ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერენტი: საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია: ხალხი არც მთავრობითაა კმაყოფილი და არც - ოპოზიციას ენდობა


„ფრიდომ ჰაუზის“ მიერ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ ანგარიშში, საქართველო გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია. ანგარიშში საუბარია თავდასხმებზე სასამართლო სისტემაზე, შესაძლო პოლიტიკური საფუძვლის მქონე საკამათო საქმეებსა და გასამართლებებზე, პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირებაზე, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებზე. მარკ ბერენტი, „ფრიდომ ჰაუზის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, რადგან ეს ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებას გამოიწვევს. მანამდე კი, მისი აზრით, მოსახლეობა არც მთავრობითაა კმაყოფილი და არც ოპოზიციას ენდობა:

„გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ 2020 წლის ანგარიში ამბობს, რომ ახლა ყველაზე ნაკლები დემოკრატიაა ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში. კლებისა და გაუარესების რა ძირითადი ტენდენციები გამოავლინა ამ კვლევამ?

ვფიქრობ, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია, სადაც ერთი მხრივ მოსახლეობა იმედგაცრუებულია მოქმედი ხელისუფლებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საჭიროებებს. იმედგაცრუება, გაღიზიანება იზრდება, და ამავე დროს ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, რომელსაც სააკაშვილის მთავრობის ცუდ დროებთან ასოცირდება მათთვის.
მარკ ბერენტი

იყო მნიშვნელოვანი კლება და გაურესება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. იყო თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, პირველ წლებში ჩვენ დემოკრატიის ერთგვარი აღზევება ვნახეთ. დემოკრატია იქნებოდა ეს თუ ის, რასაც ადამიანები მიიჩნევდნენ დემოკრატიულ მმართველობად. ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დემოკრატიებად გამოცხადებული ქვეყნებისთვის არც კი იყო ინდიკატორები, იყვნენ თუ არა ისინი დემოკრატიულები. ეს პრობლემა გახლდათ, რადგან მაშინ საჭირო იყო დემოკრატიისთვის საჯარო მხარდაჭერის კონსოლიდირება, ხალხის მიერ იმის გააზრება, რომ დემოკრატია გულისხმობდა მთავრობებისა და მათ პასუხისმგებლობებსაც, მონაწილეობასაც, ამგვარი დისკუსიები არ გამართულა.

ავტორიტარი ლიდერებისთვის ადვილი გახდა დემოკრატიისა და დემოკრატიული იდეალების დისკრედიტება, რადგან ადამიანები ვერ იღებდნენ იმას, რასაც ელოდნენ. ვფიქრობ, ახლა რეგიონში დემოკრატიის უკეთესი გაგება არსებობს. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია ეკონომიკისა და დემოკრატიის ასოცირებაც, რაც არ არის მართებული. ადამიანები მოელიან, რომ დემოკრატია მათ კეთილდღეობას მოუტანს, როცა სინამდვილეში დემოკრატია მძიმე შრომაა, და მას აუცილებლად არ მოაქვს კეთილდღეობა, მას მოაქვს ბევრი შესაძლებლობა, ბევრი სხვა პოზიტიური რამ, მაგრამ - არა უშუალოდ ცხოვრების მაღალი სტანდარტი. ასე რომ, უმძიმესი ეკონომიკური კატასტროფისა და კოლაფსისას რეგიონში ხალხმა ესეც დემოკრატიას დაუკავშირა.

გარდა ამისა, ვფიქრობ დასავალეთშიც, თითქოს თავისთავად ვგულისხმობდით, რომ ადამიანები შეთანხმებულნი არიან დემოკრატიაზე [მის არსზე]. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ იყო საზიარო, საერთო ღირებულება, მაშინ, როდესაც უფრო ძლიერად უნდა გვემუშავა, გვეძებნა მოკავშირეები. ამის ნაცვლად კი, ვფიქრობ, ჩვენ გავფლანგეთ ძალიან ბევრი დრო, კეთილი ნება და ნდობა. მემკვიდრეობით კი მივიღეთ სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, გარდამავალი მედია სფერო, გამუდმებით პოლიტიზებული სასამართლო და ახლა ეს ყველაფერი უფრო რთული და უფრო ფესვგამდგარია.

არის ისეთი რამ, რაც ამ ქვეყნებს ერთი ქუდის „გარდამავალი ქვეყნების“ ქვეშ აერთიანებს? რა საერთო გამოწვევები აქვს ამდენ განსხვავებულ ქვეყანას?

"ფრიდომ ჰაუზი" - გარდამავალი ქვეყნების შესახებ ანგარიში
"ფრიდომ ჰაუზი" - გარდამავალი ქვეყნების შესახებ ანგარიში

ამდენ ქვეყანას ალბათ ასე კონკრეტულად არაფერი აერთიანებს. მაგრამ ვფიქრობ, არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც ყველა ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური პარტიების და არჩევნების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საჭიროება. ასევე სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენისგან, გვჭირდება შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ყველასთვის გარანტირებულია და არა მხოლოდ "პოპულარული" ხალხისთვის, ან მხოლოდ იმათთვის, ვისაც გინდა, რომ ეს უფლება მიანიჭო.

აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაგალითზე ვიტყოდი, რომ ბევრი რამ არის საერთო, ვიცით, რომ რეგიონში არ არის ძლიერი მედია. არ არის ერთი ქვეყანაც კი, რომელზეც ვიტყოდი, რომ მედია თავის ფუნქციას ასრულებს ისე, როგორც უნდა ასრულებდეს. ისინი მაინც სხვადასხვა „ინტერესების“ მფლობელობაშია. ეს ინტერესები კი იმ ინფორმაციის პოლიტიზირებას იწვევს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება. ეს ხდება საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ყველგან.

იმედიანად ვარ განწყობილი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ, რომ ვნახავთ მეტი პოლიტიკურ პარტიის შემოსვლას პარლამენტში. საბოლოოდ შეიძლება დაიწყოს ალტერნატივების განვითარება ამ „ორ ჯგუფს შორის არჩევანის“ მიღმაც, რომლებსაც ქვეყანაში პოპულარული მხარდაჭერა აღარ აქვს.
მარკ ბერენტი

ყველგან პრობლემურია სასამართლო სისტემაც. არ არის არცერთი ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაში. ყველგან თავდასხმის სამიზნეა სამოქალაქო საზოგადოებაც. არის ბევრი მცდელობა იმისა, რომ მათი დისკრედიტება მოხდეს სხვადასხვა დონორის მხრიდან თანხის აღების გამო, „გრანტიჭამიებად“ მათი მოხსენიებით, ან პოლიტიკურად მიკერძოებულებად წარმოჩენით.

რეგიონში ზოგადი ცინიზმი არსებობს და ადამიანებს, რომლებიც პრინციპის პოზიციიდან საუბრობენ, ან მატყუარებს უწოდებენ ან - სულელებს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ისინი პრინციპული ადამიანები არიან მთელ რეგიონში, მათ სჭირდებათ ხმა და სამწუხაროდ ამ პრინციპების მქონე ადამიანებს არ აქვთ ხმა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად.

ვხედავთ, რომ მთავრობები და პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ ყველა სახის არადემოკრატიული საშუალების გამოყენებით. შესაძლოა, ახლა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის დრო დამთავრებულია, მაგრამ არჩევნების მოპარვა კვლავ შეიძლება ადამიანების დეზინფორმირებით იმის თობაზე, თუ რა არის მთავარი პრობლემები.

თუმცა, ამავე რეგიონში ბევრი რამაა ისეთი, რაც არ არის ჩვეული: მაგალითად ის, რომ ავტორიტარიზმი არ არის სტაბილური. შეუძლებელია ის დიდხანს გაგრძელდეს. თუკი ხალხი ასეთ ლიდერებს რეალურად არ ეთანხმება, არ უჭერს მხარს, ისინი დიდხანს ვერ მართავენ. რაც უფრო დიდხანს და ამგვარად, მანდატის გარეშე მართავენ ასეთი ხელისუფალნი, უფრო მეტად იყენებენ მძიმე, ძალადობრივ და არალეგიტიმურ საშუალებებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, და ამავე დროს მით უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ მათ. საბოლოოდ კი ისინი ვერ გაიმარჯვებენ.​

სად არის საქართველოს ადგილი ამ რუკაზე? როგორია მისი გამორჩეული თუ სხვების მსგავსი გამოწვევები დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით?

იცით, ქართველებს არ უყვართ ამის მოსმენა, მაგრამ ისინი საუკეთესონი არიან ცუდ სამეზობლოში, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი საუკეთესონი არიან [ზოგადად, დემოკრატიის კუთხით]. საქართველო კონკურენციას უწევს, ეჯიბრება უკრაინას, სომხეთს, მოლდოვას. მაგრამ მათ სურთ, რომ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან იყვნენ შედარებულნი ეს მესმის.

თუმცა, ქვეყანას ბევრი წინსვლაც აქვს. საზოგადოება უაღრესად განახლებულია; თუკი მოქალაქეებს დღის ახალი ამბების გაგება სურთ, აქვთ წვდომა ამ ინფორმაციაზე, შეუძლიათ მოიძიონ და მიიღონ ზომები საკუთარი თავის ინფორმირებისთვის, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მედია გარემო საქართველოში პოლარიზებულია. არ არის არცერთი ტელევიზია, რომელსაც მე სრულად და აბსოლუტურად ვენდობოდი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს, არა მხოლოდ 10-15 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც სტატიების სათაურებში ხვდებიან და ყველა მათ მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოებად, არამედ რეალურად ასობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაში მთელ ქვეყანაში.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყველაზე წარმატებული ისტორია აქვს, რადგან ყველაზე ბნელ დროსაც, შევარდნაძისა და სააკაშვილის ადმინისტრაციის ისეთ პერიოდშიც, როდესაც დემოკრატიის სხვა ნაწილები წინ არ მიიწევდა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც ყვაოდა. და ეს არასდროს ყოფილა სრულად შესუსტებული. ახლა ნამდვილად გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების 30-წლოვანი ისტორია, რაც რეალურად უნიკალურია, რადგან ამას ვერ ვხედავთ სხვა ქვეყნებში.

მაგრამ რას იტყვით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე?

ოპტიმიზმის საფუძვლის მომცემი ასპექტებიდან კი საქართველოში იმ აქტივიზმს და აქტივისტებს გამოვყოფდი, რომლებიც არავისთან არ არიან დაკავშირებულნი, არც პოლიტიკურ პარტიებთან და არც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ისინი არ იღებენ ფულს, რომ მათ „გრანტიჭამიების“ იარლიყი მიაწებონ, ისინი დამოუკიდებელნი არიან, არ ახსოვთ წინა მთავრობის „ბრძოლები“ და არც მისი დაბრუნების ეშინიათ. ამავე დროს, ეს არ აფერხებს მათ მზაობას, რომ არ მიიღონ ის დღევანდელობაც, რაც არ მოსწონთ.

როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტზე, პოლიტიკურ პარტიებზე - ყველა ამ სფეროში ბევრი პრობლემაა. ვფიქრობ, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია, სადაც ერთი მხრივ მოსახლეობა იმედგაცრუებულია მოქმედი ხელისუფლებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საჭიროებებს. იმედგაცრუება, გაღიზიანება იზრდება, და ამავე დროს ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, რომელსაც სააკაშვილის მთავრობის ცუდ დროებთან ასოცირდება მათთვის. იმის ნაცვლად კი, რომ რაღაც ახალი შეიქმნას, ხალხში აპათია და ცინიზმი, იმედგაცრუება და სიბრაზეა. ეს არაა კარგი არცერთი ქვეყნისთვის.

მე პირადად იმედიანად ვარ განწყობილი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ, რომ ვნახავთ მეტი პოლიტიკურ პარტიის შემოსვლას (პარლამენტში) და მათ არც ისე ბევრი, მაგრამ თავისი ამომრჩევლები ეყოლებათ. საბოლოოდ შეიძლება დაიწყოს ალტერნატივების განვითარება ამ „ორ ჯგუფს შორის არჩევანის“ მიღმაც, რომლებსაც ქვეყანაში პოპულარული მხარდაჭერა აღარ აქვს.

სასამართლო სისტემაში ვფიქრობ, ბევრი რეფორმა იყო გატარებული და ზოგი მათგანი წარმატებული იყო, მაგრამ ამავე დროს, გასული წლის პროცესი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე, იდეალურისგან შორს იყო. არ მგონია, რომ მოსახლეობასა და ექსპერტებში ახლა არის მოსაზრება, რომ სისტემა ამჟამად ნაკლებ პოლიტიზებულია, ვიდრე ადრე იყო. არ მინდა რომელიმე კონკრეტული ჯგუფი რამეში დავადანაშაულო, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, კვლავ არის პრობლემები. როგორ უნდა გაუმკლავდე ამ სამართლიანობის დეფიციტს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუმპირებულნი არიან და არალეგალურად ფულის კეთებას განაგრძობენ?მათ არაფერი ემართებათ, ან თუკი ესხმიან თავს, შემდეგ ეს პოლიტიკური თავდასხმაა, რადგან ყველა რაღაც პოლიტიკურ ფრაქციასთანაა დაკავშირებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება იმედგაცრუებულია, გაბრაზებულია, რომ შედეგებს ვერ იღებს. უნდა ყოფილიყო ერთგვარი გარდამავალი პერიოდი 2012 წლის შემდეგ, როდესაც საზოგადოება შეთანხმდებოდა იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო სამართალი მანამდეც კი, სანამ სრულად გარდაიქმნებოდა სასამართლო სისტემა. მაგრამ ეს პოლიტიკურად შეუძლებელი იყო და არ მოხდა. ახლა კი ხალხი კვლავ იმედგაცრუებულია სამართლიანობის ნაკლებობით. და არც ახალი მოსამართლეებისგან ელიან შველას.

სამართალი უნდა აღსრულდეს ყველასთვის, და ყველას გამოძიება უნდა შეიძლებოდეს. ამავე დროს, ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიზებული სასამართლოსა ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხალხისთვის ძნელია ენდოს და დაიჯეროს, რა მოხდა სინამდვილეში.

ყველა ტელევიზია ამ ქვეყანაში რომელიმე ჯგუფს უკავშირდება, და როგორც ვთქვი, არცერთ მათგანს ცალკე არ ვენდობოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი ჟურნალისტია ქვეყანაში, ერთ-ერთი საუკეთესო, გაწვრთნილი, საინტერესო პროფესიონალები რეგიონში, მაგრამ[მათ]არ ეძლევათ პროფესიონალიზმის გამოვლენის პლატფორმა. ესეც იმედს უცრუებს მათ და სევდიანია ქვეყნისთვისაც.

„გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ ამ ანგარიშში, ისევე როგორც ყოველწლიურ მსოფლიო ანგარიშშიც, შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო საქმეებზეა საუბარი. საქმე ეხება ხაზარაძისა და უგულავას საქმეებს. იზიარებთ ამ შეშფოთებას?

ვფიქრობ, სამწუხარო ისაა, რომ ორივეს, უგულავასაც და ხაზარაძესაც ასე ვთქვათ, დიდი ისტორია აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, ხაზარაძემ პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იმისთვის დააანონსა, რომ გამოძიება აერიდებინა თავიდან თუ იმის გამო დაიწყეს გამოძიება, რომ მან ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. ეს არ გვეცოდინება არასდროს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართალი უნდა აღსრულდეს ყველასთვის, და ყველას გამოძიება უნდა შეიძლებოდეს. ამავე დროს, ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიზებული სასამართლოსა ხანგრძლივი ისტორია აქვს, ხალხისთვის ძნელია ენდოს და დაიჯეროს, რა მოხდა სინამდვილეში.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, როდესაც ქართულ სასამართლოში დადებითი ცვლილებები ხდებოდა, შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო, სადაც ის ზოგიერთ კომპრომისზე თანახმა იყო და აქ, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში გარკვეული დაკვირვების საშუალებას იძლეოდა. ეს 20-25 წლიანი პროცესია, დამოუკდიებელი სასამართლო ერთ ღამეში არ იქმნება. სააკაშვილის მთავრობამ რეალურად შევარდნაძის დროინდელი თავისუფალი მოსამართლეებიც კი გაათავისუფლა და ისინი უფრო პოლიტიზებული და დამოკიდებული ხალხით ჩაანაცვლა. ეს დიდი ტრაგედია იყო. 2012 წლის ბოლოს კი, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა სათავეში, მათ ალბათ არ უნდოდათ იგივე შეცდომის გამეორება, ძველი მოსამართლეების სრულად ჩანაცვლება, მაგრამ ამავე დროს მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ძალა, რომ მრავალწლოვანი სასამართლო რეფორმის პროცესი დაეწყოთ, რასაც დიდი ხანი სჭირდება ნდობის ასაშენებლად.

მჯერა, რომ შესაძლებელია სასამართლოს რეფორმირება, არა ერთ წელიწადში, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით, შეფასებით, რეალური შემოწმებით, შერჩევითი სამართლის შემთხვევაში მისი გამოვლენის რეალური მცდელობით იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. ვფიქრობ, ბევრი სამუშაოა გასაწევი პროკურატურაშიც, რომლის რეფორმირებასაც არაფერი უშლის ხელს, გარდა პოლიტიკური ნებისა.

ამ წლის ანგარიში ერთ საინტერესო ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას - ოპოზიციონერთა მიერ პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტირებაზე და მასში მონაწილეობაზე უარის თქმაზე როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. იქვე განმარტებულია, რომ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო რამ დემოკრატიული პროცესისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე საქართველოს კონტექსტში?

მგონია, რომ საქართველოში ორივე მხარე მონაწილეობს ერთგვარ პოლიტიკურ თეატრში. ერთი მხრივ, ვფიქრობ, პოლიტიკური თეატრი იყო ის, რომ ქართულ ოცნებას, პარტიას არ ჰქონდა იმდენი გავლენა საკუთარ უმრავლესობაზე იმისთვის, რომ მათ უკან არ დაეხიათ პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერისგან, ისევე როგორც პოლიტიკური თეატრი იყო ამ ბოიკოტის, დემონსტრაციების ნაწილი და ბევრი სხვა რამ, რაც მეორე მხარეს ხდებოდა.

მე არ ვარ ამ კონკრეტული ანგარიშის ავტორი, მაგრამ ჩემი აზრი შემიძლია გითხრათ: მე არ მჯერა, რომ ზოგადად, პოლიტიკური პროცესის ბოიკოტირება კარგი აზრია. ვფიქრობ, დისკუსიის პრევენცია და თავიდან არიდება პრობლემის მოგვარების კარგი გზა არ არის, შენს ოპონენტებთან უნდა დაჯდე და მოაგვარო საკითხი. მაგრამ, მგონია, რომ საქართველოში ორივე მხარე მონაწილეობს ერთგვარ პოლიტიკურ თეატრში. ერთი მხრივ, ვფიქრობ, პოლიტიკური თეატრი იყო ის, რომ ქართულ ოცნებას, პარტიას არ ჰქონდა იმდენი გავლენა საკუთარ უმრავლესობაზე იმისთვის, რომ მათ უკან არ დაეხიათ პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერისგან, ისევე როგორც პოლიტიკური თეატრი იყო ამ ბოიკოტის, დემონსტრაციების ნაწილი და ბევრი სხვა რამ, რაც მეორე მხარეს ხდებოდა. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ეს ესმის და ამას ხედავს. ეს არის ის, რაც საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ. არ შეიძლება ელოდო, რომ ხალხს სამუდამოდ გაასულელებ. საბოლოოდ, ეს არ არის ის გზა, რომლითაც არჩევნებს მოიგებ, ეს არ არის ნამდვილი, გულწრფელი, ჯანსაღი. ვფიქრობ, სანდოობას ყველა მხარე კარგავს იმის გამო, როგორც იქცევიან. მე ვფიქრობ, საბოლოოდ, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამიტომ ვნახავთ ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენას.

„ფეისბუქმა“ სულ რამდენიმე დღის წინ, ასობით ანგარიში გააუქმა, რომლებიც ერთი მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ პირსა და მის მედიაპლატფორმას უკავშირდებოდა. რამდენად დიდი გამოწვევა შეიძლება ეს იყოს ქართული დემოკრატიისთვის და რამდენად დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს საკითხი?

ერთ-ერთი ის საკითხი, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აერთიანებს, ნამდვილად არის დეზინფორმაცია და რა თქმა უნდა, უკვე არსებული მაგალითები იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია [ამგვარად] საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში გამიზნულად ასუსტებს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესს. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში.

მაგრამ ვხედავთ იმას, რომ პოლიტიკური ინტერესების ჯგუფები ამ ქვეყნებში ასევე იყენებენ დეზინფორმაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მე არ ვიცი ამ კონკრეტული საქმის დეტალები, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხი კრიტიკული იყოს იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის განსხვავებული პროგრამები და პროექტები, რომლებიც მოსახლეობის მედია-წიგნიერების გაზრდას, მისთვის ინფორმაციის წყაროების ამოცნობის სწავლებას და სხვა ტრენინგებს ითვალისწინებს, რათა ის სხვადასხვა მიზნით გავრცელებული დეზინფორმაციით არ გაასულელონ. თუკი დემოკრატიაში (დემოკრატიულ პროცესში) მონაწილეობა გვსურს, უნდა ვიცოდეთ, რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. არ მინდა, რომელიმე მხარისკენ თითი გავიშვირო ამ კონკრეტულ გარემოებებში, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს საინფორმაციო ლანდშაფტი ჯანსაღისგან შორსაა.

ანგარიშში ულტრა-მემარჯვენე, ექსტრემისტი ჯგუფების აქტიურობა და დასავლეთში მსგავს ჯგუფებთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხიც მოხვდა. ემუქრება ამგვარი იდეები და ჯგუფები ამ ქვეყნებში დემოკრატიას?

სამწუხაროდ არ შემიძლია კონკრეტული თანამშრომლობების ან მხარდაჭერის შესახებ ვისაუბრო, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ ასეთი რამ არსებობდეს. როგორც დემოკრატიის მხარდამჭერები ახერხებენ, რომ ვირტუალურად შეხვდნენ ერთმანეთს, ალბათ მათაც შეუძლიათ და შეეძლოთ ვირუსამდეც ამის კეთება.

თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები არც საქართველოში და არც სომხეთში დომინანტები არ არიან. ისინი ერთგვარად დანაწევრებული, „განაპირა“ ჯგუფებია, რაც კარგია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთ ჯგუფებსაც კი დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ ვხედავთ მაგალითად უკრაინაში, რომ ამგვარი ჯგუფები არ არიან დომინანტები, არ აქვთ პოლიტიკური ძალა და გავლენა, მაგრამ მათ შეუძლიათ შეზღუდონ, შეუძლებელი გახადონ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სხვა ადამიანებისთვის, შეუძლიათ ეროვნული უმცირესობები, ლგბტ თემის წევრები, ქალები თუ სხვა ჯგუფების წევრები დააშინონ, ხელი შეუშალონ მათ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისკენ. ისინი რეალურ ზიანს იწვევენ და შეუძლიათ რეალური ზიანი გამოიწვიონ საქართველოსა და სომხეთშიც. ამიტომ მათ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათით შეიძლება მანიპულირებდნენ და რეალურად ბევრი ასეთი ჯგუფი სინამდვილეში მითია. კი, შეიძლება ზოგი მართლაც დამოუკიდებელია, გაერთიანებაა ულტრა-მემარჯვენე იდოლოგიის, პრინციპების მქონე ადამიანებისა, რომლებსაც არ ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი მათგანი პოლიტიკური აქტორების ხელში იარაღია. ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენება კი პოლიტიკური მიღწევებისთვის, ვფიქრობ ძალიან უპასუხისმგებლო და საშიშია. არავის ვადანაშაულებ რომ ამას აკეთებს, მაგრამ ვამბობ იმას, რომ ასეთი ჯგუფები შეიძლება იყოს ინსტრუმენტი და ამაზე უნდა ვწუხდეთ.

ახლა, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებშიც, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების მედიაციით შეთანხმებამდე მივიდა?

საქართველოს ხელისუფლებას უნდა დავუფასოთ კოვიდზე ის რეაგირება, რის დაფასებასაც იმსახურებს, მაგრამ არც მისთვის ოპოზიციასთან დიალოგში მონაწილეობის შეწყვეტისთვის და არც ოპოზიციის მიერ ამ დიალოგის არგაგრძელებისთვის გამართლება არ არსებობს.

როგორც მსოფლიოში პრაქტიკულად ყველამ დაინახა, კარანტინის ღონისძიებები, რომლებიც კოვიდ-19-ის შესაზღუდადაა საჭირო, არ გამორიცხავს ადამიანების ჩართულობასა და მუშაობას. ამ დროსაც კი უამრავი რამის კეთებაა შესაძლებელი. მე და თქვენ ახლა ამ ინტერვიუზეც საკუთარი სახლებიდან ვმუშაობთ და ჩვენი საუბარი ისეთივე აქტიურია და თანამონაწილეობითი, ისეთივე ეფექტური, როგორიც ჩვენს ოფისებში იქნებოდა. და იგივე სიმართლეა აბსოლუტურად ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანაზე.

არ არსებობს გამართლება იმის სათქმელად, რომ ბოდიში, ახლა პანდემიის გამო ყურადღება სხვა რამეს ეთმობა. არა, შეგიძლიათ სახლში დარჩეთ, უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამ პროცესის გაგრძელებას ხელს არაფერი უშლის. საქართველოს ხელისუფლებას უნდა დავუფასოთ კოვიდზე ის რეაგირება, რის დაფასებასაც იმსახურებს, მაგრამ არც მისთვის ოპოზიციასთან დიალოგში მონაწილეობის შეწყვეტისთვის და არც ოპოზიციის მიერ ამ დიალოგის არგაგრძელებისთვის გამართლება არ არსებობს.

საქართველო თანამედროვე, დინამიკური, 21-ე საუკუნის ქვეყანაა ბევრი პოლიტიკური პრობლემით. მაგრამ ეს პრობლემები არ არის გადაულახავი, და ამისთვის ქართველ ხალხს ბევრი რესურსი აქვს, ბევრი შესაძლებლობა. კეთილი ნების მქონე ადამიანებისთვის კი ყოველთვის, კვლავ არის როლი შესასრულებელი. მე მიყვარს საქართველო, ამიტომ ვსაუბრობ მასზე ამდენს, დიდი იმედი მაქვს საქართველოს მომავლის და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG