ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილი უკრაინის კრიზისს 2008 წლის ომს ადარებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან აკავშირებს. მარგველაშვილმა საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

„ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში გამოყენებული სცენარი - სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო ძალით ჩამორთმევა - 2014 წელს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება, იმას ადასტურებს, რომ ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით რუსეთისთვის საკმარისი წინააღმდეგობის გაწევა.“

მარგველაშვილი აცხადებს, რომ დღეს ყირიმში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობის წარუმატებლობის ბრალია:

„დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ 6 წლის გამოყენება იმისთვის, რომ რუსეთი გვეიძულებინა გაეცნობიერებინა ის, რომ ასეთი მოქმედებები არასწორი და არაეფექტურია.“

პრეზიდენტმა ყირიმში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომომადე მდგომარეობის შედარებისას ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ, ისევე როგორც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, ყირიმშიც დაიწყო მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების დარიგება.

მისი თქმით, ამაზე „მკაცრი და მკაფიო რეაგირება უნდა შემუშავდეს, რომ ასეთი სცენარი აღარასოდეს განმეორდეს და (რუსეთის) გავლენის სფეროების იდეა გაქრეს.“

საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს. უკრაინის განდევნილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ სწორედ ამ ხელშეკრულების მოწერაზე უარის თქმამ დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციები კიევში.

მარგველაშივილმა თქვა, რომ თბილისი მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მომატებას ელოდება, თუმცა დასძინა, რომ უკრაინის კრიზისის ფონზე საქართველო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG