ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასწავლო წელი შიდა ქართლის ომით დაზარალებულ სოფლებშიც დაიწყო. აქ მოსწავლეების რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ოჯახები, ვინც ახერხებს განათლება უსაფრთხო ადგილას უზუნველყოს ბავშვებისთვის, სოფლებში აღარ რჩებიან. შესაბამისად, მოსწავლეთა რაოდენობა ამ ადგილებზე კატასტროფულადაა შემცირებული.

ახალი სასწავლო წელი ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში წელს მინისტრებმაც მიულოცეს მოსწავლეებს, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ ეს სრულიად არასაკმარისი აქტივობაა.

მაგალითად, ზარდიაანთკარდან, რომელიც შერეული, ქართველებითა და ოსებით დასახლებული სოფელი იყო და სადაც ქართული იურისდიქცია მხოლოდ 2012 წელს აღდგა, 2008 წლის შემდგომ, არც ერთი პირველკლასელი არ წასულა სკოლაში. როგორც სოფლის გამგებელი შამილ თუხარელი ამბობს ჩვენთან საუბრისას, სოფელში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, მეთორმეტე კლასელი და ის მომიჯნავე სოფლის, მერეთის სკოლაში დადის. ზარდიაანთკარიდან ომის დროს წასული ოჯახები ჯერაც ვერ ახერხებენ ადგილებზე სრულყოფილად დაბრუნებას და გორის საბავშვო ბაღებს აფარებენ თავს. „ზარდიაანთკარში ცოტა ბავშვია. აქაურების უმეტესობა გორში, საბავშვო ბაღს აფარებს თავს, #1 ბაგა–ბაღში ცხოვრობენ და ვერ გამოვასახლეთ, რადგან ჯერ აქ, ზარდიაანთკარში უნდა შევუქმნათ პირობებიო. ახლა ისინი მიეჩვივნენ იქ ყოფნას, ბავშვები იქ დაჰყავთ სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც. როდესაც ადამიანს საშუალება აქვს ქალაქში იყოს, რაღა ჩამოიყვანს აქ. ზარდიაანთკარში, ერთადერთი ბავშვია, გვარად თაზიაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღში დადის გვერდით სოფელში, მერეთში, რადგან ზარდიაანთკარში არც საბავშვო ბაღია და არც სკოლა. ასევე გვყავს ერთადერთი მეთორმეტეკლასელი, გვარად გაბლიშვილი ზარდიაანთკარიდან. ისიც მერეთის სკოლაში დადის.“

ზარდიაანთკართან შედარებით, ზემო ნიქოზში, უფრო მეტი მოსახლეა. აქ 270 ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ პირველკლასელი მხოლოდ 4–ია. ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი და ზემო ხვითი ერთ თემშია გაერთიანებული. სამივე სოფელში, ჯამურად 130 მოსწავლეა მაშინ, როდესაც ოჯახების საერთო რაოდენობა 800 კომლს შეადგენს. ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ტერეზა მეშვილდიშვილმა, ნიქოზის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ისაუბრა: „პირველ კლასში გვყავს 4 ბავშვი, მეექვსე კლასი კი გაუქმდა. მეთორმეტე კლასში 23 და მეთერთმეტეში 20 გვყავს. მხოლოდ პირველ კლასში გვაქვს პრობლემა და მეექვსეში, სადაც მხოლოდ სამი ბავშვი იყო და ისინიც სხვაგან წავიდნენ. ომამდე 200 ბავშვზე მეტი სწავლობდა ამ სკოლაში. მიგრაციაზე გავლენა ომმაც იქონია და რთულმა პირობებმაც.“

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეებს, ვინც სწავლის ბოლო სამ წელს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლაში გაატარებს და მას დაასრულებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ, სახელმწიფო 100 პროცენტიან სასწავლო გრანტს აძლევს. დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეების შედარებით მეტი რაოდენობა ამ ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მშობლები, უნივერსიტეტებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლების მიზნით, ცდილობენ, სკოლის ბოლო წლები შვილებს ეგრეთ წოდებული საზღვრის პირა სოფლებში სკოლებში გაატარებინონ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიგრაციის დინამიკა მაინც თვალშისაცემია. მის მაღალ მაჩვენებელს 2008 წლის ომის ფაქტორით ხსნის ნიქოზის გამგებელი გიორგი ლაზარაშვილი, რომელიც გვეუბნება: „შიშის ფაქტორი არსებობს. ხალხი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა საომარი მოქმედებები განმეორებულიყო. ლტოლვილობაში რომ გავიდნენ, ბევრი დარჩა, სოფლებში აღარ მობრუნებულან.“

კირბალი ასევე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელია. სტატისტიკურად, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ადამიანთა გატაცების თვალსაზირით, სწორედ აქ ფიქსირდება. დავით ცერცვაძე, გამგებელი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს: „215 კომლია კირბალში მთლიანად. პირველ კლასში 7 მოსწავლე მივიდა წელს. შარშან 6 იყო, შარშანწინაც ასევე, 5 თუ 6.“

ჩვენი რესპონდენტებიდან ყველა, როგორც ერთი, აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების არარსებობითა და მძიმე სოციალური პირობებით აიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG