ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ევროპელი ლიდერების მოწოდებას ეხმაურება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდებებს გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ მოწოდებების მეორე ნაწილი, რომელშიც რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებათა დარვევის ფაქტებში, ყირიმის ნახევარკუნძულზე და ასევე აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მოვლენათა ესკალაციაში, ქვეყანას მიუღებელ მოთხოვნებს უყენებს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა, ამ საუბრისას მან კანცლერს უთხრა, რომ მეზღვაურების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და მათ მიმართ რუსული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები ხორციელდება. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "RIA ნოვოსტიმ" კრემლის პრეს-სპიკერ დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით გაავრცელა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი განცხადება პარასკევს გააკეთეს და ბრალი დასდეს რუსეთს სამხედრო ძალის გამოყენებაში და შავ ზღვაში უკრაინული ხომალდების უკანონო შემოწმებებაში. მათ მოსთხოვეს კრემლს იმ 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლება, რომლებიც ნოემბრის ბოლოს ქერჩის სრუტესთან რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მერკელმა და მაკრონმა ასევე დაასახელეს ის საკითხები, რომლებიც მათ “ძლიერ აშფოთებს”. ევროპელმა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ზეწოლას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, 2015 წელს მიღწეული შეთანხმება რეალურად განხორციელდეს.

ამავე დროს, შაბათსვე გახდა ცნობილი, რომ რუსეთი კიევის მიერ რუსულ კომპანიებსა და ბიზნეს ფიგურებზე დაწესებული სანქციების საპასუხო ნაბიჯს დგამს და უკრაინული პროდუქტის იმპორტზე სანქციებს აფართოებს. აკრძალვა დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტს - წლიურ იმპორტს შეეხება. საუბარია ძირითადად ინდუსტრიულ პროდუქტზე. წელს პრეზიდენტმა პუტინმა მინისტრთა კაბინეტს ინსტრუქცია მისცა, მოემზადებინათ უკრანის წინააღმდეგ ასამოქმედებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.

ამ მოვლენათა პარალელურად რუსეთში, მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ინდექსი ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილ 4 პროცენტს ასცდა - პირველად 2017 წლის ივნისიდან მოყოლებული. ეს მონაცემები სტატისტიკის სამსახურის პირველად შეფასებებს ეფუძნება. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი რუსეთში დეკემბერში 4.2 % იყო. ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა ამ თვეში ამბობდა, რომ ბანკი პროაქტიულად მოქმედებდა და მართალია მომავალი წლის პირველ ნახევარში ინფლაციამ შეიძლება 6 %-საც მიაღწიოს, მაგრამ ბანკი კვლავ ხედავს სივრცეს მონეტარული პოლიტიკისთვის, რომლის შედეგადაც, 2019 წლის ბოლოს და 2020-ის დასაწყისში მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG