ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიგრანიან-კოენის დებატები საქართველოზე


"ჰერიტაჯის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი არიელ კოენი

ექსპერტები ადნრანიკ მიგრანიანი და არიელ კოენი რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებებს გამოთქვამენ

ამერიკის ხმის რუსული რედაქციის ინიციატივით ცოტა ხნის წინ გაიმართა დებატები, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ დაკვირვებებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ „ჰერიტაჯის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი არიელ კოენი და დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი ანდრანიკ მიგრანიანი.

დებატების წამყვანის იგორ რისკინის კითხვაზე თუ როგორ დაახასიათებდა იგი რუსეთის სამხედრო ძალების უკვე ორწლიან დისლოცირებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კოენმა ასეთი პასუხი გასცა:

„იურიდიული თვალსაზრისით რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობისმყოფელები არ არიან. მე მგონი ეს უდავოა. სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციისა და ამერიკის ევროპელი მოკავშირეების აზრით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად რუსეთის სამხედრო ძალები უნდა გაეყვანათ 2008 წლის 7 აგვისტოს პოზიციებზე, რაც არ მოხდა.“

მიგრანიანს მიაჩნია, რომ ამგვარ მიდგომას პოლიტიკურ რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რუსეთმა აღიარა ამ სახელმწიფოების დამოუკიდებლობა და სამხედრო ძალების განლაგება სწორედ გაფორმებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე გადაწყდა. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სამართლის და ნებისმიერი სხვა პრინციპის მიხედვით რუსეთის სამხედრო ძალები იმყოფებიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნება, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შეიცავს, რეალობაში არ არსებობს. ეს არის მითი. ეს მითი სტალინმა საბჭოთა კავშირის ფარგლებში შექმნა და ის საბჭოთა კონსტიტუციას შეესაბამებოდა. როცა ქართველები უგულვებელყოფდნენ საბჭოთა კონსტიტუციას და მათ დამოუკიდებლობა სურდათ, მათ უნდა აღიარებინათ ისიც, რომ სხვა ერთეულებსაც ჰქონდათ თვითგამორკვევის უფლება. აქ აღსანიშნავია ის, რომ როგორც სამხრეთ ოსეთი ისე აფხაზეთი ხელმძღვანელობდნენ 1990 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ. ამდენად ისინი საქართველოს შემადგენლობიდან გავიდნენ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ანუ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში აღარ იყვნენ. მაშასადამე საქართველოს ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნების მხრივ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.“

ამის საპასუხოდ კოენმა აღნიშნა:

„ანდრანიკ, ამ ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ მაშინ ჩეჩნეთს, თათარსტანს, ბაშკირეთსა და სხვებსაც შეუძლია რუსეთის ფედერაციიდან გასვლა. ამას გარდა რასაც თქვენ ახლა ამბობთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების პოციზიას ეწინააღმდეგება რადგან 2008 წლამდე ის არ აღიარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაშინ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. ხოლო რუსეთის სამხედროები იქ მხოლოდ მშვიდობისმყოფელების როლს ასრულებდნენ.“

საკუთარი პოზიციის დასაცავად მიგრანიანმა შემდეგი მაგალითი მოიყვანა:

„როცა მე 1992 წელს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის მთავარ მრჩევლად ვმუშაობდი მე მოვამზადე რეზოლუციის პროექტი როცა ქართული საჯარისო ფორმირებები თავს დაესხნენ ცხინვალს და რუსეთის უზენაესმა საბჭომ მოუწოდა თბილისს დუყოვნებლივ შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები. გამსახურდიას მთავრობამ განაცხადა, რომ ის სამხედრო ძალების მოქმედებას ვერ აკონტროლებდა. მაშინ ხასბულატოვმა გააკეთა განცხადება - თუ თქვენ არ შეაჩერებთ მათ, ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ - და ყველაფერი თითქმის იმავდროულად ჩაწყნარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა რომ არ მომხდარიყო რუსეთი ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას დღესაც არ აღიარებდა.“

რაც შეეხება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ლეგიტიმურობის შესახებ, კოენს მიაჩნია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ხდება მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნების უმრავლესობა მას აღიარებს. როცა ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ავღანეთის მაშინდელმა თალიბთა ხელისუფლებამ და რომელიღაცა სპარსეთის ყურის საემირომ დამოუკიდებელი იჩკერია აღიარა. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შესახებ. ხოლო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეესაბამება, ანუ განგებ მოცემულია ძალიან ვიწრო განმარტება.

მიგრანიანს მიაჩნია, რომ საქართველოს გადამეტებული მნიშვნელობა ენიჭება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზაციის ანუ „გადატვირთვის“ პოლიტიკის კონტექსტში. მისი აზრით, ობამას ადმინისტრაცია საღად უდგება შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს და მას კარგად ესმის, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე როგორიც არის ბირთვული შეიარაღების გაურვცელებლობა, ირანი და ავღანეთი შედეგს მოიტანს.

დებატების დასასრულს კოენმა დასძინა:

„ძალიან საშიშია საქართველოზე საუბარი ისეთ ტონში, რომელსაც თავის დროზე ჩეხოსლოვაკიასთან მიმართებაში 1938 წელს მიუნხენის შეთანხმების შემდეგ იყენებდნენ. მაშინ ჩამბერლენი ამბობდა, ‘რას წარმოადგენს ჩეხოსლოვაკია? ეს არის სახელმწიფო რომლის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.’ ამგვარი დამოკიდებულების შედეგები საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა ევროპისთვის. მე არ ვადარებ საქართველოს ჩეხოსლოვაკიას. არც იმას ვამბობ, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს სერიოზული ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები. ამდენად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა რუსეთის სუვერენიტეტს დიდ საფრთხეს უქმნის.“

XS
SM
MD
LG