ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მე მაქვს ოცნება"


სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა

სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ამაღელვებელი სიტყვა, 1963 წლის 28 აგვისტოს ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქვა.

„მე მაქვს ოცნება, რომ ოდესმე ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათ განსჯიან მათი შინაგანი ბუნების და არა კანის ფერის მიხედვით.“

ათი წლის ნილა ბენქსი ეწვია კინგის მიღწევებისადმი მიძღვნილ გამოფენას ვაშინგტონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში. მან მოისმინა კინგის სიტყვა და ღრმა შთაბეჭდილება დარჩა იმ ნაწილზე, სადაც ის სეგრეგაციის დასასრულზე საუბრობს.

„ვფიქრობ, რაც მან გააკეთა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან სცადა დახმარებოდა აფრო-ამერიკელებს და ამან შეცვალა ჩვენი სამყარო იმიტომ, რომ ახლა ყველა კარგად ეპყრობა ერთმანეთს და ყველას შეუძლია ერთ-ურთს ხელი ჩამოართვას.“

ცამეტი წლის ჯონათან ვილიამსი აღფრთოვანებულია კინგის არაძალადობრივი დემონსტრაციებით სეგრეგაციის წინააღმდეგ

„ის არაერთხელ ჩასვეს ციხეში და დარწმუნებული ვარ, ადამიანების უმრავლესობა ამის შემდეგ დანებდებოდა, მაგრამ ის აგრძელებდა თავისი გეგმით სვლას.“

იმ სიტყვამ თოთხმეტი წლის იელინდა მარტინეზამდეც მიაღწია.

„ის გასაოცარია და ძალიან მაგარია. მან ყველაფერი მშვიდობიანად გააკეთა, ძალადობის გარეშე. ვფიქრობ ეს საკმაოდ შთამაგონებელია.“

ასეთი პოზიცია მოსწონს კონგრესმენ ელეანორ ჰოლმს ნორტონს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 60-იანი წლების სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში.

„ახალგაზრდა თაობამ ბევრი რამ უნდა მიიღოს, როგორც მოცემულობა . სხვა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ბევრი ვერაფრისთვის მიგვიღწევია თუ ისევ იგივე საკითხებზე ვიბრძოლებთ და ადამიანები ისევე იგრძნობენ თავს, როგორც ჩვენ ვგრძნობდით თავს 1963 წელს.“

მარტინეზი, როგორც ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანი, ამბობს რომ აფასებს იმას, რომ კინგმა სცადა ადამიანების გაერთიანება, მაგრამ ფიქრობს, რომ კანის ფერი ჯერ კიდევ რჩება ფაქტორად.

„ადამიანებს ჯერ კიდევ განსხვავებით უყურებენ, ხანდახან ადამიანების კანის ფერს უყურებენ და მიმაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს.“

ვილიამ ბელი, ალაბამის შტატის, ქალაქ ბირმინგამის მერი, ამბობს რომ ეს იუბილე საშუალებას გვაძლევს წინ გავიხედოთ.

„ვუყურებთ პატარა ბიჭუნებს და პატარა გოგონებს, რომლებსაც შეიძლება არ ესმით ან ამას ვერ უკავშირებენ სამოქალაქო უფლებების მოძრაობას, მაგრამ ყოველდღიურად განიცდიან გამოწვევებს და წინააღმდეგობებს.“

თხუთმეტი წლის ჯულია ლინკი ამბობს, რომ ამაში შედის სტერეოტიპები

„ჯერ კიდევ ხუმრობენ ხოლმე, მაგალითად: აზიელებს არ შეუძლიათ მანქანის მართვა და მსგავსი რამ. ეს შემზარავია, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დღეს-დღეობით მაინც მისაღებად ითვლება, რაც უცნაურად მეჩვენება, რადგან ყოველი დღის გასვლასთან ერთად ჩვენ ერთურთის მიმართ უფრო შემწყნარებელი ვხდებით.“

ნიუ ჯერზის შტატის ქალაქ ნიუარკის მერი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი კორი ბუქერი იმედოვნებს, რომ ახალი თაობა გააგრძელებს ბრძოლას უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რა ფორმითაც არ უნდა იყოს გამოვლენილი.

„ჩვენი, უფროსი თაობის დანიშნულებაა, შევუერთდეთ ახალგაზრდა თაობას ბრძოლის წინა ხაზზე და შევთავაზოთ ჩვენი დახმარება, რათა ამ ახალმა თაობამ უფრო წინ წაიწიოს.

ზოგიერთი შემორჩენილი პრობლემის მიუხედავად, ნილა ბენქსი ამბობს რომ მისი თაობა რასებს შორის ურთიერთობებს სხვაგვარად უყურებს.

„მე სხვა რასის წარმომადგენელი ბევრი მეგობარი მყავს, ისევე როგორც ჩემი რასის და ჩვენ ისეთივე ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერება.“
XS
SM
MD
LG