ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკეინმა გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოზე ისაუბრა


სენატორი მაკეინი
დიდი მადლობა გულთბილი წარდგენისთვის და იმისთვის, რომ არ ახსენეთ ჩემს მიერ საპრეზიდენტო კამპანიაში დამარცხება. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მარშალის ფონდს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, საქართველოსადმი მიძღვნილი ასეთი დროული და საჭირო კონფერენციის ჩატარებისთვის და ჩემი მოწვევისთვის, რითაც თქვენთან საუბრის საშუალება მომეცა.

მე დიდ პატივად ვთვლი თქვენს სურვილს, მოუსმინოთ კონგრესის წევრს რაიმე საკითხებზე იმ დროს, როცა კონგრესის რეიტინგი 9 პროცენტამდეა დაცემული. ასეთი ხუმრობაც კი იყო, რომ ჩვენს რეიტინგს ხელფასიანი თანამშრომლები და ნათესავებიღა ინარჩუნებდნენ. ახლა კი, ჩემმა ასერთი წლის დედამაც რომ საყვედურით დამირეკა, როგორც ჩანს მხოლოდ თანამშრომლებიღა დაგვრჩნენ.


ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ხაზი გავუსვა: ამერიკის კონგრესს და მთავრობას ახლა ჩვეულებრივთან შედარებით მეტი მიზეზი აქვს იყოს მოკრძალებული სხვა ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების კომენტირების და მათი გადალახვის გზების რჩევისას. ამ დილით, სწორედ ამ სულისკვეთების ფონზე მსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ნააზრევი საქართველოს შესახებ. იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიმართაც ამ წლების განმავლობაში უზარმაზარი სიყვარული ჩამომიყალიბდა. მე მიყვარს საქართველო, მისი ხალხი, მისი მშვენიერი ბუნება, კულტურა, ისტორია. მე საქართველოს და მისი მოქალაქეების მეგობარი ვარ. საქართველოსადმი ჩემი ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი, პარტია ან მთავრობაა ხელისუფლებაში. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის.

საქართველოს ეს ისტორიული გარდამავალი პერიოდი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ უკან მოვიხედოთ და უფრო ფართო კითხვას ჩავუღრმავდეთ, რამდენს მიაღწიეს ქართველებმა და დავფიქრდეთ, თუ კიდევ რამდენი გამოწვევა დარჩა პასუხგაუცემელი. ეს კონფერენცია ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა და ამაზე უკეთესი დროის შერჩევაც ვერ მოხდებოდა.

ახლა რაც საქართველოში ხდება, დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ამ ქვეყნის ისტორიაში და სინამდვილეში მთელი რეგიონისთვისაც. პოლიტიკური ძალაუფლების უმეტესწილად მშვიდობიანად გადაცემა ერთი დემოკრატიულად არჩეული მთავრობიდან მეორეზე იმ დროს, როცა მთელს მსოფლიოში ბევრ ქვეყნებში ცდილობენ და ხშირად არ გამოსდით საფუძველი ჩაუყარონ დემოკრატიულ მმართველობას, როცა პოლიტიკური ძალაუფლება ჯერ ისევ რჩება სოციალური დაძაბულობის და ძალადობის წყაროდ. საქართველო მთელი მსოფლიოსთვის ბევრი კუთხით შთაგონების წყაროა. საქართველოს გარდამავალი პერიოდი კრიტიკული ნიშნულია იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის ათწლეულისა, რასაც ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა 2003 წელს, როცა ათობით ათასი ქართველი გამოვიდა მოთხოვნით, რომ მათთვის მოესმინათ და საარჩევნო ხმები დაეთვალათ იმ დროს, როცა წინა მთავრობამ სცადა ეს ყველაფერი მათთვის წაერთმია.

გასული ათწლეულის განმავლობაში, ქართველი ხალხის თავდადების და ბეჯითი შრომის წყალობით, რეფორმისტულმა მთავრობამ უმოძრაო ეკონომიკის მქონე ავტორიტარული სახელმწიფო გარდაქმნა, საბაზრო პრინციპებზე დამყარებული, ცოცხალი ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სისტემად. საქართველოს ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, ეკონომიკა გათავისუფლდა, დემოკრატია ღრმავდება და უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხდება საქართველოს მოქალაქეების წინაშე. დაინერგა პოლიციის რეფორმის სისტემა, რაც სანიმუშოა სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი უშიშროების სექტორის რეფორმირებას.

მე მახსოვს საქართველოში მოგზაურობა „ვარდების რევოლუციამდე“. მაშინ, პირდაპირი მნიშვნელობით, თბილისის ქუჩებში სიარული უსაფრთხო არ იყო. ამჟამად წვრილმანი დანაშაული და კორუფცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული. რეფორმებმა თუ გამოიწვია საქართველოში ეკონომიკის არნახული ზრდის პერიოდი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ამჟამად მსოფლიოში მერვე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესი წარმოებისთვის საუკეთესო პირობებია. „თრანსპარენსი ინთერნაშიონალმა“ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებით საქართველო ნაკლებად კორუმპირებულად გამოიყურება. უფრო მეტიც, საქართველოს იყენებს საკუთარ წარმატებას იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ისტორიულ გარდამავალ პერიოდთან გამკლავებას. მაგალითად: საქართველომ ათასობით საკუთარი ჯარისკაცი გაგზავნა ავღანეთში ნატოს მისიის მხარდასაჭერად, ეს წვლილი ბევრად აღემატება ნატოს წევრი იმ ქვეყნების წვლილს, რომელთა მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობას რამდენჯერმე სჭარბობს.

საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა ყველა ქართველის მიღწევაა და ამან ყოველი ქართველი უსაზღვრო სიამაყით უნდა აღავსოს. იმავდროულად, ერთი პიროვნება იმსახურებს რამდენიმე განსაკუთრებულ საქებარ სიტყვას და ეს, პრეზიდენტი მიშა სააკაშვილია. 2003 წელს, სააკაშვილის იდეალისტობა იქცა მისი თანამემამულე ქართველების შთაგონების წყაროდ, რათა საკუთარი დემოკრატიული მომავალი ხელიდან არ გაეშვათ. ათწლეულის განმავლობაში მისი ხედვა დაეხმარა საქართველოს წაყვანას რეფორმების გზით, რამაც ქვეყანა შეცვალა. საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მისმა ერთგულებამ დაეხმარა ხელისუფლების გადაცემას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის სიყვარულის დადასტურებაა ის, რომ არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ ძალაუფლების მეტოქეებისთვის გადაცემის პირობა შეასრულა და აგრძელებს ამ პირობის შესრულებას. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი თავისი გამარჯვებით საქართველოსთვის იმდენსვე გააკეთებს, რაც სააკაშვილმა გააკეთა იმით, თუ როგორ გაუმკლავდა საკუთარ დამარცხებას.

იმას არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის უნაკლონი იყვნენ, ეს ასე არ იყო. ჩვენ ვაღიარებთ გზაში დაშვებულ შეცდომებს. „ვარდების რევოლუციიდან“ ათი წლის შემდეგ ნათელია, რომ ქართველ ხალხს ცვლილებები სწყურია და ის უკვე შეუდგა საკუთარი ქვეყნის გზის შემდეგი ეტაპისკენ სვლას. ისიც ნათელია, რომ ახალი მთავრობისგან უფრო მეტს მოელიან ვიდრე ოდესმე და ეს ასეც უნდა იყოს. საქართველო ჯერ ისევ ფდგას მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე. ბევრი რამაა გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ გააგრძელოს ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამყარება და შეინარჩუნოს ეკონომიკური რეფორმების მამოძრავებელი ძალა.

იმავდროულად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ზოგიერთი მოვლენა, ჩვენი რწმენით, არ არის ისეთი ხასიათის ცვლილება, რაც ქართველ ხალხს სურს ან იმსახურებს. საგანგაშოა მაგალითად პოლიტიკური ძალადობის ზრდა, რაც საქართველოში მოხდა, განსაკუთრებით საარჩევნო მზადებისას და ასევე გასული თვის არჩევნების შემდეგაც. არის ცნობები მთავრობის მხრიდან მზარდი ზეწოლის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, როგორებიცაა მედია და უნივერსიტეტები. ამის მსგავსად, მთავრობის ზოგიერთი ყოფილი წევრის დაპატიმრება და ბრალის წაყენება გამოიყურება, როგორც შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართალი. სამართალი უნდა აღსრულდეს და კანონი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სამართლის აღსრულება ყოველთვის ისე უნდა მოხდეს, რომ ამან დემოკრატია და კანონის უზენაესობა გააძლიეროს და პირიქით არ დააკნინოს ეს პრინციპები.

არცერთმა მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიკური სამაგიეროს გადახდის იარაღად. ამის გაკეთება არა მხოლოდ დემოკრატიის და სოციალური ნდობის დამრღვევია, ეს ასევე ძლიერად აფერხებს საერთაშორისო ინვესტიციას, რაც ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ჰაერივით სჭირდება წარმატების მისაღწევად. როგორც ქართველ ხალხს აქვს თავისი ქვეყნის და მთავრობის დიდი მოლოდინი, იგივე განწყობაა საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის მისადაგებას. იგივე სტანდარტს, რაც ქართველ ხალხს გარკვევით სურს თავისთვის და თავისი ლიდერებისთვის. საქართველოს მომავალი მთავრობისგან ჩვენ მოველით გასული ათწლეულის წინსვლის გაგრძელებას, განსაკუთრებით საქართველოს ტრაექტორიის შენარჩუნებას ევრო-ატლანტიკური მომავლის მიმართულებით. ეს ის მომავალია, რაც ქართველებს ჯერ კიდევ გარკვევით სურთ თავისი ქვეყნისთვის.

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა აპირებს ამ თვის ბოლოს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას მისცემს და საქართველოს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვებს ევროკავშირის შესაძლო წევრობას. ეს უაღრესად დადებითი იქნება.

შეერთებულმა შტატებმა და ევროპელმა მოკავშირეებმაც უნდა დავადასტუროთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვისადმი ჩვენი ერთგულება. იმავდროულად საქართველოს მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრობა განუყოფელი უფლება არ არის. ეს პრივილეგიაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიეცეს და მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეს, როცა საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმ დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების დემონსტრირებას, რომლებიც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ალიანსის ბუნებაშია.

დემოკრატიისგან უკანდახევის შემდეგ, უკრაინის მთავრობა ევროკავშირთან დაძაბული მოლაპარაკებების მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ სიტუაციაში საფრთხის ქვეშაა დასავლეთთან მისი ინტეგრაცია. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

ამ მდგომარეობაში ჩვენ არ გვინდა საქართველოს თავს მოვახვიოთ არჩევანის გაკეთება ქვეყნებთან ან ქვეყნების ჯგუფთან ურთიერთობის საქმეში. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თვითონვე უნდა მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილებები თავისი მომავლის შესახებ. ჩვენ ამას არ განვიხილავთ როგორც ნულოვან შედეგიან არჩევანს. სამწუხაროდ, საქართველოს ყველა მეზობელი არ იზიარებს ამ ხედვას. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო დაჭრილი ქვეყანაა, რომლის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას ახდენენ რუსული ჯარები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. კიდევ უარესი, რუსეთი ამ მიწაზე სამხედრო ბაზებს აშენებს და აწყობს უსირცხვილო პროვოკაციებს ეკლიანი მავთულხლართების ღობეების და ზღუდეების აღმართვით ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ და თვითონ ეს ზოლებიც კი საქართველოს ტერიტორიის სიღრმისკენ გადააქვთ.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია აღმაშფოთებელი და უსამართლოა, ეს საერთაშორისო წესრიგის იმ ძირითადი პრინციპების დაცინვაა, რომლებიც ბოლო 70 წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოებმა შეიმუშავეს. ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!

მიუხედავად ყველაფრისა, ურყევი რჩება ქართველი ხალხის ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ ოკუპაციას, ძალდატანების სხვა მცდელობებს და დაშინებას. და ნამდვილად, ამ წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად უარყო შეთავაზება გაწევრიანებულიყო ევრაზიულ კავშირში რუსეთის ლიდერობით. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი იყენებდა ეკონომიურ წნეხს და სხვა ძალისმიერ ტაქტიკას. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ქართველები უნდა გაერთიანდნენ და გააძლიერონ საკუთარი დემოკრატია.

ქვეყნის შიგნით ერთიანობით და ძლიერებით საქართველო საუკეთესო პოზიციაზე იქნება დაიცვას საკუთარი სუვერენული უფლება, იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო მსოფლიოში. ზოგიერთს გაუჩნდება ცდუნება, მათ შორის ამ ქვეყანაშიც, რომ იკითხოს: ეს ვის ენაღვლება? რატომ უნდა მაღელვებდეს დედამიწის მეორე მხარეს პატარა ქვეყნის მომავალი? შევეცდები განვმარტო, თუ რატომ უნდა გვაღელვებდეს ეს საკითხი.

ბევრი ათწლეულია, რაც ევრო-ატლანტიკური ალიანსის თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწეები და ლიდერები სათუთად ელოლიავებიან ოცნებას. ოცნებას, ევროპა იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი. ამ ოცნების ფესვები მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან მოდის. ეს შეყოვნდა კომუნიზმთან ხანგრძლივი, დაბინდული ბრძოლის გამო. ცივი ომის დასრულების შემდეგ მან სიმტკიცის გამოცდა ჩააბარა დემოკრატიის და თავისუფალი ბაზრის პრინციპების გავრცელებით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. მან ისევ და ისევ ჩააბარა გამოცდა სიმტკიცეზე ბალკანეთში ათწლიანი კონფლიქტის განმავლობაში.

ევროპის წარსულში ამდენი დანაკარგის და მსხვერპლის გაღების შემდეგ, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის პერსპექტივა კიდევ ერთხელ მისაწვდომად გამოიყურება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ დიდი ხნის მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორი საქმეა, და ეს ნამდვილად სწორი საქმეა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეკონომიურად ხელსაყრელია, და ეს ნამდვილად ხელსაყრელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრებს და პარტნიორებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, ეს თავისი სიკეთისთვის უნდათ, და მათ ნამდვილად უნდათ. ჩვენ, ამერიკელები უნდა ვზრუნავდეთ ამ ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებზე და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ჩამოყალიბებაზე, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს.

გასული საუკუნის ისტორია თუ რამეს გვასწავლის ისაა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებით ყველაზე მეტ სარგებელს თვითონ ამერიკა ნახულობს. ამის მსგავსად, ამ ღირებულებებისადმი შექმნილი საშიშროებანი თავიდან შეიძლება ძალიან შორეულად მოჩანდეს, მაგრამ თუ მივცემთ დაგროვების და გაზრდის საშუალებას, ბევრად დიდ გამოწვევად გადაიქცევა, რაც გვაიძულებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად გავცეთ პასუხი. ეს არის იზოლაციონიზმის და ლიდერობის სურვილის არქონის საზღაური.

ქართველების უმრავლესობა იზიარებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ღირებულებას და განსაკუთრებით, იქ მათი ქვეყნის ადგილს.

პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ ქვეყანა საქართველოსთვის და ჩვენთვის ამ ისტორიული შესაძლებლობის ზღურბლთან მიიყვანა. ახლა საქართველოს ახალ მთავრობაზეა დამოკიდებული გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ეს ის არჩევანია, რასაც ქართველების უმრავლესობა ემხრობა და მე საქართველოს ყველა სხვა მეგობართან ერთად მუდამ მათ გვერდში ვიქნები.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG