ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი დევნილების პესიმიზმი


როცა უკრაინის აღმოსავლეთში სამთავრობო შენობები პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა დაიკავეს, ბევრ უკრაინელს სახლის დატოვება და გაქცევა მოუხდა. ორი წლის, დასავლეთის უმკაცრესი სანქციების და ორი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ომი მათთვის ჯერ არ დასრულებულა. დევნილებს შინ მალე დაბრუნების იმედი თანდათან ეწურებათ.

ვიქტორია ვასილევსკაიასთვის კიევში ერთი რიგითი დილა გათენდა. კიდევ ერთი დღე დევნილობაში, მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ლუგანსკში მშობლიური სახლის დატოვება და შორს გადახვეწა მოუწია. ქალაქი ახლა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს უკავიათ.

“დაახლოებით დილის 4 საათისთვის მეგობარმა დამირეკა და მითხრა: ვიქტორია, ახლა ძალიან საშიში სიტუაციაა, შეიარაღებული მანქანები შემოდიან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ მეჩვენებოდა, რომ ორიოდ კვირაში ყველაფერი ისევ თავის ადგილზე დალაგდებოდა, მიწყნარდებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა” - ყვება ვიქტორია.

იმ დღეს ის ქმართან და შვილებთან ერთად გაიქცა და იმ მილიონ ოთხასი ათასამდე ადამიანს შორის მოხვდა, ვისაც კონფლიქტის გამო თავშესაფრის ძებნა კიევში მოუწია. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ვიქტორიაც ბედს თანდათან ეგუება. ის დერმატოლოგია, მაგრამ სამსახური სხვა სპეციალობით იშოვა.

ვიქტორია დევნილების ცენტრში დონბასიდან და ყირიმის რეგიონებიდან ჩამოსულებს ეხმარება. ამბობს, რომ ყოველდღიური შეხება ადამიანების სოლიდარობასთან და სიკეთესთან, ამ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების ძალას აძლევს. მაგრამ რას ფიქრობს ვიქტორია ლუგანსკში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

“ეს კითხვა ერთი წლის წინ რომ დაგესვათ, გეტყოდით, რომ ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს. ძალიან სწრაფად მოვემზადებოდი გასამგზავრებლად და ნებისმიერ მომენტში მზად ვიქნებოდი. ნახევარი წლის წინ - ეჭვი შემეპარებოდა, მაგრამ მაინც დავიჯერებდი. ახლა? ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წელი გაივლის, სანამ იქ დავბრუნდებით” - ამბობს ვიქტორია.

დახმარების თხოვნის ანკეტები მათ ცენტრში ყოველდღიურად შემოდის. ისინი კონფლიქტის ზონიდან არიან და თან რა თქმა უნდა, თან დიდი შოკი და ძლიერი ტრავმა ჩამოიტანეს.

“არავის მოგვაფიქრდებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით ასეთ კოშმარს, რომ ამგვარი ომი ჩვენში საერთოდ შესაძლებელი იყო. რატომ არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით, რომ ასეთი ბედი არ გველოდა” - ეს ვიქტორ ტუკიალოა, აღმოსავლეთ უკრაინიდან ჩამოსული დევნილი. ვისაც არ უნდა გაესაუბროთ ამ ცენტრში, ყველა გეტყვით, რომ შინ დაბრუნების იმედი უკვე აღარ აქვთ.

“პირველი პირობა, რის გამოც დაბრუნებაზე ვიფიქრებდით, ის იქნება, რომ იქ უკრაინის კონტროლი აღდგეს” - ამბობს ვიქტორია.

მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებები დღესაც გრძელდება და ომს შეწყვეტის არანაირი ნიშანი არ ეტყობა. დევნილები ახალ რეალობას თანდათან ეჩვევიან და ფიქრობენ, რომ შინ სიტუაციის ნორმალიზებას რამდენიმე წელი მაინც დაჭირდება, თუ ეს საერთოდ, როდესმე გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG