ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი ბერბერები


ბერბერები ჩრდილოეთ აფრიკის უძველესი ხალხია და მათ საუკუნეების განმავლობაში შეძლეს საკუთარი ენის და თვითმყოფადობის შენარჩუნება

ლიბიაში მომხდარმა რევოლუციამ ქვეყნის სამხრეთში მცხოვრები უმცირესობის ბერბერების წინაშე ახალი რეალობები წარმოშვა. ბერბერების სოფლიდან დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი არკვევდა.

ბერბერების სოფელი სახელად იეფრენი ქვეყნის სიღრმეში მდებარეობს. სოფელი მშრალი და მტვრიანია. შარშანდელი ლიბიური რევოლუციაც სწორედ აქედან დაიწყო, როდესაც პირველი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. მიზეზი ის იყო, რომ ყოფილი დიქტატორის კადაფის უშიშროებამ ბერბერების ერთადერთი საინფორმაციო წყარო - რადიო დახურა. რადიო არხი ახლა ისევ ძველებურად მუშაობს. ასევე იგეგმება მაუწყებლობა ბერბერულ, ანუ როგორც ადგილობრივები ამბობენ ამაზიღურ ენაზე.

ლიბიის ამაზიღური ახალგაზრდული ასამბლეის დამფუძნებელი საიდ ჰენშირი ამბობს, რომ ბერბერებს დანარჩენი ლიბიელების მსგავსად თავისუფლება მოსწონთ. თუმცა, ის ამბობს, რომ მათ ახალი მთავრობის მიმართ ახალი მოთხოვნები აქვთ.

„ჩვენ გვსურს ჩვენი ენის და კულტურის სრული უფლებები, რომელიც ადრე მარგინალიზებული იყო. ჩვენ გვსურს ზუსტად ისეთივე მოპყრობა, როგორიც დანარჩენი ლიბიელების მიმართ არსებობს და არა როგორც უმცირესობის მიმართ,“ - ამბობს ჰენშირი.

ბერბერები ჩრდილოეთ აფრიკის უძველესი ხალხია. საუკუნეების განმავლობაში მათ შეძლეს საკუთარი ენის და თვითმყოფადობის შენარჩუნება და ასევე იქცნენ არაბული კულტურის ნაწილად.
საიდ ჰენშირი ამბობს, რომ ბერბერებს არ სურთ ლიბიაში სპეციალური სტატუსი. მათ სურთ მხოლოდ აღიარება, რომ რევოლუციამ ხუნდებისგან ისინიც ისევე გაათავისუფლა როგორც დანარჩენი ლიბიელები.

„ჩვენ ერთმანეთთან სისხლით ვართ დაკავშირებული. როდესაც ლიბიელები რევოლუციის დროს თავს სწირავდნენ, ბერბერების და არაბერბერების სისხლი ერთად იღვრებოდა,“ - ამბობს ჰენშირი.

ის „ამერიკის ხმას“ თავისი მეგობრის ტრადიციულ ბერბერულ სახლში ესაუბრა. მასპინძელი ბილგასემ ალი მაადი ამბობს, რომ კადაფის დროინდელ პოლიციას არ მოსწონდა, როდესაც ტურისტები მისი სახლით და ბერბერული ტრადიციებით ინტერესდებოდნენ. თუმცა, ეს უკვე წარსულია. დღეს ბერბერული დროშა და გერბი, ლიბიურ დროშასთან ერთად სოფლის თავზე ფრიალებს. ადგილობრივებიც საკუთარ კულტურაზე და ეროვნულ იდენტობაზე ამაყად და თავისუფლად საუბრობენ.
XS
SM
MD
LG