სენატის არჩევნები ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელევანი მოვლენაა, ვინაიდან გაირკვევა, თუ ვინ გახდება ამერიკის მომავალი პრეზიდენტი. ვფიქრობ, ობამას დღეები დათვლილია.

კრემლი სერიოზულად დაიძაბება რუსპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, მას არ აწყობს ობამას წასვლა. ის სუსტი პრეზიდენტია. ობამას პოლიტიკამ ამერიკის გავლენა მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზულად შეამცირა. კრემლი ცდილობს ობამა საკუთარ ჭკუაზე ატაროს, რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ ურა-პატრიოტებს ძალიან უნდათ ამერიკის დასუსტება, მისი მსოფლიო არენიდან წასვლა. კრემლი ვერ ხვდება იმ ფაქტს, რომ თუ შეერთებული შტატები წავა ავღანეთიდან და დასუსტდება, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ქვეყანა ისეთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, როგორიცაა ჩინეთი და ისლამური სამყარო“

რუსი პოლიტიკური ელიტა ორი ნოემბრის მოლოდინში სიტუაციის პროგნოზირებას ცდილობს. კრემლში არ მალავენ, თუ რა პოლიტიკური სვლა მოყვება რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG