ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება ლონდონში


ლონდონში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება ბერვი სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების ყველაზე დიდი თავისტკივილი თამაშების უსაფრთხოდ და ექსცესების გარეშე ჩატარებაა.

ცოტა ხნის წინ ჯგუფი ურბანული მოგზაურების მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ ბრიტანელი სამართალდამცველები საგონებელში ჩააგდო. ვიდეოზე ჩანს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი ლონდონში მდებარე ევროპის ყველაზე მაღალ შენობაში წინააღმდეგობის გარეშე შეიპარა. ჯგუფი აცხადებს, რომ მათ კანონის დარღვევა არ უნდათ, უბრალოდ საკუთარი საქმიანობით ცდილობენ პოლიციის ყურადღება იმ სისუსტეებზე გაამახვილონ, რომლებიც შეიძლება ტერორისტებმა გამოიყენონ და ათასობით ადამიანს ზიანი მიაყენონ.

დევიდ რუბენსი ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპანიის პრეზიდენტია. მისი თქმით:

„მათთვის, ვინც უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მუშაობს, ოლიმპიადის დაცვა ყველაზე დიდი თავსატეხია. ამ დროს ჩნდება უამრავი გაუთვლელი პრობლემა, ხშირად ქაოსური სიტუაციის კონტროლი გვიწევს ხოლმე. შენობის უსაფრთხოებას რაც შეეხება, დაცვის მმართველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საკუთარი შენობა დაიცვას.“

უკვე რამდენიმე ჯგუფი აცხადებს იმას, რომ დაცულ შენობებში ისე შესულან, რომ ისინი არავის შეუნიშნავს. სწორედ მგავსი შემთხვევის გამო ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული თამაში ჩაიშალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს შორის ნიჩბოსნობის შეეჯიბრი შეჩერდა.

ტრენტონ ოლდფილდი შუა შეჯიბრში მოულოდნელად ოქსფორდის უნივესიტეტის ნავის წინ გაჩნდა. ოლდფილდის თქმით, მან ეს ელიტური საზოგედოების წესების გასაპროტესტებლად გააკეთა.

ოლიმპიური ოქროს მედალოსანი სერ მეთიუ პინსენტი შეჯიბრის ერთ-ერთი მსაჯი იყო. მისი თქმით:

„ჩემი აზრით, ნებისმიერი შეჯიბრის უპირველესი საზრუნავი ღონისძიების უსაფრთხოებაა. ამაში შედიან როგორც შეჯიბრის მონაწილეები, ასევე თითოეული ადამიანი, რომელიც თამაშებს ესწრება. როგორც კი შევნიშნეთ, რომ წყალში ვიღაც ცურავდა, შეჯიბრი მაშინვე შევწყვიტეთ.“

ამ გამოცდილებამ ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტი შეაშფოთა. ინციდენტის შემდეგ მან განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი იდიოტი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ზაფხულის ოლიმპიადა ჩაიშალოს.

დევიდ რუბენსი ამაზე ამბობს:

„პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ძალიან ძნელია ყველაფრისგან თავის დაცვა. ამის კარგი მაგალითი იყო უნივერსიტეტების ნიჩბოსნობის შეჯიბრი. გარდა ამისა, ბრიტანეთში ბევრი ისეთი ჯგუფი არსებობს, რომლებიც დაბალ-ხარჯიანი, მარტივი და დაბალ-ტექნოლოგიური მეთოდებით საკუთარ საქმიანობაზე საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ესენია, მაგალითად, ცხოველების უფლებათა დამცველი ჯგუფები, გრინპისი, მამები სამართლისათვის და მრავალი სხვა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ყურადღებისთვის.“

ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის მზადება ძირითადად ფართო-მასშტაბიანი ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისკენაა მიმართული. ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 882 მილიონი დოლარი თითქმის გაორმაგდა მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან.

ბრიტანეთის ისტორიაში, წლევანდელი ოლიმპიადისთვის მზადება მშვიდოებიან დროს ყველაზე ფართომასშტაბიანი არასაბრძოლო უსაფრთხოების ოპერაციაა. მიუხედავად ამისა, არსებობს შიში, რომ საკუთარი საქმიანობის მიმართ მხოლოდ ერთი თავდადებული ადამიანი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი შეფერხება და შესაძლოა ქაოსიც კი გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG