ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ტრამპთან უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს


თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი თებერვალში გადადგება.

„თებერვლის ბოლოს, გენერალი ჯიმ მატისი პენსიაში გავა წარჩინებით, მას შემდეგ, რაც ის ჩემს ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის პოსტზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მსახურობდა“, თქვა ტრამპმა.

მან მატისს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა, რომ ახალ კანდიდატურას მალე დაასახელებს.

„მისი თავდაცვის მდივნობის პერიოდში, უზარმაზარი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ახალი საბრძოლო აღჭურვილობის შეძენის კუთხით. გენერალმა მატისმა დიდი დახმარება გამიწია მოკავშირეებთან და სხვა ქვეყნებთან, რომ მათ თავის წილი თავდაცვის ვალდებულბები შეესრულებინათ. ახალი თავდაცვის მდივანი მალე დასახლედება. მე მადლობას ვუხდი ჯიმს მისი სამსახურისთვის“, განაცხადა პრეზიდენტმა.

ჯიმ მატისს თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორი წლის განმავლობაში ეკავა. მატისის გადადგომა თეთრი სახლის გადაწვეტილებას მოსდევს, რომლის თანახმადაც ამერიკის ჯარი სირიას დატოვებს. სირიიდან ამერიკის სამხედროების გამოსვლას პენტაგონი ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, სირიის თაობაზე თეთრ სახლთან უთანხმოებამდეც, ხშირად ვრცელდებოდა ცნობები, რომ გენერალი მატისი თანამდებობიდან წასვლას გეგმავდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მატისი „პენსიაზე გადის“, თუმცა განცხადებაში გადადგომის შესახებ მატისმა აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან მიდის.

„იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ უფლება გყავდეთ თავდაცვის მდივანი, რომლის შეხედულებებიც უკეთ ემთხვევა თქვენსას ამ და სხვა საკითხებზე, მე ვფიქრობ ჩემი მხრიდან სწორი იქნება თანამდებობა დავტოვო“, წერს მატისი გადადგომის შესახებ წერილში.

„ნათელია, რომ მაგალითად, ჩინეთი და რუსეთი, განუწყვეტლივ ცდილობენ მსოფლიო მათი ავტორიტარული მოდელის შესაბამისად შეცვალონ - იძენენ ვეტოს უფლებას სხვა ქვეყნების ეკონომიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების გადაწვეტილებებზე საკუთარი ინტერესების გასატარებლად მათი მეზობლების, ამერიკის და ჩვენი მოკავშირეების ხარჯზე“, წერს მატისი და ამბობს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ისეთი საერთაშორისო წესრიგის დასამყარებლად, რომელიც მის უსაფრთოხებასთან და ღირებულებებთან მოდის შესაბამისობაში.

სირიის დატოვება

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან გამოსვლის გადაწვეტილება „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა, და თქვა, რომ სირიაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ განადგურებულია.

ამერიკის მიერ მხარდაჭერილმა არაბულმა და ქურთულმა ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. გასულ პარასკევს, მათ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოლო გამაგრებული წერტილი ჰაჯინი დაიკავეს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებულად შეაფასა.

სირიიდან გამოსვლის შემთხვევაში, სადაც ამერიკის 2000 ჯარისკაცი მსახურობს, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში კვლავ იქნება წარმოდგენილი. სირიის მეზობელ ერაყში 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პირია დისლოცირებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG