ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების" კანონპროექტი ჩააგდო


პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 წინააღმდეგი იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ მაგიდებთან, შემდეგ კი ტრიბუნასთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გაიწვევდნენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩასაგდებად მიმდინარე სხდომის პარალელურად, აქცია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოსთან. მოქალაქეები ზეიმობდნენ გამარჯვებას, რომელიც ხალხმრავალმა აქციებმა მოიტანა.

XS
SM
MD
LG