ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრიტიშ პეტროლეუმმა" მექსიკის ყურეში კიდევ ერთი მარცხი განიცადა


დაზიანებულ წყალქვეშა ჭაბურღილზე ნავთობის დინების შეჩერება წარუმატებელი აღმოჩნდა.

გუშინ ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ „ბრიტიშ პეტროლეუმმა“ მექსიკის ყურეში წყალქვეშა ჭაბურღილზე ნავთობის დინების შეჩერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მარცხი განიცადა. ამჯერად ხერხი, რომელსაც წყალქვეშა რობოტები დაზიანებული მილსადენის მოკვეთის მიზნით იყენებდნენ, გაფუჭდა. გვიან ოთხშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს ხერხის ამუშავება. მაგრამ „ბი-პი“-ს მცდელობების პარალელურად, შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღსძრა ქვეყნის ისტორიაში ნავთობის დაღვრის ყველაზე ტრაგიკული შემთხვევის გამო.

ოთხშაბათს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დაფიქსირებული დროებითი დადებითი ტენდენციის შემდეგ, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის ნავთომომპოვებელი გიგანტის აქციების ფასი ნავთობჭაბურღილზე 20 აპრილს მომხდარი ავარიის შემდეგ 70 მილიარდი დოლარით შემცირდა.

ამასობაში ამერიკის ფედერალური მთავრობა „ბი-პი“-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა:

„ჩვენ უკვე დავავალეთ ყველა სათანადო ორგანოს იმ დოკუმენტების შენახვა, რომელიც ამ კატასტროფას ეხება. ახლო მომავალში ჩვენ ამ ფაქტებს ზედმიწევნით შევისწავლით. ჩვენი მიდგომა აგრესიული და ყოვლისმომცველი იქნება.“

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ადმირალმა თედ ალენმა აღნიშნა, რომ „ბი-პი“-ს ინჟინრები ცდილობდნენ იმ ხერხის ამუშავებას, რომელსაც დაზიანებული მილსადენის მონაკვეთის გახერხვის დროს ტექნიკური გაუმართაობა მოუვიდა. მისი თქმით:

„ისინი ამწევი მილსადენის გადაადგილებას ცდილობენ. დღეს მთავარი მიზანია დასრულდეს მილსადენის გახერხვა რათა საცავი მოწყობილობა ჭაბურღილის წვერზე დამაგრდეს.“

გუშინდელი ფიასკო „ბი-პი“-ს მიერ ნავთობის დაღვრის შეჩერების უკვე მეშვიდე წარუმატებელი მცდელობაა.

მაგრამ უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება.

ზოგიერთი გამოთვლის თანახმად დღემდე მექსიკის ყურეში ნავთობის 160 მილიონი ლიტრი დაიღვარა, რის შედეგადაც სანაპირო ხაზის 100-კილომეტრიანი მონაკვეთი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ადგილობრივი მოსახლეობა დიდ შეშფოთებას გამოთქვამს. ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით:

„თუ ნავთობმა ხმელეთამდე მიაღწია, მაშინ რას გვიპირებენ? თუ ამას ქარიშხალი მოჰყვა, ჩვენ სახლებს და ყველაფერს დავკარგავთ.“

დაღვრილმა ნავთობმა უკვე ამერიკის სამი შტატი დააზარალა, ლუიზიანას, ალაბამასა, და მისისიპის ჩათვლით. ახლა ნავთობის ნაკადი ფლორიდის სანაპიროს მიმართულებით მიედინება.

გავრცელებული ცნობების თანახმად დაღვრილი ნავთობის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებზე გაღებული დანახარჯები 37 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

XS
SM
MD
LG