ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და „პოლიტიკა–ბიზნეს ურთიერთგადაჯაჭვული გარიგებები“


"ესაა ჩვეულებრივი ბრძოლა მეწილეებს შორის. შესაძლოა, პოლიტიკა გარეულიც კია... მაგრამ მაინც ნათლად ვხედავ, რომ ეს არაა ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის" - ნინო ზურიაშვილი

უკანასკნელ პერიოდში ხმაური არ წყდება საქართველოს ერთ–ერთი მსხვილი მაუწყებლის, ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ. დღეს გია გაჩეჩილაძემ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მაესტროზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ტელე-შანტაჟის დაუსრულებელ სერიაზე საუბრობს. წერილში ნათქვამია: „დღეს „მაესტროს“ გაკოტრებისა და ლიკვიდაციის საკითხი დგას, რაც ჩემი „მაესტროდან“ ჩამოშორების სურვილს უკავშირდება. საინტერესოა, რატომ?.. დღეს ისევ აღრეულია თავისუფალი სიტყვა და პროპაგანდა ერთმანეთში. ყველაფერს პოლიტიკური სპეკულაციის და ორმაგი სტანდარტის სუნი ასდის. საზოგადოება ისევ სიმართლის ძიებაშია. მე ბოლომდე ვიბრძოლებ „მაესტროს“ გადასარჩენად“.

საჯარო რეესტრმა გია გაჩეჩილაძის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს უარი განუცხადა „მაესტროს“დირექტორად რეგისტრაციის პროცესზე. თავის მხრივ, დავის მეორე მხარე მიესალმება რეესტრის გადაწყვეტილებას. მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე ამბობს: „არსებობს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის მეთოთხმეტე მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ თუკი პირი მიმართავს საჯარო რეესტრს და განუცხადებს, რომ მას აქვს სასამართლოში შეტანილი შუამდგომლობა საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრი ვალდებულია შეაჩეროს სარეგისტრაციო წარმოება. აი, სწორედ ეს გააკეთა საჯარო რეესტრმა.“

იმის გასარკვევად, „მაესტროს“ საკითხი ვიწრო დავის სფეროა თუ შესაძლოა მან პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიის განვითარებისთვის პოტენციური საფრთხე შექმნას, ამერიკის ხმა ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე პირებს ესაუბრა.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „მე ვფიქრობ, ეს მაინც პოტენციურად ფართო პრობლემაა, რადგან ეს დავა გამოწვეულია იმ მედია–სისტემით და ეკოსისტემით, რაც ახლავს მედია გარემოს საქართველოში. ვგულისხმობ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ, განსაკუთრებით ეროვნული მაუწყებლობა არის სრულად სუბსიდიერებადი ბიზნესი, რეალურად, ეს ბიზნესი არცაა, რადგან საქართველოს სარეკლამო ბაზარი არ ჰყოფნის ამ არხების დაფინანსებას.

ცხადია, ის სუბსიდიები, რაც მიდის მაუწყებლებში, მსხვილ მაუწყებლებში, უმეტესად, ესაა პოლიტიკურად მოტივირებული თანხები. უფრო მეტად ქვეყანაში ჩამოყალიბებულია პრაქტიკა, რომ ამგვარი ტიპის მაუწყებლები ბიზნესების სჭირდებათ სხვა ტიპის ბიზნესების მფარველობისთვის. მე ვფიქრობ, „მაესტროს“ ახლანდელი დავა, სწორედ ამგვარი ტიპის გარიგებების ნაწილი ან არის, ან შეიძლება იყოს მომავალში და სწორედ ამისთვის მზადდება“.

სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მე მიმაჩნია, რომ ესაა ჩვეულებრივი ბრძოლა მეწილეებს შორის. შესაძლოა, პოლიტიკა გარეულიც კია და მჯერა, რომ გარეულია ამ ბრძოლაში, მაგრამ მაინც ნათლად ვხედავ, რომ ეს არაა ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის. როგორ დასრულდება ეს დავა, არ აისახება თავისუფალ მედიაზე, აი ეს მინდოდა მეთქვა.“

რამდენიმე კვლევაში, მათ შორის მედიის განვითარების ფონდის შეფასებაში ნათქვამია, რომ ქართული მედიისთვის ერთ–ერთ გამოწვევას წარმოადგენს რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება. ამის შესახებ ნათია კუპრაშვილი ამბობს: „რთულია დაალაგო ლოგიკა, როცა ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ვინც აკეთებს მედიის ანალიზს და ძალიან ბევრი პოლიტოლოგი, ვინც აკეთებს პოლიტიკის ანალიზს, ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსული, თუ ხელისუფლება პრორუსულია და ასევე ერევა იმ მედიის საქმიანობაში, რომლის პრაიმტაიმი პრორუსული საქმიანობით გამოირჩეოდა (საუბარი პრაიმტაიმზე, თორემ იყო ძალიან კარგი პროგრამებიც), ეს ორი ერთმანეთთან თავსებადი არაა.

შესაბამისად, ჩემთვის ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ხელისუფლებაც ძალიან ჭრელი გვყავს და მედია კომპანიებიც ძალიან ჭრელია. თვითონ მაესტროს ეთერი რომ აგვეღო, ისიც კი ძალიან ჭრელი იყო. ცალკ–ცალკე აღებული, რომ შეგვედარებინა რა ხდებოდა დღის ეთერში და რა ხდებოდა პრაიმ–ტაიმში, წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით, სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, უცნაურ პროცესებს დავინახავდით.

ერთადერთი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ მედია ასე თუ ისე მრავალფეროვანია საქართველოში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო პროგრამები, ძირითად მეინსტრიმ მედიაში. „მაესტროს“პროცესმა და აფილაციებმა იმედთან და შემდეგ უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შექმნა შიშები, იგივე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც უკვე გვქონია საქართველოში, რომ ხომ არ დაემსგავსება საინფორმაციო პროგრამები ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი შიშის საფუძველი არსებობს, მაგრამ ნაკლებად. უფრო სახეზე გვაქვს პოლიტიკა–ბიზნეს ურთიერთგადაჯაჭვული გარიგებები, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, სამაუწყებლო ბიზნესები ამ ქვეყანაში არ არის თვითკმარი.“

„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ–ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ჯანსაღი გარემოს არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

XS
SM
MD
LG