ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დროებითი მთავრობა დაკომპლექტდა


თავდაცვის მინისტრი, აბდელ ფატა ელ სისი, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა მორსის დამხობაში პირველი ვიცე-პრემიერი გახდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
ბმული

პოლიციასა და დამხობილი ექს-პრეზიდენტის მომხრეებს შორის შეტაკების მეორე დღეს, სამშაბათს ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ფიცი დადო. გარდამავალ მთავრობას ეგვიპტის გენერალიტეტი უჭერს მხარს.

ეგვიპტის გარდამავალმა მთავრობამ ფიცი ეგვიპტის დროებით დანიშნული პრეზიდენტის, ედლი მანსურის წინაშე დადო. ფიცის დადების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ახალმა მინისტრებმა ეგვიპტის კონსტიტუციაზე დაიფიცეს, რომ დაიცავენ ქვეყნის კონსტიტუციას, ქვეყნის საზღვრებს და სახელმწიფოს რესპუბლიკური მართვის სტილს.

გამოცდილმა ეკონომისტმა ჰაზემ ელ ბადლავიმ, რომელიც მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს ფიცი პირველმა დადო. თავდაცვის მინისტრი, აბდელ ფატა ელ სისი, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა მორსის დამხობაში, პოსტზე რჩება და პარალელურად პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზეც ინიშნება.

ახალი გარდამავალი მთავრობა ტექნოკრატებით და პოლიტიკური ფიგურებით დაკომპლექტდა. ოცდათხუთმეტ წევრიან მინისტრთა კაბინეტში სამი მანდილოსანია, ზოგიერთი ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი, უმრავლესობა კი მუსლიმია. მუსლიმთა საძმოს და სალაფი ნურის პარტიის წარმომადგენლებს სამთავრობო სავარძლებზე უარი ეთქვათ.

ქაიროში ორშაბათს ღამეს დაქსაქსული შეტაკებების დროს შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ათობით დაიჭრა. ძალადობის ბრალდებით პოლიციამ 400 ადამიანი დააპატიმრა.

სისხლისღვრა მორსის მომხრეების მიერ ქაიროს ცენტრალურ ქუჩებში და ხიდზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვის მცდელობას მოყვა. გიზასთან პოლიციამ და ადგილობრივმა მცხოვრებებმა დემონსტრანტების შეჩერება მოახერხეს, ვიდრე ისინი ხიდს მიუახლოვდებოდნენ.

ინტერნეტის საშუალებით ალ აჰრამმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მორსის ზოგიერთმა თანამოაზრემ თავი რამზის მოედანზე მდებარე მეჩეთს შეაფარა. ეს არის ადგილი, სადაც შეტაკება დაიწყო.

თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ამით შეეცადა, რომ დემონსტრანტები თაჰრირის მოედანზე არ მისულიყვნენ, სადაც მორსის მომხრეებმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენეს.

ეგვიპტის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა აჰმედ მუსლიმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ბოლო პერიოდის მშფოთვარე ისტორიამ, ორი ყოფილი პრეზიდენტის და სამხედროების შეუთანხმებლობის ეპოქამ ეგვიპტელების ერთმანეთთან დაპირისპირება გამოიწვია.

მისი განცხადებით, გასული ისტორიის სამმა სხვადასხვა პოლიტიკურმა პერიოდმა მოწინააღმდეგე იდეოლოგია შექმნა და ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყო. ის ამბობს, რომ ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტი მოცემულ მომენტში ყველას სთავაზობს, რომ გაითვალისწინონ ერთმანეთის შეხედულებები და განსხვავებულობის მიუხედავად ერთად იცხოვრონ და ერთად იმუშაონ.

მუსლიმანი საუბრობს იმაზე, რომ თითოეულ პოლიტიკურ დაჯგუფებაში როგორც ექსტრემისტული შეხედულების ისე შემთანხმებელი პოზიციის ადამიანები შედიან. თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ამ პოლიტიკური ჯგუფების კონსენსუსით მიმდინარეობს. ვინაიდან თანამშრომლობა საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სწორედ ამ იდეის შესახებ საუბრობდა ეგვიპტის ახალ გარდამავალ მთავრობასთან. იგი დაჟინებით აცხადებს, რომ “ ეგვიპტელებმა ძალადობაზე უარი უნდა თქვან და ერთად მოძებნონ ინკლუზიური გზა მომავლისკენ.“
XS
SM
MD
LG