ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედურ არჩევნებზე ტექნიკური გაუმართაობები დაფიქსირდა


2018 წლის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკის ზოგიერთ შტატში ამომრჩევლის შეშფოთების ფონზე ჩაიარა. რამდენიმე შტატში საარჩევნო პროცედურების დარღვევა დაფიქსირდა.

ფლორიდაში, ჯორჯიასა და ტეხასში დამკვირვებლებმა ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევები დააფიქსირეს, რაშიც ხმის მიცემის გაფუჭებული მანქანები და ქაღალდის ბიულეტენების ნაკლებობა შედიოდა. ამ გაუმართაობების გამო, ხმის მისაცემად მისულ ადამიანებს გრძელ რიგებში მოუწიათ ლოდინი.

არჩევნების ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ეს შემთხვევები იზოლირებული გაუმართაობები იყო, რომლებზეც რეაგირება სწრაფად გაკეთდა.

არჩევნებზე კიბერ თავდასხმებს რაც შეეხება, საარჩევნო უბნების დახურვამდე, ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა თქვა, რომ რუსეთი სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოსაყენებლად მზად იყო. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათმა ორწლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ძირითადი საარჩევნო ინფრასტრუქტურა დაცული იყო. სისტემაზე უცხოეთიდან მართული ჰაკერული თავდასხმის მცდელობა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გამიზნულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, ნილსენის თქმით, სოციალური ქსელების მფლობელმა კერძო კომპანიებმა მის აღმოსაფხვრელად იმუშავეს და ზოგიერთი შემთხვევა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც გადაეცა გამოსაძიებლად.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გამუდმებით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შუალედურ არჩევნებზეც ეცდებოდა გავლენის მოხდენას. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კიბერ-უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ საარჩევნო სისტემების დაცვა მთავარი პრიორიტეტი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG