ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-საქართველოს პარტნიორობაზე ისაუბრა


პრეზიდენტი მარგველაშვილი, ვაშინგტონი, 15 მარტი, 2018
პრეზიდენტი მარგველაშვილი, ვაშინგტონი, 15 მარტი, 2018

2018 წლის 15 მარტს, ატლანტიკურმა საბჭომ და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, შეერთებული შტატების კონგრესში ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის თემაზე დისკუსია გამართეს, რომელსაც შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო და აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

დისკუსია ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა გახსნა. შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, საქართველო სეპარატისტული მოძრაობების და რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა, განახორციელა პოლიტიკური რეფორმები, გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და „ნატოსთან“ დასაახლოებლად, თუმცა დღესაც, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მძევლად რჩება.

„ვფიქრობ ისინი, ვინც 1959 წელს, „კომუნიზმის ქვეშ დატყვევებული ერების“ შესახებ კონცეფციას სული შთაბერა, კმაყოფილნი იქნებოდნენ ენახათ, თუ რამდენი ასეთი „დატყვევებული ქვეყანა“ შეუერთდა ევროკავშირს და ნატოს, მაგრამ ასევე შეძრწუნდებოდნენ, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა საქართველო,უკრაინა და მოლდოვა, გარდამავალი პერიოდის დაუსრულებელი მდგომარეობა რომ ეხილათ. ჩვენს მუშაობას მორალური შემადგენელი და მიზეზიც აქვს. გარდამავალ სტადიაში მყოფ დემოკრატიებს მხარი უნდა დავუჭიროთ.“

საქართველოს პრეზიდენტმა თქვა:

„მოხარული ვარ, რომ მეგობრებთან და მოკავშირეებთან იმ სტრატეგიაზე მსჯელობის საშუალება მომეცა, რომლითაც ჩვენს საერთო შესაძლობლობებს და გამოწვევებს უნდა გავცეთ პასუხი...

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ 27 წლის წინ ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ახალი ცივი ომის გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებოდით, მაგრამ დღეს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოლდოვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა, ყირიმი ანექსირებულია, უკრაინა ომშია ჩართული, დღეს ყველა დედაქალაქიდან, მათ შორის ამ დედაქალაქიდან, ლონდონში მომხდარ მკვლელობაზე კომენტარები გვესმის. რამდენიმე კვირის წინ მკვლელობა ცხინვალში მოხდა. მოკლეს საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც, სხვათა შორის, ერაყის ომის ვეტერანი იყო, ის ერაყში მშვიდობისმყოფელ ძალებს წარმოადგენდა. ყველაფერ ამასთან ერთად, დღეს მოსკოვისგან მეტი მილიტარისტული რიტორიკა გვესმის. რამდენად უჩვეულოც არ უნდა იყოს, ჩვენი მორალური ძალები უნდა გავაერთიანოთ და კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვოთ ამ ცივ ომში, რათა მომავალ თაობებს უკეთესი მშვიდობა მივცეთ.“

დისკუსიაში, რომელსაც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი კენეტ ვოლაკი უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს სენატორმა ემი კლობუჩარმა, და სხვადასხვა კვლევით ცენტრებში მომუშავე ყოფილმა ელჩებმა. მათ შორის ამერიკის და ბრიტანეთის ყოფილმა ელჩებმა საქართველოში, ჯონ ჰერბსტმა, კენეტ იალოვიცმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.

დისკუსიაში მონაწილე დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიმართ „დაყვავების“ სუსტი პოლიტიკა მცდარი იყო და საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე არასათანადო რეაგირებამ, მსოფლიოს უსაფრთხოების საზიანოდ, რუსეთის შემდგომი ქმედებების მთელი წყება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG