ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ოკუპაციასა და ოკუპაციის ხაზზე


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. შეხვედრებითა და მიღებებით დატვირთული სტუმრობის მიზეზი კავკასიაში მხოლოდ საქართველო არაა. მერკელი აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. კანცლერის ვიზიტის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი მისი სტუდენტებთან შეხვედრა აღმოჩნდა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არაერთგზის გაიჟღერა კითხვამ ოკუპაციის თაობაზე, რის შესახებ საუბრის დროსაც კანცლერმა ჯერ კიდევ გუშინდელ ბრიფინგზე გამოიყენა სიტყვა „უსამართლო“, თუმცა სტუდენტების დაჟინებული ჩაკითხვისა და კითხვის არაერთგზის შემობრუნების შემდგომ გერმანიის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

„შეკითხვა შეეხება ტერმინ „ოკუპაციას.“ თქვენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისასორი დღეა საუბრობთ „უსამართლო მდგომარეობის“ შესახებ, რაც შექმნილია აფხაზეთსა და ცხინვალში, მაგრამ არ იყენებთ სიტყვა „ოკუპაციას“, რამე პრობლემაა ამ ტერმინთან?“ – ასეთი გახლდათ თსუ სტუდენტის კონსტანტინე შუბითიძის შეკითხვა.

„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ესაა გერმანიის კანცლერის პასუხი, ჩემი კომენტარი ამ კითხვაზე. ვთქვი, რომ ესაა ოკუპაცია, ტერიტორიების 20 პროცენტი დაკავებულია, რაც რჩება უდიდეს უსამართლობად. გუშინ ასევე აღვნიშნე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის წინაპირობა. ვსაუბრობდი უკრაინის საზღვრებსა და ყირიმზე, აქვე მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვრები. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი,“– განაცხადა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრისას. ამ განცხადებას დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

რა და რამხელა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მიერ შესაბამისი, კონკრეტული ტერმინოლოგიის გამოყენებას, ამას ახალგაზრდები, როგორც ჩანს, ზედმიწევნით აცნობიერებენ. "ამერიკის ხმამ" გორში მცხოვრები დევნილი, გიორგი ჩილინდრიშვილი ჩაწერა. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი წელს დაამთავრა. მისი მშობლები ცხინვალიდან არიან, თუმცა თავად იქ არასდროს უცხოვრია, დევნილობაში დაიბადა, 2008 წელს კი დევნილობის მეორე ტალღა მცირე ხნით, მაგრამ მაინც შეეხო.

„აქ მხოლოდ ტერიტორიაზე არაა საუბარი. ძალიან დიდი ნაწილი, თუნდაც ჩემი ნათესავების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მათთან მომოსვლა, ურთიერთობა კი შეუძლებელია, რაც გადაადგილების უფლების უგულვებელყოფაა. წამყვანი, დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება და კონკრეტულად ამ ტერმინის გამოყენება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ პოლიტიკური მესიჯი, თუნდაც რუსეთის მიმართ, ამით საჯაროდ აფიქსირებ აზრს და ასევე მნიშვნელოვანი გზავნილია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. დედამიწაზე განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, ზოგი მეტადაა პოლიტიზირებული, ზოგი საერთოდ აპოლიტიკურია, ყველა არ შეიძლება ერკვეოდეს დედამიწაზე არსებული ქვეყნების პოლიტიკურ ვითარებასა და კონფლიქტებში. როდესაც შენი ქვეყნის ლიდერი კონკრეტულად აფიქსირებს აზრს ოკუპირებულობის შესახებ, ესაა მესიჯი მისი ქვეყნისთვის და ასევე ევროპული საზოგადოებისთვის.“

გერმანიის კანცლერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით დღეს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზეც იმყოფებოდა. ეს გადაადგილება პრესისთვის დახურული აღმოჩნდა. ახალგორის მიმართულებით, სოფელ ოძისთან ანგელმა მერკელმა რუსული სამხედრო ბაზა ჭოგრიტით დაათვალიერა.

XS
SM
MD
LG