ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან


დავიწყოთ ევროპის მხარდაჭერის ინიციატივაზე საუბრით, ის 2014 წლის ივნისში - ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. ბიუჯეტი 3 მილიარდ დოლარს გასცდა, როგორ შეაფასებდით ამ ინიციატივის ეფექტურობას, რამდენად ეფექტური ინსტრუმენტია ის რუსეთის შესაჩერებლად?

"ის ფაქტი, რომ 2017 წლისთვის ინიციატივის ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და სამნახევარ მილიარდს აღწევს, ადასტურებს იმას თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ამ საკითხს. ეს ინიციატივა ნატოს მოკავშირეების დაცვითი მექანიზმია, განსაკუთრებით ეს ალიანსის აღმოსავლელ პარტნიორებს ეხება. ის მოიცავს ევროპაში ძალების ცვლად როტაციას, აღჭურვილობის განლაგებას, დამატებით წვრთნებს და ნატოს ძალების მზაობას. ეს ინვესტიცია აჩვენებს თუ რამდენად სერიოზული საკითხია შეერთებული შტატებისთვის ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ნატოს აღმოსავლელი მოკავშირეები დგანან."

ჩვენთან ინტერვიუში ამერიკის ჯარების მეთაურმა ევროპაში ბენ ჰოდჯესმა განაცხადა, რომ არის შანსები გარკვეული შეთანხმება იქნეს მიღწეული დონბასის რეგიონზე, მაგრამ ყირიმი გრძელვადიან პრობლემად დარჩება. ყირიმის ანექსიის 2 წლისთავი ახლოვდება, რას აკეთებს შეერთებული შტატები იმისთვის, რომ უკრაინამ ყირიმი დაიბრუნოს?

"ცხადია ყირიმი გრძელვადიანი პრობლემაა და ჩენ მას სხვადასხვა კუთხიდან ვუყურებთ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო წყობის ყველა წესს ეწინააღმდეგება და არღვევს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები პირდაპირ დაკავშირებულია ყირიმის ანექსიასთან და ჩვენ ან სანქციებს შევინარჩუნებთ."

ზოგიერთი უკრაინელი იტყვის, რომ შეერთებული შტატების მიერ მსგავსი გრძელვადიანი რიტორიკა ყირიმზე ხელის ჩაქნევას ნიშნავს. იზიარებთ ამ შეხედულებას?

"არა, ჩენ ყირიმზე ხელს არ ვიქნევთ. ჩვენ ვაღიარებთ რომ ამ პრობლემის სამხედრო გადაჭრა არ არსებობს, ისევე როგორც სამხედრო გზით ვერ მოგვარდება დონბასის პრობლემა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენეთ მკაცრი დიპლომატიური მექანიზმები და რუსეთის სამხედრო ჩარევას სანქციები დავუპირისპირეთ. სანქციები ამერიკის და ევროპელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, რამაც რუსეთის ეკონომიკაზე მნიშნელოვანი შედეგი იქონია."

როგორ შეაფასებთ ამერიკელების მიერ უკრაინელების წვრთნის პროგრამას, რამდენად ეფექტურია ის?

"ჩემი ღრმა რწმენით წვრთნები ძალიან ეფექტურია. წვრთნები ეროვნულ გვარდიასთან ერთად დავიწყეთ, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილია, შემდეგ უკვე შეიარაღებულ ძალებზე გადავედით. ჩვენივე შეფასებით პროგრამა წარმატებულია, არა მხოლოდ იმიტომ რომ უკრაინელებმა უკეთ გაიაზრეს საბრძოლო ოპერაციების ცნებები და სამხედრო ტაქტიკები, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინის ჯარში თვისებრივად ახალი კულტურა მკვიდრდება. ეს კი თავდაცვის სფეროს რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია."

და ბოლოს, იქნებ შეაჯამოთ შეერთებული შტატების მიერ გაწეული მხარდაჭერა. როგორ გამოიყურება ამერიკის მხარდაჭერა რიცხვებში?

"კონფლიქტის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 265 მილიონი დოლარი გამოყო. ასევე დაიწყო წვრთნების პროგრამა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. უკრაინამ მიიღო რამდენიმე სახეობის შეიარაღება. ამ ყველაფრის მიზანი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაა."

XS
SM
MD
LG