ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალომე ზურაბიშვილი მზადაა პოლიტიკურ დიალოგსა და შერიგების პროცესში ჩაერთოს


საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს პოლიტიკურ დიალოგსა და შერიგების პროცესში. შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფრომაცია გაცვალეს. ამის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის განახლების გზების გამონახვასთან დაკავშირებით, ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი ესწრებოდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისათვის.“ - ნათქვამია ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც პრეზიდენტის მიერ, პოლიტიკური მხარეებისთვის, სხვადასხვა დროს ნეიტრალური საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზებაზეა საუბარი.

„საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება ყველა პოლიტიკური მხარისათვის ნეიტრალური საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი ამ ინიციატივით 2019 წელს რამდენჯერმე გამოვიდა:

21 ივნისი

"მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება, ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა".

9 ივლისი

"ყველას მოგიწოდებთ მშვიდობიანი არჩევნების გზით თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ. ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა. ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“.

10 სექტემბერი

"დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები“.

ამავე მიზნით შედგა პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა დიალოგის ფასილიტატორ ელჩებთან.“ - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG