ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადუროს დღეები დათვლილია - მაიკ პომპეო


შაბათს, ვენესუელის რამდენიმე სასაზღვრო ქალაქში ოპოზიციის წევრებს და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ მადუროს დღეები დათვლილია. "ზუსტი თარიღის თქმა ძნელია. დარწმუნებული ვარ, ვენესუელის ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ მადუროს დღეები დათვლილი იყოს" - უთხრა დღეს პომპეომ ტელეკომპანია "სი-ენ-ენს".

მომხდარი დაგმო ევროპის კავშირმაც. "ვგმობთ არმიის შენაერთების გამოყენებას შუამავალი მშვიდობიანი მოქალაქეების და კანონმდებლების წინააღმდეგ, ვინც ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისთვის არის მობილიზებული" - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ, ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

23 თებერვალს ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა ძალებმა ოპოზიციის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მადუროს განკარგულების მიუხედავად, ჰუმანიტარული ტვირთი ქვეყანაში არ შემოეშვათ, ოპოზიცია შეეცადა საბარგო მანქანებიდან ჰუმანიტარული ტვირთი გადმოეზიდა და დაერიგებინა. უსაფრთხოების ძალებმა მანქანებს ცეცხლი მოუკიდეს.

მომხდარი დაპირისპირების გამო, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დაღუპულია 2-დან 4-მდე ადამიანი. უფლებადამცველების მიერ "ტვიტერზე" გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

"დღევანდელი მოვლენები მაიძულებს მივიღო ფორმალური გადაწყვეტილება და საერთაშორისო საზოგადოებას მივმართო: ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ვუზრუნველვყოთ" - დაწერა "ტვიტერზე" ოპოზიციის ლიდერმა და ქვეყნის გარდამავალმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ.

შაბათსვე, მოგვიანებით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის ხუან გუაიდოსთან შეხვედრას გეგმავს. მხარეებს შორის მოლაპარაკება ორშაბათს, ვენესუელის მოსაზღვრე ქვეყნის, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იგეგმება, სადაც ვიცე-პრეზიდენტი რეგიონულ ლიდერებს ხვდება. პენსმა შესაძლოა ვენესუელაზე ახალი სანქციები გამოაცხადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG